რას ნიშნავს “გადაწვა” და როგორ ავარიდოთ მას თავი?

რას ნიშნავს “გადაწვა” და როგორ ავარიდოთ მას თავი?

Burnout იგივე “გადაწვა” არის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის მდგომარეობა, რომელიც გადაჭარბებული ან ხანგრძლივი სტრესით არის გამოწვეული. 

ეს არის შედარებით ახალი ტერმინი, რომელიც 1974 წელს ჰერბერტ ფრაუდენბერგერმა აღწერა როგორც “მოტივაციის ჩაქრობა”. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ის განმარტა როგორც სინდრომი, რომელიც ქრონიკულ სამსახურეობრივ სტრესთან არის დაკავშირებული. აქ არ იგულისხმება აუცილებლად ოფისში მუშაობა. საქმე ეხება ნებისმიერი ტიპის თავდაუზოგავ შრომას. მაგალითად, სახლში ბავშვების მოვლას, სახლის დალაგებს და ა.შ.

რა ნიშნები ახასიათებს “გადაწვას” ?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გადაწვა არის მდგომარეობა, რომელსაც შემდეგი კომპონენტები აქვს: გადამეტებული გაღიზიანებულობა, ცინიზმი, განცალკევება, არაეფექტურობისა და რაღაცების მიუღწევლობის შეგრძნება. 

“გადაწვის” ზოგიერთი ნიშანია:

  • მუდმივად დაღლილ/დაქანცულ მდგომარეობაში ყოფნა. შეგრძნება, თითქოს ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული ხართ. სხვა ფიზიკური სიმპტომები შეიძლება იყოს თავისა და მუცლის ქრონიკული ტკივილი, მადისა და ძილის ჩვევის ცვლილებები. 
  • იზოლირება. სოციალიზაციისთვის თავის არიდება, მეგობრების ნახვაზე უარის თქმა, ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან მინიმალური კომუნიკაცია.
  • ფანტაზიები, რომლებშიც ყველაფრისგან გაქცევას ცდილობთ. მუდმივი სურვილი, რომ მარტო წახვიდეთ დასასვენებლად და ყველაფერს მოწყდეთ. განსაკუთრებით, მძიმე გადაწვის მდგომარეობის შემთხვევაში, შეიძლება მუდმივად გინდოდეთ ალკოჰოლის მიღება ან გადაჭარბებულად ჭამა.
  • გაღიზიანებულობა. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაციის სირთულე მარტივად გაღიზიანების გამო, იქნება ეს მათი ხუმრობა, რომელიმე ნათქვამი თუ ქცევა. ისეთი ბუნებრივი და ყოველდღიური სტრესორების აუტანლობა, როგორიც არის შეხვედრისთვის მომზადება, ბავშვების სკოლაში წაყვანა ან სახლის საქმეების კეთება.
  • ხშირი ავადობა. გადაწვას, ისევე როგორც სხვა გრძელვადიან სტრესს, იმუნური სისტემის დაქვეითება შეუძლია. შესაბამისად, დამახასიათებელია უფრო მარტივად გაციება, გრიპის შეხვედრა. უძილობა, დეპრესია და შფოთვაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მახასიათებელი. 

რა ფაზებისგან შედგება “გადაწვა”?

“გადაწვა” მომენტალურად არ გვემართება. არსებობს რიგი სიმპტომებისა, რომელიც ამ მდგომარეობამდე ჩნდება და რომლებიც ძალიან ჰგავს დეპრესიას. 

ფსიქოლოგებმა მისი გამოწვევის 12 ფაზა გამოყვეს, რომელიც თითქოს უწყინარი მდგომარეობით იწყება და შემდეგ მძაფრდება:

  1. საჭიროზე მეტი ამბიციურობა. გადამეტებულად მიისწრაფვით რომელიმე მიზნისკენ ან გაქვთ ზედმეტად დიდი ამბიცია. როდესაც ახალ სამსახურს იწყებთ ან ახალ დავალებას უნდა შეუდგეთ, ზედმეტმა ამბიციურობამ შეიძლება გადაწვამდე მიგიყვანოთ.
  2. ფიქრი, რომ არასაკმარისად მუშაობთ. საკუთარი თავისგან უფრო და უფრო მეტი მუშაობის მოთხოვნა გიჩნდებათ.
  3. საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფა. ძილზე, ვარჯიშზე, თავის მოვლასა და კარგად კვებაზე უარს ამბობთ.
  4. შინაგანი კონფლიქტის სხვაზე გადატანა. იმის ნაცვლად, რომ გააცნობიეროთ რამდენად ბევრს სთხოვთ საკუთარ თავს,  სხვებს ადანაშაულებთ იმ მოთხოვნებში, რომლებიც თქვენს მიმართ არსებობს. მაგალითად, სამსახურში ადანაშაულებთ უფროსს, რომელიც ძალიან ბევრის გაკეთებას გთხოვთ ან კოლეგებს, რომ ისინი პრობლემებს გიქმნიან.
  5. საქმისგან თავისუფალი დროის არ ქონა. ვერ უთმობთ დროს ისეთ საქმიანობას, რომელიც უბრალოდ სიამოვნებას განიჭებთ და არ არის დაკავშირებული მუშაობასთან.  
  6. უარყოფა. საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, სხვებს ადანაშაულებთ, არაკომპეტენტურად, ზარმაცებად და ზედმეტებად აღიქვამთ.
  7. ადამიანებთან ჩამოშორება. თანდათან შორდებით მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს, ღონისძიებებზე წასვლაზე უარს ამბობთ. 
  8. ცვლილებები ქცევაში. შეიძლება გახდეთ უფრო აგრესიული და უხეშად მოექცეთ სხვას. 
  9. ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. ცხოვრებისგან მოწყვეტილად გრძნობთ თავს, თითქოს მისი კონტროლი აღარ შეგიძლიათ.
  10. შინაგანი სიცარიელე ან შფოთვა. თავს ცარიელად გრძნობთ და შფოთავთ. ისეთ ქცევებს ეძებთ, რომლებიც თქვენში ამაღელვებელ ემოციებს გამოიწვევენ, მაგალითად წამლის მოხმარება, აზარტულ თამაშებში ჩართვა.
  11. დეპრესია. ცხოვრება აზრს კარგავს და თავს უიმედოდ გრძნობთ. 
  12. მენტალური ან ფიზიკური კოლაპსი. ვეღარ უმკლავდებით მდგომარეობას და ფსიქიკური ან სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო.

როგორ უნდა გაარჩიოთ, უბრალოდ დაძაბული თვე გაქვთ თუ “გადაწვის” გზას ადგახართ?

თქვენს თავს დაუკვირდით. ცოტაოდენი ადრენალინის განცდა ნორმალურია და ისიც, რომ ზოგჯერ მთლიანად რაღაც პროექტში გადაერთოთ. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულების შემდეგ მაინც ვერ ისვენებთ, შესაძლოა გადაიწვათ. 

როცა განგრძობითად სტრესს და შფოთვას განვიცდით, რომლისგან გათავისუფლების საშუალებაც არ გვაქს, მაშინ ჩვენ ვინაცვლებთ “გადაწვის” მდგომარეობაში. 

როგორ შეიძლება გადაწვისგან თავის არიდება?

  • ერთმანეთისგან გამიჯნეთ სამუშაო და დასვენების დრო;
  • აიღეთ შვებულება;
  • გაიჩინეთ ჰობი და კვირაში ერთხელ, სულ ცოტა დრო მაინც დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას; 
  • ეცადეთ, უფრო ხშირად ეკონტაქტოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს;
  • იყავით საკუთარი თავის მიმართ უფრო ლმობიერი და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას;
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
  • თავს მოდუნების საშუალება მიეცით: დაკავდით იოგათი ან მედიტაციით, გააკეთეთ სუნთქვის სავარჯიშოები. 
  • ფიზიკურად დაიტვირთეთ;
  • ეცადეთ ჯანსაღად იკვებოთ, არ მიიღოთ პროდუქტი, რომელშიც მაღალი რაოდენობით არის შაქარი, კოფეინი და არაჯანსაღი ცხიმები; 
  • დაარეგულირეთ ალკოჰოლის რაოდენობა და მოერიდეთ ნიკოტინს;

გახსოვდეთ, რომ იდეალური არაფერია და რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ყველაფრის კონტროლი; საკუთარ თავს, თქვენზე კარგად ვერავინ გაუფრთხილდება. რეალურად, დასახული მიზნების მიღწევას და მწვერვალების დაპყრობას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ საკუთარ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით და ბალანსს შეინარჩუნებთ.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რას ნიშნავს “გადაწვა” და როგორ ავარიდოთ მას თავი? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart