რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ყოველდღე

რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ყოველდღე

გქონიათ შემთხვევა, როდესაც მხატვრული ლიტერატურის კითხვისას თავს დამნაშავედ გრძნობთ? ასეთ დროს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შეეძლო დრო უფრო პროდუქტიული საქმიანობისთვის დაეთმო, მაგალითად წაეკითხა სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო წიგნები. თუ მათ რიგს მიეკუთვნებით, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს!

ნეირომეცნიერებებმა დაადგინეს, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა დადებითად მოქმედებს ჩვენს ტვინზე და აუმჯობესებს ტვინის ნეიროპლასტიურობას. ეს ეხმარება ტვინს უკეთ ისწავლოს, შეინახოს მოგონებები, ახალი გამოცდილებები და ადაპტირდეს ცვალებად გარემოში

რატომ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ჩვენზე დადებითად

რატომ მაინცდამაინც მხატვრული ლიტერატურა? როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ტვინი განსხვავებულად რეაგირებს მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურაზე

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტვინის სკანირებისას აღმოაჩინეს, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს ადამიანები ქმნიან იმ გამოსახულების, ხმის, მოძრაობისა და გემოვნების ინტენსიურ, გრაფიკულ სიმულაციას, რომლებიც მათ ნარატივში ხვდებათ. ეს ნიშნავს, რომ კითხვისას ტვინი ისევე რეაგირებს წაკითხულზე, როგორც რეალურ მოვლენაზე, თითქოს მკითხველი თავად მონაწილეობს ამბავში. 

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის კითხვა საუკეთესო საშუალებაა ცოდნის დასაგროვებლად, მაგრამ ის უძლურია, როდესაც საქმე ემოციური ინტელექტის განვითარებას ეხება. მხატვრული ლიტერატურის კითხვისას ჩვენ ვავარჯიშებთ და ვაძლიერებთ რამოდენიმე განსხვავებულ კოგნიტურ კუნთებს, რომლებიც ემოციური ინტელექტის საფუძველია. 

მხატვრული ლიტერატურის კითხვა აძლიერებს ემპათიის უნარს 

როდესაც ვკითხულობთ, ჩვენ ვცხოვრობთ პერსონაჟის ცხოვრებით, მასთან ერთად ვვითარდებით და ვიცვლებით. ვსწავლობთ როგორ შევხედოთ მოვლენებს სხვისი პერსპექტივიდან, ნაკლებად განვსჯით პერსონაჟს. ეს გვასწავლის როგორ ვიყოთ მეტად ემპათიურები ნამდვილ ცხოვრებაში. ასევე, გვეხმარება გავიაზროთ სხვა ადამიანების ემოციური მდოგმარეობა, რაც აუცილებელი თვისებაა ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. 

მხატვრულ ლიტერატურასა და ემპათიის უნარს შორის კავშირის ერთერთი საუკეთესო მაგალითი ჯოან როულინგის ჰარი პოტერია. 2014 წელს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები ჰარი პოტერის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად თანაუგრძნობდნენ ემიგრანტებს, ლტოლვილებსა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. ამავე წელს ჩატარებულმა სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ემპათიის გრძნობა არ იცვლება, როდესაც ვკითხულობთ სამეცნიერო ტექსტებს ან მხატვრული წიგნის მოკლე შინაარს. 

გვეხმარება არ გამოვიტანოთ ნაადრევი დასკვნები 

როგორც წესი, ადამიანებს არ გვიყვარს ბუნდოვანება. ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მალე გამოვიტანოთ დასკვნა და აღმოვფხვრათ გაურკვევლობა. ამას ფსიქოლოგიური ტერმინიც აქვს  – Cognitive closure, რაც აღნიშნავს ადამიანის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პასუხი და არ იყოს გაურკვევლობაში. ამას კი ხშირად ნაჩქარევ და არასწორ დასკვნებამდე მივყავართ. კვლევების თანახმად, მათ ვინც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს ნაკლებად აქვს ამისკენ მიდრეკილება, რამდენადაც კითხვა გვეხმარება გავუმკლავდეთ ამ მოთხოვნილებას, ვიყოთ ღია ახალი ინფორმაციის მიმართ და შევიცვალოთ აზრი. 

ასე იმიტომ ხდება, რომ ლიტერატურის კითხვა მოითხოვს შენელებას, დიდი მოცულობის ინფორმაციის ნელ-ნელა გადამუშავებას და კითხვასთან ერთად აზრის შეცვლას. ლიტერატურაში ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ხშირად წიგნის წაკითხვის შემდეგ დასასრული ბუნდოვანია, ყველაფერი დამოკიდებულია მკითხველის პერსპექტივაზე. მაგალითად, ნაბოკოვის ლოლიტას კითხვის დროს მთხრობელი ჰუმბერტ ჰუმბერტი საზიზღარ ადამიანად წარმოგვიდგება. მიუხედავად ამისა, ჩვენ იძულებულები ვართ განვიცადოთ სამყარო მისი თვალთახედვიდან და გავიაზროთ თუ როგორ ფიქრობს ის. ეს კარგი სავარჯიშოა იმისთვის, რომ ვისწავლოთ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, გავუმკლავდეთ გაუკვევლობის შეგრძნებას და არ გვქონდეს პასუხის მიღების მოთხოვილება. 

ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევის თანახმად მხატვრული ლიტერატურის კითხვა ზრდის ტვინის უნარს მიიღოს და გადაამუშაოს ახალი ინფორმაცია. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ ნაკლებად აქვთ მოთხოვნილება დაასრულონ გაურკვევლობის შეგრძნება და შეუძლიათ მარტივად შეიცვალონ აზრი, როდესაც ახალი ინფორმაცია მიეწოდებათ.

მხატვრული ლიტერატურის კითხვას სხვა ბევრი სარგებელი აქვს. მაგალითად,  კითხვა გვეხმარება ვიყოთ მეტად კრეატიულები და გონებაგახსნილები, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკა და გავაუმჯობესოთ მახსოვრობის უნარი, ის ასევე ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას. 

მხატვრული ლიტერატურის კითხვა გვაქცევს უკეთეს ადამიანად, მეგობრად, მეწყვილედ თუ თანამშრომლად. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს: ”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”. 

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ყოველდღე appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart