რა განაპირობებს ჩვენს ბედნიერებას?

რა განაპირობებს ჩვენს ბედნიერებას?

როდესაც ვსაუბრობთ ბედნიერებასა და ბედნიერ ადამიანებზე, ხშირად გვესმის ორი ძირითადი მოსაზრება:

ბედნიერი ადამიანები ან იბადებიან (გენეტიკით განსაზღვრული), ან უბრალოდ ძალიან უმართლებთ ცხოვრებაში და ამის შედეგად არიან ბედნიერები (გარემოების შედეგი).

იმის მიუხედავად, რომ ამ ორ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ე.წ. ბედნიერების კოეფიციენტი არის განაჩენი, რომელზეც ჩვენ, ფაქტობრივად, არანაირი გავლენა არ გვაქვს.

ბედნიერების საკითხის ერთ-ერთი მოწინავე მკვლევრის, ფსიქოლოგიის პროფესორი სონია ლიუბომირკის (Sonja Lyubomirsky)-ს კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს შორის ბედნიერების კუთხით ვარიაციას განაპირობებს სამი ძირითადი რამ: ბიოლოგია/გენები, გარემო/ცხოვრების მოვლენები და ჩვენი განზრახული ფიქრები და ქმედებები. რა თქმა უნდა, ამ სამ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს ერთმანეთზე და საბოლოო ჯამში, და თითო ადამიანზე ამ სამი ფაქტორის გავლენა ინდივიდუალურია, თუმცა საინტერესოა გავეცნოთ რა იგულისხმება თითოეულ მათგანში.

ადამიანებს შორის ბედნიერების ვარიაციის დაახლოებით 50% არის გენეტიკით განსაზღვრული

ანუ ბედნიერების ე.წ. „პოტენციალი“ მხოლოდ ნაწილობრივ არის გენეტიკაზე დამოკიდებული. მაგალითად,  როგორც ზოგიერთ ადამიანს  შეიძლება უფრო ჰქონდეს მიდრეკილება წონაში მომატებისკენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,  რომ აუცილებლად ექნება წონის პრობლემა, თუკი ყურადღებას მიაქცევს და ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით დაარეგულირებს, ასევე ზოგს უფრო აქვს ბედნიერებისკენ ან დეპრესიისკენ მიდრეკილება, მაგრამ ეს არ არის უცვლელი განაჩენი. ასევე, ჩვენი ტვინი არის ნეიროპლასტიკური, ანუ გააჩნია შეცვლისა და ადაპტაციის უნარი მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოველდღიური, ფიქრებით, ჩვევებით, გადაწყვეტილებებით თუ ცხოვრების წესით შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ჩვენს განწყობაზე.

ადამიანებს შორის ბედნიერების ვარიაციის  დაახლოებით 10% განპირობებულია გარემოებით

რა თქმა უნდა შეგვილია ვივარაუდოთ, რომ ჯანრმთელობა, ბევრი ფული, მაღალი სტატუსი და მსგავსი გარემოებები გავლენას ახდენენ ჩვენს ბედნიერებაზე. თუმცა, ფსიქოლოგიის დარგში უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ რასაც ხშირად აღვიქვამთ ბედნიერების წყაროდ (ბევრი ფული, იდეალური სხეული, პარტნიორი, კარგი სამსახური, ან კონკრეტული ნივთების ქონა, მაგ. ძვირადღირებული მანქანის, კარგი სახლისა თუ ბევრი ტანსაცმლის) რეალურად ნაკლებად და ხანმოკლედ მოაქვს ბედნიერება ვიდრე წარმოგვიდგენია.ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენს ტვინს აქვს გასაოცარი ადაპტაციის უნარი და, როგორც წესი, კარგად ეგუება როგორც ცუდ ისე კარგ მოვლენებს. ამ მოვლენას ფსიქოლოგიაში ჰედონურ ადაპტაციას უწოდებენ. შესაბამისად, ის შეგრძნება რაც გეუფლება ახალ ნაყიდ მანქანაში ჩაჯდომისას, არ და ვერ შენარჩუნდება ერთი თვის და მითუმეტეს, 1 წლის შემდეგ. ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიმართლოს, მხოლოდ გარეგან და მატერიალურ ფაქტორებზე აგებული ბედნიერების კოშკი, საკმაოდ მარტივად და სწრაფად ნგრევადი ხდება.

ხოლო ადამიანებს შორის ბედნიერების ვარიაციის დარჩენილი 40% კი მიზანმიმართული ფიქრების და ქცევის შედეგია! 

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყოველ დღიურ საქციელს, არჩევანს და დამოკიდებულებას შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს ბედნიერებაზე. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს პოზიტიური ფსიქოლოგია უკვე წლებია. არსებობს უამრავი კონკრეტული სავარჯიშო, ჩვევა, მიდგომა რომელიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ზრდის ჩვენს ბედნიერებას. მათ შორის:

მადლიერებამადლიერების გრძნობის გაზრდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ტვინის ნეგატიურ მიკერძოებულობას ნელ-ნელა ანაცვლებს დადებითით და საშუალებას გვაძლევს უფრო მარტივად და სწრაფად დავაფიქსიროთ ის კარგი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

აწმყოზე კონცენტრირება ჩვენი გონება გაფანტულია დაახლოებით 47% დღის განმავლობაში. ეს გაფანტული ფიქრები ხშირად წარსულს ან მომავალს ეხება და სამწუხაროდ ხშირად უარყოფითი სახისაა. მეორესმხრივ, აქ და ახლა ყოფნა , ანუ აწმყოზე კონცენტრირება გვეხმარება შევებრძოლოთ ჩვენი გონების მიდრეკილებას იყოს გაფანტული და გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის უთვალავი დადებითი და საინტერესო მოვლენა, რომელიც ყოველ წამს ხდება ჩვენს ირგვლივ. 

ტკბობაანუ ტკბობა იმ კარგით რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. ხშირად მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრის დროს ვკონცენტრირდებით იმის უნარზე, თუ როგორ გადავლახოთ და გავუმკლავდეთ ცხოვრების სირთულეებს, თუმცა ამის მეორე ბოლოშია იმის უნარი, რომ დავაფიქსიროთ და დავტკბეთ როდესაც თუნდაც პატარა, მაგრამ სასიხარულო რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში.

ფულის გამოცდილებებზე დახარჯვა როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, კვლევები აჩვენებს, რომ ფულის დახარჯვას მოგზაურობაზე და ახალი გამოცდილებების შეძენაზე უფრო ხანგრძილივი ბედნიერება მოაქვს ვიდრე ახალი ნივთების ყიდვას, რადგან თავად ამ პროცესის დროს მიღებული სიამოვნების გარდა შემდეგ ამ ბედნიერი წუთების გახსენება ხელახლა ამ ბედნიერების განცდას მოიცავს.

სიკეთის გაკეთება კვლევები ასევე აჩვენებს, რომ სხვისი დახმარება და სხვისთვის უანგაროდ კეთილი საქმის გაკეთებასაც ბედნიერება მოაქვს, რაც შეგვიძლია საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვით ან თუნდაც მეგობრის ან ოჯახის წევრისთვის რამე სიკეთის გაკეთებით მივიღოთ.

მთავარია გვახსოვდეს, რომ ბედნიერებას არ განაპირობებს მხოლოდ გენეტიკა ან გამართლება, ჩვენს ყოველდღიურ ფიქრებს, ემოციებს და ჩვევებს გავლენა აქვს ჩვენს ბედნიერებაზე და კეთილდღეობაზე, ამიტომ კარგია თუ დროს და ენერგიას მიზანმიმართულად დავუთმობთ იმას, რაც ჩვენთვის სასიკეთო იქნება!

ავტორი : ელენე კვერნაძე

The post რა განაპირობებს ჩვენს ბედნიერებას? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart