პიროვნული თვისებების დიდი ხუთეული – ფსევდო მეცნიერება თუ სარწმუნო ტესტი?

პიროვნული თვისებების დიდი ხუთეული – ფსევდო მეცნიერება თუ სარწმუნო ტესტი?

ინტერნეტი სავსეა პერსონალური ტესტებით, დაწყებული სახალისო ტესტებით, მაგალითად, “რომელი ყველი ხართ”? დამთავრებული მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორით, რომელსაც ზოგიერთ კომპანიაში დამსაქმებლები იყენებენ კანდიდატების შესაფასებლად. პერსონალური ტესტები საინტერესოა, სახალისოა და მიჩვევასაც კი იწვევს. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა უსარგებლოა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად პიროვნული თვისებების დიდი ხუთეულის ტესტი.

თვისებების დიდი ხუთეულის შექმნის ისტორია

პიროვნული თვისებების დიდი ხუთეულის ტესტი ეფუძნება დიდი ხუთეულის მოდელს (Big Five personality traits). მის შექმნაში მრავალმა დამოუკიდებელმა მკვლევარმა შეიტანა წვლილი. მათ შორის გორდონ ოლპორტმა და ჰენრი ოდბერტმა, რომელთაც 1936 წელს ჩამოაყალიბეს პიროვნული მახასიათებლების 4500 ტერმინისგან შემდგარი სია. მათმა მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა სხვა ფსიქოლოგებს პიროვნების ძირითადი პარამეტრების დადგენას.

40-იან წლებში რეიმონ კეტელმა და მისმა კოლეგებმა ოპორტის სია 16 მახასიათებლამდე დაიყვანეს. ფსიქოლოგების მიერ მისი შესწავლის შემდეგ, ეს სია კიდევ 5-მდე შემცირდა. საბოლოოდ შეიქმნა 5 მახასიათებლის მოდელი, რომელიც შეიცავს ხუთ პერსონალურ თვისებას:  ღიაობა, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია, თანხმობისთვის მზაობა და ნეიროციტიზმი.

რას მოიცავს ტესტი 

ინტერნეტში ტესტის სხვადასხვა ვარიაციაა გავრცელებული. ზოგიერთი მათგანი 30 კითხვისგან შედგება, ზოგი შეიძლება 120 კითხვასაც მოიცავდეს. კითხვები პირდაპირი და მტკიცებითი ფორმითაა მოცემული, მაგალითად, “მე ორგანიზებული ვარ”,  ხოლო პასუხად, როგორც წესი, 5 ვარიანტია: სრულიად ვეთანხმები, ასე თუ ისე ვეთანხმები, ნეიტრალურად ვარ განწყობილი, ასე თუ ისე არ ვეთანხმები, სრულიად არ ვეთანხმები. ტესტი კითხვების პასუხებს აჯგუფებს და მიაკუთვნებს ამა თუ იმ მახასიათებელს.

რას მოიცავს ხუთი დიდი პერსონალური თვისება ?

ღიაობა | Openness 

ღიაობა გულისხმობს გახსნილობას ახალი გამოცდილებების მიმართ. ამ თვისებების მახასიათებლებია ფანტაზია, კრეატიულობა, ინტერესის ფართო სპექტრი, ცნობისმოყვარეობა და შესწავლის სურვილი. ის ადამიანები, რომლებიც ღიაობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან თავგადასავლების მოყვარულნი არიან და სიამოვნებას იღებენ ახალი გამოცდილებებით. ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პერსონალურ სტილს ირგებენ და ბევრი ჰობი აქვთ.

თანხმობისთვის მზაობა | Agreeableness

პიროვნების ეს მახასიათებელი მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ნდობა, ალტრუიზმი, სიკეთე, სიყვარული და სხვა სოციალური ქცევები. ადამიანები, რომლებიც მაღალი თანხმობისთვის მზაობით გამოირჩევნიან უფრო მეტად თანამშრომლობენ სხვებთან. ეს თვისებები ეხმარებათ სოციალიზაციაში ადრეული ასაკიდან.  ასევე, ეს თვისება ხელს უწყობს წარმატების მიღწევას განათლებასა თუ კარიერაში.

კეთილსინდისიერება | Conscientiousness

კეთილსინდისიერება აერთიანებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მზრუნველობა, იმპულსების კონტროლის უნარი, მიზანმიმართული ქცევა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ასეთი ადამიანები ბევრს მუშაობენ და პროდუქტიულები არიან. მეტწილად კონსერვატიული შეხედეულებები აქვთ. თავიანთი ერთგულებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის წყალობით, კარგი, სტაბილური მეუღლეები არიან.

ნეიროტიციზმი | Neuroticism

ნეიროტიციზმი თვისებაა, რომელიც ხასიათდება მწუხარებით, გუნებაგანწყობის ხშირი ცვლითა და ემოციური არასტაბილურობით. ადამიანებს, რომლებშიც ეს თვისება მაღალი მაჩვენებლითაა გამოვლენილი, ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვალებადობა, შფოთვა, გაღიზიანება და მწუხარება.

ექსტრავერსია | Extraversion

ექსტრავერსია გულისხმობს ექსტროვერტობასსამყაროსთან და სოციუმთან ურთიერთობას. ის ხასიათდება კომუნიკაბელურობით, დამაჯერებლობით და მაღალი სოციალიზაციით. ადამიანები, რომელთაც ექსტრავერსიის მაღალი მაჩვენებელი აქვთ კონტაქტურები და კომუნიკაბელურები არიან, ენერგიას სოციუმთან და ადამიანებთან ურთიერთობისას იღებენ.

რას გვეუბნება ტესტის პასუხი

თვისებების დიდი ხუთეულის მთავარი იდეა ისაა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაიმე მახასიათებელი ხუთი თვისებების ჯგუფიდან. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ ჯგუფს განეკუთვნება. შესაბამისად, ტესტი არ ყოფს ადამიანებს 5 კატეგორიად, არამედ უჩენებს მათ თვისებების სპექტრს. ამავე დროს ტესტი ჩვენს მონაცემებს საშუალო სტატისტიკურ მონაცემს ადარებს და ამის მიხედვით გვაძლევს შედეგებს.

სანდოა თუ არა პიროვნული თვისებების დიდი ხუთეულის ტესტი?

თუ კვლევებს დავუჯერებთ პიროვნული თვისებების დიდი ხუთეულის ტესტი  ფსიქოლოგიურ კვლევებსა და მოდელებს ეფუძნება. ამასთანავე, ის გვთავაზობს პიროვნების თვისებების სპექტრს და არა კატეგორიზაციას. პერსონალური ტესტები საინტერესოა თვითშემეცნებისათვის, თუმცა მათი შედეგები აქსიომად არ უნდა მივიღოთ. შედეგები ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განწყობით ვავსებთ ტესტს, რამდენად გულწრფელები ვართ და სხვა. ასეთი ტესტები შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენი თავი და მახასიათებლები.

როგორც წესი, ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ტესტების ყველაზე სანდო ვერსიები გრძელი და ფასიანია. თუმცა, შეგიძლიათ გააკეთოთ მისი მოკლე ვერსია აქ . თუ სურვილი (და დრო) გაქვთ, შეგიძლიათ, გააკეთოთ ამ ტესტის უფრო გრძელი ვერსია, რომელიც ამ ხუთი თვისების გარდა კიდევ დამატებით 40 პიროვნულ თვისების განსაზღვრის შესაძლებლობას მოგცემთ.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post პიროვნული თვისებების დიდი ხუთეული – ფსევდო მეცნიერება თუ სარწმუნო ტესტი? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart