რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? რა არის თქვენი რეალური მოტივაცია? – შორენა კიკალეიშვილი
ჩვენ, ადამიანებს, ყველას გვაქვს დიდი თუ პატარა მიზნები. ეს მიზნები შეიძლება ვიღაცისთვის უმნიშვნელო იყოს, ვიღაცისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი. მიზნების მისაღწევად, როგორც წესი აუცილებელია გარკვეული ქმედებების განხორციელება. მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უმოქმედობაც ქმედებაა. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, რატომ ვაკეთებ ამას? რა არის ჩემი ჭეშმარიტი მოტივაცია ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების და ქმედების განხორციელების დროს? ამ კითხვების პასუხზე, ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ორი რამ ახდენს გავლენას – მოტივაციის გარეგანი და შინაგანი ფაქტორები. ორივე ფაქტორს განსხვავებული ეფექტი აქვს ადამიანის ქცევაზე და მიზნებისკენ სწრაფვაზე.
მოდით, ვნახოთ, თუ რას ნიშნავს მოტივაციის შინაგანი და გარეგანი ფაქტორები უფრო კონკრეტულად.
გარეგანი მოტივაციის დროს ჩვენი ქმედების მთავარ მოტივატორს წარმოადგენს რაიმე სახის ჯილდოს მიღება ან ნეგატიური შედეგის თავიდან აცილება. ჩვენ ვახორციელებთ კონკრეტულ ქმედებას არა იმიტომ, რომ ის სიხარულს ან სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ იმიტომ, რომ სანაცვლოდ ველით რაღაცას. ეს რაღაც შეიძლება იყოს როგორც ხელშესახები, ასევე არახელშესახები.
გარეგანი მოტივაციის მაგალითებია:
- სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის მიღება, რომ მოიპოვო გამარჯვებულის სტატუსი;
- იმუშაო იმისთვის, რომ მიიღო ანაზღაურება;
- ისწავლო, რომ მიიღო კარგი ნიშნები.
- სამსახურში შეასრულო დავალება, რომ თავიდან აირიდო საყვედური უფროსისგან.
- დაეხმარო სხვებს, რომ ხალხმა შეგაქოს.
- იყიდო ბოლო მოდელის მანქანა, რომ აიმაღლო სოციალური სტატუსი.
შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში ჩვენი ქმედების მთავარ მოტივატორს წარმოადგენს თავად კეთების პროცესი და არა, რაიმე სახის ჯილდო. ასეთ დროს მიზნისკენ სწრაფვა არის დაკავშირებული ჩვენს ინტერესებთან, მისწრაფებებთან, ღირებულებებთან და ფასეულობებთან. შინაგანი მოტივაცია გამომდინარეობს პიროვნების თვითგამორკვევის თანდაყოლილი და ორგანული მოთხოვნილებიდან, რომლის დროსაც ხდება სამი ძირითადი ფსიქოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილება. ესენია:
- ავტონომია: საჭიროება, რომ იგრძნო დამოუკიდებლობა მიზნების დასახვისა და ქმედებების განხორციელების დროს.
- კომპეტენცია: საჭიროება, რომ განავითარო კომპეტენცია, რაც ხდება სწავლით და ახალი უნარების ათვისებით, ან არსებულის გაუმჯობესებით.
- კავშირი: საჭიროება, რომ იგრძნო კავშირი სხვა ადამიანთან ან მიკუთვნებულობა ადამიანების ჯგუფთან, სადაც მიღებული ხარ ისეთად, როგორიც ხარ.
შინაგანი მოტივაციის მაგალითებია:
- სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის მიღება, რადგან თვითონ პროცესი გსიამოვნებთ, სახალისოა და არა გამარჯვებისთვის თამაში.
- ახალი უცხო ენის სწავლა, რადგან გიყვართ სიახლეები, გინდათ განვითარდეთ და არა იმიტომ, რომ ამას სამსახურში გთხოვენ.
- დროის გატარება ვინმესთან ერთად, რადგან ეს სასიამოვნოა და არა იმიტომ, რომ ეს თქვენს სოციალურ სტატუსს გაზრდის.
- მოხალისეობა, რადგან გრძნობ შინაგან კმაყოფილებას და არა იმიტომ, რომ ეს სამსახურში ან სკოლაში მოგთხოვეს.
- სახლის დალაგება, რადგან გსიამოვნებს სისუფთავის შეგრძნება და არა იმიტომ, რომ აირიდო საყვედურები ოჯახის წევრებისგან.
- ვარჯიში, რადგან გიყვარს გამოწვევები, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების დატესტვა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წონაში დაიკლო.
- ხატვა, რადგან თვითონ პროცესი სიმშვიდეს და ბედნიერებას განიჭებს და არა იმიტომ, რომ შემდეგ გაყიდო ნახატი.
რომელია ამ ორი ფაქტორიდან უფრო ეფექტური მიზნის მისაღწევად და შესანარჩუნებლად?
მიზნის მისაღწევად ეფექტურია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ფაქტორი. ორივე შემთხვევაში მოტივირებული ხარ რომ მიაღწიო მიზანს, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ შენარჩუნებაზე, აქ აშკარა უპირატესობა აქვს შინაგანი მოტივაციის ფაქტორს.
წარმოიდგინეთ, მუშაობთ, კვლევას აწარმოებთ ფიზიკის დარგში, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ ანაზღაურებას გიხდიან და არა იმიტომ, რომ პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა. თუ ანაზღაურებას აღარ გადაგიხდიან, თქვენც აღარ იმუშავებთ. გაქრება თქვენი გარეგანი მოტივაციის ფაქტორი, შესაბამისად, მიზანს ვეღარ მიაღწევთ. ამის მიზეზი კი მარტივია – მოტივაციის გარე ფაქტორი თქვენზე არ არის დამოკიდებული.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ არა მხოლოდ იმიტომ რომ ანაზღაურება მიიღოთ, არამედ იმიტომ რომ ეს საინტერესოა და სიამოვნებასაც განიჭებთ. გსურთ კვლევის შედეგად აღმოჩენა გააკეთოთ, რაც საკუთარი თავის რწმენას, თვითკმაყოფილებას, სიამაყეს და კომპეტენტურობის განცდას მოგანიჭებთ. ანაზღაურება რომ არ/ვერ მიიღოთ, თქვენი შინაგანი მოტივაციის ფაქტორები არსად გაქრება, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში გინარჩუნდებათ მოტივაცია, აღწევთ მიზანს. მიზეზი აქაც მარტივია – შინაგანი მოტივაციის ფაქტორი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენგან გამომდინარეობს.
შინაგანი მოტივაციის ფაქტორის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ, მისი მეშვეობით შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზნებს, რომლებსაც ასევე გარეგანი მოტივაციის ფაქტორებიც აქვს. მაგალითად, თქვენ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, გსიამოვნებთ კონკრეტული ან რამდენიმენაირი სპორტის სახეობაში მონაწილეობის მიღება ან ვარჯიში. ეს ყველაფერი აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და ასევე გარეგნობაზე. თუ თქვენი მოტივაცია იქნება მხოლოდ გარეგანი, ანუ წონაში დაკლება, შეიძლება მიზანი ვერ შეინარჩუნოთ დიდი ხნის განმავლობაში. თუ თქვენი მთავარი მოტივაცია იქნება შინაგანი ფაქტორი, ანუ პროცესით სიამოვნების მიღება, მაშინ თქვენ აუცილებლად აქცევთ ამას ცხოვრების წესად, შესაბამისად შეგინარჩუნდებათ მოტივაციაც და მიღწეული მიზანიც.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ overjustification ეფექტი. ეს ეფექტი სახეზე გვაქვს, როდესაც პიროვნებას ამოძრავებს შინაგანი მოტივაციის ფაქტორი, ჩვენ კი მას არასწორ დროს და არასწორი რაოდენობით ვუმატებთ გარეგანი მოტივაციის ფაქტორს. ასეთ დროს შინაგანი მოტივაცია შეიძლება საგრძნობლად დაეცეს ან საერთოდ გაქრეს.
მაგალითად თუ ბავშვებს სათამაშოებით თამაშისთვის, რაც მათთვის ისედაც სახალისოა, წავახალისებთ დამატებითად, შეიძლება მათი თამაშის მოტივაცია დაეცეს. ამის მიზეზია ის რომ, ადამიანები გარეგან ფაქტორებს მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე შინაგანს. ვფიქრობთ რომ აქტივობაში მონაწილეობა გარეგანი ფაქტორის დამსახურებაა და არა ჩვენი ინტერესებიდან თუ სიამოვნებებიდან გამომდინარე ქმედება. ასევე არის მეორე მიზეზი, როდესაც გვგონია რომ „გვქრთამავენ“, ანუ ქმედებას იმიტომ კი არ ჩავდივართ რომ გვსიამოვნებს, არამედ იმიტომ რომ გვაძალებენ, გარეგანი მოტივაციის ფაქტორების გამოყენებით.
ალბათ არ იქნებ სწორი თუ ასეთ კითხვას დავსვამთ – რომელი უკეთესია, შინაგანი თუ გარეგანი მოტივაციის ფაქტორი?
საქმე კარგში და ცუდში არ არის, ორივეს თავის დანიშნულება აქვს და იმის ცოდნა თუ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, როდის-რომელი გამოვიყენოთ მთელი ხელოვნებაა.
გარეგანი მოტივაციის ფაქტორის გამოყენება შედეგიანია როდესაც გვინდა ვინმეს შევასრულებინოთ კონკრეტული დავალება. ამ ფაქტორის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება რთულ და უინტერესო, მოსაწყენ საკითხს.
როდესაც შინაგანი მოტივაციის ფაქტორი იმატებს, შეგვიძლია გარეგანი მოტივაციის ფაქტორების ნელ-ნელა ჩამოშორებაც.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი შინაგანი მოტივაციის ფაქტორის გააქტიურებაში:
- ეცადეთ საქმეში და სხვადასხვა აქტივობებში ეძებოთ მხიარულება, ხალისი ან რაიმე სხვა, რაც თქვენს ჩართულობას ხელს შეუწყობს.
- ფოკუსირდით თქვენს ღირებულებებზე და იპოვნეთ აზრი იმაში რასაც აკეთებთ. რა არის თქვენი ქმედების მიზანი და წარმოიდგინეთ როგორ ეხმარებით ამით სხვებს.
- დაუსახეთ გამოწვევები და მიღწევადი მიზნები საკუთარ თავს. ფოკუსირდით თქვენი უნარების გაუმჯობესებაზე და არა თვითონ მიზანზე.
- ჩამოწერეთ ის რისი კეთებაც გიყვართ ან სულ გინდოდათ რომ გეკეთებინათ. როდესაც დრო გექნებათ, აირჩიეთ ერთ-ერთი სიიდან და გააკეთეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შთაგონების ნაკლებობას განიცდით.
- სანამ საქმის კეთებას დაიწყებთ, ვიზუალურად და შეგრძნებების დონეზე გაიხსენეთ ბოლოს როდის დაგეუფლათ სიამაყის და თვითკმაყოფილების შეგრძნება. ამ შეგრძნებებზე კონცენტრირდით და შეუდექით საქმეს.
ორივე, შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ფაქტორი, არის ადამიანების ქმედებების მთავარი წამყვანი და მამოძრავებელი ძალა. მათ შორის რამდენიმე ძირეული სხვაობაა, რომელთა ცოდნაც, შემდეგ კი სწორ დროს და შესაფერის სიტუაციაში ადეკვატურად გამოყენება უფრო მარტივად მიგვაღწევინებთ სასურველ მიზანს.
ავტორი : შორენა კიკალეიშვილი
The post რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? რა არის თქვენი რეალური მოტივაცია? – შორენა კიკალეიშვილი appeared first on Bloomin.