შფოთვის როლი ჩვენს ცხოვრებაში და მასთან გამკლავების გზები

შფოთვის როლი ჩვენს ცხოვრებაში და მასთან გამკლავების გზები

როდესმე გიფიქრიათ, რა მნიშვნელობა აქვს შფოთვას ჩვენს ცხოვრებაში და როდის შეიძლება ის მომწამლავი გახდეს ?

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) შფოთვას განმარტავს, როგორც “ემოციას, რომელსაც თან ახლავს დაძაბულობის შეგრძნება, შემაწუხებელი აზრები და ფიზიკური ცვლილებები, მაგალითად მომატებული არტერიული წნევა.“

შფოთვა ბუნებრივი და ხშირად, ჯანსაღი ემოციაა. ზოგჯერ, ყველა შფოთავს. მაგალითად, შეიძლება ღელავდეთ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემის დროს, ტესტის ჩაბარებამდე ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რატომ გვჭირდება შფოთვა

შფოთვა აუცილებელია თვითგადარჩენისთვის. როდესაც პოტენციურად საფრთხის მომტან სიტუაციაში ვხვდებით, ის ჩვენ მობილიზებაში და ადეკვატურად რეაგირებაში გვეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, შფოთვას აქვს ფუნქცია, შეგვატყობინოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაგალითად, თუ ადამიანი შფოთავს, როდესაც მანქანებით დატვირთულ ისეთ ქუჩაზე გადადის, სადაც არ არის შუქნიშანი, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ის ინსტიქტურად გაიხედება გზის ორივე მხარეს.

როდის გარდაიქმნება შფოთვა პრობლემად?

ზოგჯერ, შფოთვის შეგრძნების ხანგრძლივობა ან სიმძიმე არ არის მისი გამომწვევი მიზეზის ან სტრესის შესაბამისი. მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენის დროს ან რთულ სიტუაციაში შფოთვა, ორგანიზმის ბუნებრივი და საჭირო რეაქციაა, მაგრამ როცა საფრთხე არ არის რეალური ან იმდენად მძაფრი, როგორც ჩვენ ვრეაგირებთ – დროა დავფიქრდეთ.

მთელს მსოფლიოში, შფოთვა წამყვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და ყოველდღიურად, სულ უფრო აქტუალური ხდება. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ კავშირს სოციალურ მედიასა და შფოთვას შორის.

მუდმივი, ყოვლისმომცველი და გადამეტებული შფოთვა, ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. შფოთვის დროს შეიძლება უარი თქვათ სამსახურში ან უნივერსიტეტში სიარულზე, მეგობრებთან შეხვედრაზე ან თავი აარიდოთ სხვა სოციალურ სიტუაციას.

შფოთვა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად:

  • როცა, რაიმე საგნის, სიტუაციის ან აქტივობის მიმართ გადამეტებული შიში გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ჩაკეტილი სივრცის შიში, ცხოველების შიში, ფრენის შიში და ა.შ.
  • როგორც გადამეტებული შიში, რომ სოციალურ სიტუაციაში სხვები განგვსჯიან.
  • როცა ადამიანს განმეორებითი შემაწუხებელი აზრები აწუხებს, რომლებიც აიძულებენ სპეციფიკური, განმეორებითი ქცევები განახორციელოს. ეს შეიძლება იყოს განმეორებითად რაღაცების შემოწმება (გავთიშე თუ არა გაზქურა, ჩავკეტე თუ არა კარი, გამოვრთე თუ არა უთო).
  • სახლისა თუ საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნის შიში. გადამეტებული შფოთვა, რომ თუ ძვირფას ადამიანს ან თუნდაც ცხოველს მარტო დავტოვებთ, მათ რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, ან უბრალოდ, მარტოობის შიში.
  • როცა ადამიანი განმეორებითი პანიკურ შეტევას განიცდის მოულოდნელ სიტუაციაში.
  • ჯანმრთელობის შესახებ შფოთვა. მაგალითისთვის, როცა ადამიანი შფოთავს, რომ  რაიმე დაავადება აქვს და სამედიცინო გამოკვლევა არ არის საკმარისი არგუმენტი იმის დასაჯერებლად, რომ ის ჯანმრთელია.

მას შემდეგ, რაც შფოთვა ნორმალური მდგომარეობიდან დარღვევაში გადაიზრდება, ის ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებას. განსაკუთრებულად მშფოთვარე ადამიანები, ნეიტრალურ სიტუაციას აღიქვამენ როგორც საფრთხის შემცველს და ზედმეტად რეაგირებენ მასზე. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს აღწერს, როგორც “განმეორებადი მომაბეზრებელი ან შემაწუხებელი აზრების” მქონეს.

გადამეტებული შფოთვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა ან ტემპერამენტი, გარემოში არსებული სტრესორები (მაგალითად სირთულეები სამსახურში, ურთიერთობის პრობლემები ან ოჯახთან დაკავშირებული თემები), სამედიცინო ფაქტორები (სხვადასხვა დაავადების სიმპტომები, მედიკამენტების ეფექტი, სტრესი, ინტენსიური საოპერაციო ჩარევა ან დროში გახანგრძლივებული გამოჯანმრთელების პროცესი) და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტრესი შფოთვას უწყობს ხელს და ეს ორი მდგომარეობა, ხშირად გადაიკვეთება. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და ასევე, სტრესი შეიძლება იყოს მასზე პასუხი.

როგორ მოვიქცეთ, თუ მუდმივად ვშფოთავთ?

სტრესთან და შფოთვასთან გამკლავების ეფექტური საშუალება არის ცხოვრების წესის ცვლილება. ყველაზე ბუნებრივი “წამალი” გულისხმობს საკუთარ სხეულზე ზრუნვას, ჯანსაღ აქტივობებში მონაწილეობას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას. ეს მოიცავს:

  • საკმარისი დროით ძილს;
  • მედიტაციას;
  • ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებასა და ვარჯიშს;
  • ჯანსაღ კვებას;
  • ალკოჰოლის შემცირებას;
  • ნაკლები კოფეინის მიღებას;
  • თამბაქოსთვის თავის დანებებას;

თუ ამჩნევთ, რომ ხშირად შფოთავთ და ეს მდგომარეობა ხელს გიშლით ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, უარს ამბობთ სხვადასხვა სიტუაციასა თუ საქმიანობაზე და  შფოთვა ბევრ დროს გაკარგვინებთ, სასურველია ასეთ დროს ფსიქოთერაპევტს მიმართოთ, რომელიც ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ავტორი : ნინი დარსაძე

 

The post შფოთვის როლი ჩვენს ცხოვრებაში და მასთან გამკლავების გზები appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart