სახის ბუნებრივი ნიღბის რეცეპტები და მათი მომზადების ოქროს წესი – ქეთო გიორგობიანი
ნუ ვიწუწუნებთ, მაგრამ ფაქტია, სირთულეებით და გამოწვევებით სავსე წელიწადი გავიარეთ. სხვა უცნაურობებთან ერთად, რამდენიმე სიტყვამაც სრულიად ახლებური მუხტი შეიძინა და ალბათ, დიდ ხანს ვეღარაფერი შეცვლის მათ გარშემო დამკვიდრებულ ასოციაციებს.
ასე მაგალითად, რა იყო თქვენთვის აქამდე ნიღაბი? ჯიმ ქერის საკულტო ფილმი, ადამიანის ბუნების შეფარვის ალეგორიული სიმბოლო, კარნავალი და გართობა, თუ თავის მოვლისა და განტვირთვის საუკეთესო თანხვედრა ? პირადად ჩემთვის, ყველაფერი ჩამოთვლილი – ოღონდ 2020-მდე. ჰოდა, სანამ პანდემიას, მასკნეს და კომენდანტის საათს დავიწყებას მივცემთ, მანამ ამ სიტყვასთან დაკავშირებული არც ისე დადებითი ემოციები აუცილებლად ჩვენთან დარჩება და ისევ ჩვენი ამოცანაა, მას უკეთესი მნიშვნელობა დავუბრუნოთ.
მით უმეტეს, რომ ქართულ ახალ წელს (რომელიც განსხვავებით დანარჩენი მსოფლიოსგან, მინიმუმ 2 კვირას გასტანს ხოლმე), მოხარშული ნიგვზისა და ტაფაზე ოდნავ მიმწვარი თაფლის გემრიელ სურნელთან ერთად, დამძიმებული ნაღვლის ბუშტი, უძილობისგან გადაღლილი სხეული, მოდუნებული კანი და გამონაყარი მოყვება ხოლმე. სწორედ ამ დროს გვახსენდება სიტყვა “ნიღაბი” თავისი ძველი, კეთილი მნიშვნელობით და სახლში ჯდომისა თუ დაკეტილი მაღაზიების ეპოქაში თვითშემოქმედების ადგილიც მეტი რჩება. გთავაზობთ რამდენიმე ოქროს წესს, რაც უსაფრთხოების დაცვასა და უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
წესი #1 – რითიც კანს კვებავ, იჭმევა?
მეტნაკლებად პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ეს ოქროს წესი ბუნებრივი კოსმეტიკის ამოსავალი წერტილია. ჩვენი სხეული ინელებს იმ ნივთიერებებს, რითაც მას ვკვებავთ – იქნება ეს შინაგანი თუ გარეგანი გამოყენებით. ამიტომ DYI ნიღბის მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, საგულდაგულოდ გაწმენდილი ინგრედიენტები.
წესი #2 – იცი, რამდენად ალერგიული ხარ შემადგენლობის მიმართ?
თუკი რომელიმე ინგრედიენტზე საკვებში მიღებისას ალერგია გაქვთ, უდიდესი ალბათობით, იგივე ეფექტს მიაღწევთ მისი კანზე დადებითაც. თუმცა გირჩევთ, ე.წ. patch test ნებისმიერი DYI პროდუქტის გამოყენებამდე გაიკეთოთ.
წესი #3 – მოიხმარეთ პროდუქტი დამზადებისთანავე
DYI პროდუქტები საუკეთესო ბაზაა მიკრობების გასაღვივებლად. ამიტომ, ეცადეთ, თქვენი პროდუქტი ყოველი გამოყენების წინ ახლიდან დაამზადოთ.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტით დამზადებული ნიღბების რეცეპტებს, მათ გამოყენებამდე კი ერთი კეთილი რჩევა:
- გაყინეთ საღი მაღალცხიმიანი რძე ყინულის კუბებში და წრიული მოძრაობებით გადაისვით დილაობით სახეზე და თვალების გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს მოგიხსნით შეშუპებას, გამოაფხიზლებს და დაარბილებს კანს, დაეხმარება ანთებით პროცესებს დაშოშმინებაში და მოგანიჭებთ მსუბუქი დაჭიმვის ეფექტს.
ნიღაბი გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად:
- 1 ჩ/კ თაფლი / მცენარეული გლიცერინი / ალოე ვერას წვენი (თუკი სახლში ეს ჯადოსნური მცენარე გაქვთ, მოტეხეთ ერთი ფოთოლი და გამოწურეთ მისი სასწაულმოქმედი ელექსირი)
- 1 ჩ/კ წილი ქოქოსის ზეთი (თუ თხილოვანი ზეთების მიმართ ალერგიული ხართ, ჩაანაცვლეთ ზეითუნის ან ყურძნის წიპწის ზეთით)
- ¼ მწიფე ბანანი
- 1-2 წვეთი ვარდის ან ლავანდის ზეთი
აურიეთ ინგრედიენტები შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
ნიღაბი კანის ბზინვარების აღსადგენად:
- 1 ჩ/კ კაკაოს პუდრი (მინარევების გარეშე)
- ¼ მწიფე ხურმა
- 1 ს/კ მცენარეული გლიცერინი ან ნატურალური თაფლი
აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. გადაინაწილეთ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. თაფლი და გლიცერინი მოიზიდავს ჰაერში არსებულ ტენიანობას, ამასთანავე დაარბილებს კანს; ხილის ნაყოფში არსებული ანტიოქსიდანტები კი უკეთ იმოქმედებს, სანამ კაკაოს წმინდად დაფქული პუდრი ნაზად მოგაშორებთ ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს.
ნიღაბი აკნესთან საბრძოლველად:
- 1 ს/კ ახლადდაწურული ალოე ვერას ფოთლის წვენი
- 1 ჩ/კ კურკუმას პუდრი
- ½ ჩ/კ ხმელი დაფქული პიტნა
- 1 ჩ/კ ყურძნის წიპწის ზეთი
აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში, გადაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ალოე ვერას წვენი დაამშვიდებს კანს, კურკუმა და პიტნა კი დაეხმარებიან სიწითლისა და ანთებითი პროცესების დამშვიდებაში, ასევე უზრუნველყოფენ ძალიან მსუბუქ ექსფოლიაციას. ყურძნის წიპწის ზეთი ერთ-ერთი ე.წ. ასტრინგენტი ზეთია, რაც ნიშნავს, რომ ტანინების მაღალი შემცველობა მას კანის გამწმენდ თვისებებს ანიჭებს. მისი დამსახურებით, ფორებში ჩამჯდარი ცხიმი დარბილდება ჩამოიბანება, რაც შეამცირებს შემდგომში მათ გამონაყრად გარდაქმნის ალბათობას.
და ბოლოს – გაიხსენეთ ოქროს წესი #1: კანის სიჯანსაღეს განაპირობებს სხეულის როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი კვება და ნიღბებთან ერთად, სასარგებლო რეცეპტები თქვენს სუფრასაც ძალიან დაამშვენებს.
გილოცავთ 2021 წელს და გისურვებთ, სიტყვა “ნიღაბს” თავის მოვლის იქით ყველა ნეგატიური ასოციაცია 2020-ში დაეტოვებინოს!
ავტორი : ქეთო გიორგობიანი, Káshkash • კაშკაშის დამფუძნებელი
The post სახის ბუნებრივი ნიღბის რეცეპტები და მათი მომზადების ოქროს წესი – ქეთო გიორგობიანი appeared first on Bloomin.