რა არის სწრაფი მოდა და რა გავლენა აქვს მას გარემოზე?

რა არის სწრაფი მოდა და რა გავლენა აქვს მას გარემოზე?

“სწრაფი მოდა უფასო არ არის. სადღაც, ვიღაც მის საფასურს იხდის.”

ლუსი სიგლი

გიფიქრიათ, რამდენ ისეთ სამოსს ვყიდულობთ წლის განმავლობაში, რომელსაც ერთხელ ან ორჯერ ვიცვამთ, შემდეგ კი ხარისხი იმდენად უფუჭდება, რომ პირდაპირი გზით ნაგავსაყრელზე ვუშვებთ? ძირითად შემთხვევაში, ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მასში დაბალი ფასს ვიხდით, რაც შემდგომში ჩვენ მიერ ნივთის მოხმარების ხანგრძლივობაზე აისახება ხოლმე. ყველაფერი ეს “სწრაფი მოდის” ნაწილია – სწორედ იმ მოდის, რომელიც იმდენადვე სწრაფად ცვდება, რამდენადაც მზადდება. 

მარტივად რომ ვთქვათ, სწრაფი მოდა ორიგინალი, პირდაპირ პოდიუმიდან გადმოღებული ტრენდების განმეორებით შექმნილი სამოსი და ნივთებია, რომლებიც დაბალი ხარისხის მასალებით იქმნება და, ლოგიკურად, დაბალი ფასიც აქვს. ამ ტრენდულ სამოსზე კი ადამიანების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბრენდებს უწევთ, პროდუქცია ელვისებური სისწრაფით შეკერონ. მაგალითად, თუკი ადრე ბრენდები 4 სეზონის მიხედვით კერავდნენ ტანსაცმელს, დღეს ისინი მომხმარებლებს 52 მიკრო-სეზონურ პროდუქციას სთავაზობენ. ეს კი ნიშნავს, რომ თითქმის ყოველკვირეულად იცვლება კოლექცია. ბრენდები ცდილობენ, მომხმარებელს რაც შეიძლება ბევრნაირი მოდელი შესთავაზონ და რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ სიახლის განცდა არ დაეკარგოთ. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი H&M და Forever21 თითქმის ყოველდღიურად იღებენ ახალ ნაწარმს მანამ, სანამ Topshop თავის ვებსაიტზე ყოველკვირეულად 400-მდე ახალ სტილს სთავაზობს მომხმარებლებს. 

ალბათ სწორი იქნება, თუკი სრაფ მოდას სწრაფ კვებას შევადარებთ. სწრაფი კვებაც ხომ დაბალი ხარისხის, ორგანიზმისთვის მავნე საკვებს გვთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად. ისევეა მოდაც – სამოსი, რომელსაც ვყიდულობთ ისევე აზიანებს ჩვენს ორგანიზმს, როგორც ბუნებას.  

და მაინც, რა ზეგავლენა აქვს სწრაფ მოდას გარემოსა და ჩვენზე?

სწრაფი მოდის ყველა ელემენტი: ტრენდის რეპლიკაცია, სწრაფი წარმოება, დაბალი ფასები, მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც გარემოზე, ისე მომხმარებლებსა და წარმოებაში ჩართულ ადამიანებზე. 

მსგავსი ბრენდები პროდუქციის წარმოებისას იყენებენ ტოქსიკურ ქიმიკატებს, ჯანმრთელობისთვის საშიშ საღებავებსა და სინთეტიკურ ქსოვილებს. ამგვარი პროდუქციის სახლში გარეცხვითა თუ უბრალოდ წარმოების პროცესში გამოყენებული სითხის მეშვეობით ეს ნივთიერებები საბოლოოდ წყალში ხვდება. მათი წყალში მოხვედრით კი ზიანდება როგორც წყლის, ისე ხმელეთის ბიომრავალფეროვნება. 

გარდა ამისა, ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 11 მილიონი ტონაა ტანსაცმელი იყრება. ეს ნარჩენები კი, ტყვიით, პესტიციდებითა და უამრავი სხვა ქიმიკატებითაა სავსე. აქედან გამომდინარე, ისინი თითქმის არასოდეს იშლება და თავისუფლად აგრძელებს ამ ტოქსიკური ქიმიკატების ჰაერში გამოყოფას. 

კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგებიან ის ადამიანები, ვინც ამგვარი პროდუქციის წარმოებაში იღებს მონაწილეობას. ფაქტობრივად, მათ ყოველდღიურად, საათობით უწევთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან ასე ახლოს ყოფნა. ფაქტობრივად, მწარმოებლებს პროდუქციის წარმოება საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. 

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი მოდის ინდუსტრიაში, ძირითადად, ირღვევა მუშახელის უფლებებიც. გარდა იმისა, რომ ბრენდები მსგავს სიტუაციაში უსაფრთხოების ნორმებს არ უზრუნველყოფენ, ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი ბრენდები მინიმალურ ხელფასებს უხდიან თანამშრომლებს. 

რა კეთდება ზოგადად და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, ცალკეულმა ინდივიდებმა ამ რისკების შესამცირებლად?

სწრაფი მოდის საპირისპიროდ, დღეს უკვე საკმაოდ აქტუალური ხდება ე.წ “ნელი მოდის” მოძრაობა, რომლის მთავარი ღირებულებებიც სწორ წარმოებას, ბუნებრივი მასალების გამოყენებას, გამძლე სამოსის შექმნასა და მუშახელის უფლებების დაცვას ეფუძნება. მეორენაირად ამგვარ მოდას “შეგნებულ მოდასაც” უწოდებენ, რადგანაც ის ცდილობს საზოგადოებაში ეთიკური ნორმები დაამკვიდროს, აამაღლოს სოციალური და ეკოლოგიური ცნობიერება. 

იმისთვის, რომ ჩვენ, ცალკეულმა ინდივიდებმა ხელი შევუშალოთ სწრაფი მოდის რისკებს, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შევისვენოთ სწრაფი მოდისგან:

  1. განაახლეთ/შეაკეთეთ თქვენი ძველი სამოსი და ფეხსაცმელები – თუკი მათ აქამდე უვარგისად აღიქვამდით, კარგად დაფიქრდით, იქნებ მათი განახლებით სრულიადაც შესაძლებელია მათი ჩაცმა?
  2. შეიძინეთ სამოსი მეორად მაღაზიებში – იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთხელ ესტუმროთ სწრაფი მოდის წარმომადგენელ ბრენდს, ამჯერად მეორადი სამოსის შეძენა სცადეთ.
  3. გააჩუქეთ ან გაყიდეთ თქვენი ნივთები – იმისთვის, რომ ისინი დროზე ადრე არ მოხვდნენ ნაგავსაყრელზე და სიცოცხლე გააგრძელონ, გადაეცით ისინი სხვა ადამიანებს. 
  4. აქციეთ ძველი მოდა ახალ მოდად – ანუ, თუკი აქამდე ჯინსს შარვლად ხმარობდით და ახლა ის აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გადაჭრათ და შორტად იხმაროთ. 

იმისთვის, რომ უფრო ეკომეგობრულად შევიმოსოთ, საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი გზა არსებობს. თუმცა, მთავარია ჯერ ის გავიაზროთ, თუ რატომ გვჭირდება ასე მოქცევა. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

The post რა არის სწრაფი მოდა და რა გავლენა აქვს მას გარემოზე? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart