5 აპლიკაცია მედიტაციისათვის
დღის განმავლობაში უამრავ სტრესთან, შფოთვასთან და ემოციებთან გვიწევს გამკლავება. ეს სტრესი გროვდება და გვაზიანებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი აქტივობები შეზღუდულია, ხშირად არ გავდივართ გარეთ, არ ვნახულობთ მეგობრებს, და ნაკლებად ვართ დაკავებული იმ საქმიანობით, რომელთაც ჩვენზე თერაპიული ეფექტი აქვთ.
ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დავიწყოთ მედიტაცია, გონება გავათავისუფლოთ და ჩავწვდეთ ჩვენს ემოციებს. დამწყებთათვის მედიტირება და მისი ჩვევად ქცევა შეიძლება რთული იყოს. საბედნიეროდ, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ დაიწყოთ პრაქტიკა, იპოვოთ თქვენთვის საუკეთესო მეთოდი და მიაღწიოთ გონების სიფხიზლეს მართული მედიტაციის სეანსების საშუალებით.
Headspace
Headspace ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა მედიტაციისათვის. მოკლე, მართვადი მედიტაციების საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ პრაქტიკა, გადააქციოთ ჩვევად და დროთა განმავლობაში თანდათან გაზარდოთ მედიტაციის დრო. აპლიკაციას აქვს დადებითი და სახალისო ანიმაციები, რაც გვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ მედიტაციის არსს.
Headspace-ს კვლევებზე დაყრდნობით შექმნილი მედიტაციების უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მედიტაცია თქვენი მიზნებიდან გამომინდარე. ამ თვალსაზრისით აპლიკაცია არაჩვეულებრივია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილებისთვისაც. შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, ბუნების ხმებს, ზღაპრის სიუჟეტებსა და მედიტაციის გზამკვალევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად შეძლოთ პრაქტიკა. მისი დახმარებით შეძლებთ იპოვოთ სიმშვიდე, შეამციროთ შფოთვა და სტრესი, გაიუმჯობესოთ ფოკუსი და უკეთ გეძინოთ. აპლიკაციას დამხმარე ხელსაწყოები აქვს, მაგალითად ახალი ფუნქციის perceived stress scale-ის საშუალებით შეგიძლიათ გაზომოთ სტრესის დონე და ნახოთ, როგორ იცვლება ის თვიდან თვემდე.
ამასთანავე, აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად დაკავდეს მედიტაციით ლაივ რეჟიმში.
თვიური ღირებულება: 12.99$
წლიური ღირებულება: 69.99$
The Mindfulness
The Mindfulness – აპლიკაცია საუკეთესოა დამწყებთათვის, ვისაც მედიტაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. აპლიკაცია მოიცავს ხუთდღიან შესავალ კურსს მღვიძარებაში/გონებრივ სიფხიზლეში (mindfulness). აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ დაკავდეთ 3-დან 30-წუთამდე ჩუმი ან მართვადი მედიტაციით. შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ დრო მედიტაციისთვის, რათა ყოველ დღე ერთი და იგივე დროს დაიწყოთ პრაქტიკა და გამოიმუშაოთ მედიტაციის ჩვევა.
The Mindfulness მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მედიტაციებს სთავაზობს: სტრესთან გამკლავებისთვის, მშვიდი ძილისათვის, სხეულის მოდუნებისთვის, ფოკუსის გაუმჯობესებისათვის და სხვა. შეგიძლიათ სასურველი ვიდეოები შეინახოთ ფავორიტებში, რათა მოგვიანებით მარტივად იპოვოთ. აპლიკაცია საშუალებას იძლევა შეარჩიოთ ფონური მუსიკა ტალღების, წვიმის, ტყის, მდინარისა და სხვა ხმებიდან.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ თქვენი მედიტაციის ყოველკვირეული მიმოხილვა, რამდენი დრო დაუთმეთ პრაქტიკას, რამდენი სესია გააკეთეთ და რა კურსები გაიარეთ. ის ასევე გიგზავნით შეტყობინებას დღის განმავლობაში, რათა დარჩეთ ფოკუსირებული.
თვიური ღირებულება: 9.99$
წლიური ღირებულება: 59.99$
Calm
Calm ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპია მედიტაციისათვის. აპლიკაციაში შეგიძლიათ ნახოთ დამამშვიდებელი სავარჯიშოები, ვიდეოები სუნთქვის ტექნიკის შესახებ და სხვადასხვა ტიპის მედიტაციები, რომლებიც დაგეხმარებათ დამშვიდებასა და მოდუნებაში.
Calm არა მხოლოდ მედიტაციაში, არამედ გონებრივ სიფხიზლეშიც დაგეხმარებათ. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დააფიქსიროთ როგორ გრძნობთ თავს, რაც გეხმარებათ უკეთ გაერკვიოთ თქვენს გრძნობებსა და განცდებში. ამასთან ერთად, აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მოუსმინოთ მასტერკლასებს, რომლებიც გვაცნობს იმ გამოწვევებს, რომელთაც შეიძლება გადავაწყდეთ ჯანსაღი და ცნობიერი ცხოვრების წესის დანერგვისას და გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ მათ.
აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ როგორ ვგრძნობთ თავს დღის განმავლობაში, ღამით კი უკეთესი ძილისთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ სტივენ ფრაისა და მეთიუ მაკკონაჰის მიერ წაკითხულ მოკლე ზღაპრებს.
თვიური ღირებულება: 14.99$
წლიური ღირებულება: 69.99$
Sattva
Sattva სხვა აქ ჩამოთვლილი აპლიკაციებისაგან განსხვავებული აპია, რომელიც დაფუძნებულია ვედური მედიტაციის პრინციპებზე. აპლიკაცია მოიცავს მედიტაციებს, საგალობლებსა და მანტრებს, რომლებიც გადმოცემულია სანსკრიტი მეცნიერების მიერ. აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მოუსმინოთ ავთენტურ მედიტაციებს სასურველი დროის განმავლობაში. შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ფლეილისთები ან გამოიყენოთ უკვე მზა სიები. აპლიკაცია ასევე საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ პროგრესს და ჩაიწეროთ თქვენი აზრები მედიტაციის დროს.
თვიური ღირებულება:12.99$
წლიური ღირებულება: 49.99$
MyLife Meditation
MyLife Meditation აპლიკაცია მთლიანად ეფუძნება თქვენს ემოციებს და საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიგოთ ისინი. აპლიკაციაში შესვლისას შეგიძლიათ მიუთითოთ რას გრძნობთ მოცემულ მომენტში, ის თავად შემოგთავაზებთ მედიტაციების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თქვენს ემოციებს. ამ მედიტაციების საშუალებით შეძლებთ შეამციროთ სტრესი, ისუნთქოთ სწორად, მართოთ თქვენი ემოციები და სხვა. აპლიკაცია ასევე გვთავაზობს იოგასა და აკუპრესურის (წერტილოვანი მასაჟი) ვიდეოებს.
თვიური ღირებულება: 9.99$
წლიური ღირებულება:58.99$
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post 5 აპლიკაცია მედიტაციისათვის appeared first on Bloomin.