როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა ის ტირის
ტირილი ძლიერ ნეგატიურ თუ პოზიტიურ ემოციებზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა. ცნობილია, რომ ტირილი ამცირებს სტრესს, შფოთვას და ნეგატიური განწყობის დაძლევაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ტირილის მოსმენა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს გარშემომყოფებისათვის, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მას თავისი გამომწვევი მიზეზები გააჩნია.
ბავშვების შემთხვევაში, ტირილის გამომწვევი 4 ძირითადი მიზეზი არსებობს, ესენია: ბრაზი, სიხარული, წყენა და შიში. ხშირად, მშობელს ეჩვენება, რომ მისი პატარა უმიზეზოდ ტირის. ბავშვმა კარგად გამოიძინა, საკვები მიირთვა, ითამაშა… – თითქოს, ტირილის მიზეზი არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პატარას მდგომარეობის შეფასებისას არასდროს გავაკეთოთ დაშვება, რომ ის უმიზეზოდ ტირის, არამედ, მოთმინებით ვეცადოთ ტირილის გამომწვევი მიზეზის გარკვევას.
ბავშვის ტირილზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ, პატარებისთვის ის უფროსებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი და შეუცვლელი ფორმაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის დასკვნით, ტირილის გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ბავშვებში სამი ასაკობრივი კატეგორია გამოიყოფა:
- 1-3 წლის ბავშვები, ძირითადად, საკვები მოთხოვნილების, მუცელში ტკივილისა და დისკომფორტის, დაღლილობის ან ძლიერი გამაღიზიანებლების (ხმაური, მკვეთრი სინათლე, უხეში შეხება) გამო ტირიან. პედიატრთა დასკვნით, ამ ასაკში, დღეში ჯამურად 2-3 საათიანი ტირილი სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. ასაკის მატებასთან ერთად კი, ბავშვები კომუნიკაციის სხვა ფორმებსაც ეუფლებიან და ყურადღების მისაქცევად ტირილს შედარებით ნაკლებად საჭიროებენ.
- 4-5 წლის ბავშვების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები თანდათან სუსტდებიან და ტირილის გამომწვევ ძირითად მიზეზებად ფიზიკური დაზიანების, წყენის, საყვარელი ნივთის დაკარგვის სახელდებიან.
- 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ტირილი კი, უკვე, ძირითადად, ემოციურ ფონს უკავშირდება. ამ შემთხვევაში აქტიურია როგორც ფიზიკური დაზიანებისა და წყენის, ისე გულგრილობისა და შერცხვენის ფაქტორები.
როგორ დავამშვიდოთ ბავშვი, რომელიც ტირის?
ბავშვის ტირილი, მით უმეტეს, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შეიძლება, ზოგჯერ შემაწუხებლადაც მოგვეჩვენოს, თუმცა, პატარას დამშვიდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ჯერ თავად მოახერხოს დამშვიდება. აქვე, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბავშვის დამშვიდება და მისი გაჩუმება – შეიძლება, მკაცრი ტონისა და უხეში მიმართვის შედეგად, ბავშვი გაჩუმდეს, თუმცა, შინაგანად გაცილებით აღელვებული იყოს, ვიდრე ტირილის დროს იყო. ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჯერ თავად დავმშვიდდეთ, სანამ ბავშვის ტირილის მიზეზის გარკვევას და მის დამშვიდებას შევეცდებით.
ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები ბავშვის დამშვიდებისას
საკუთარი ემოციური ტემპერატურის შემოწმების შემდეგ, კარგი იქნება, თუ ბავშვთან საუბრისას ისეთ ფრაზებს შევარჩევთ, რომელთა საშუალებითაც თბილ და ემპათიურ დამოკიდებულებას გამოვავლენთ (მაშინაც კი, თუ მისი ბოლომდე არ გვესმის). „ვხედავ, რომ განაწყენებული ხარ, როცა დამშვიდდები, მოდი, ამ თემაზე ვისაუბროთ და ყველაფერი გავარკვიოთ“, „ვგრძნობ, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ კარგად ვერ ვხვდები ამის მიზეზს. შეგიძლია დამეხმარო და ამიხსნა, რამ გაგაბრაზა?“ – ამგვარი ფორმულირებებით ბავშვს ერთდროულად ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებისთვის გარკვეულ დროს მისცემთ და აგრძნობინებთ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს.
ისეთი ფრაზებით კი, როგორებიცაა, მაგალითად: „მხოლოდ პატარები ტირიან“, „გოგო ხარ?!“ „გაჩუმდი, დავიღალე“ და ა.შ. შეიძლება, ბავშვში, სირცხვილის გრძნობა აღძრათ, რითიც უბიძგოთ, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს და ემოციების გაზიარებისგან მომავალშიც თავი შეიკავოს, რათა ისევ შერცხვენილად არ იგრძნოს თავი.
დაეხმარეთ ემოციების იდენტიფიცირებაში
ხშირად, ისეც ხდება, რომ ბავშვი ტირილს კონკრეტული მიზეზით იწყებს, მაგრამ მალევე ავიწყდება და ცუდ ხასიათზე დამდგარი, ტირილს ვეღარ წყვეტს. ის ფაქტი, რომ ტირილის მიზეზის გარკვევა უკვე თვითონაც უჭირს, მისთვის დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ, ასეთ დროს უფროსის მიერ სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
ტირილი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, რომლის დროსაც ბავშვს მისი ემოციების გაცნობის სწავლაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ემოციების სწორად შეფასება და იდენტიფიცირება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ტირილის დროს კი, ემოციები საკმაოდ მძაფრი და აშკარაა, შესაბამისად, მათი შეფასება გაცილებით ადვილია, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად აუხსნათ ბავშვს, საიდან დაიწყო მისი გაღიზიანება, დაეხმარეთ, გაიაზროს, რას განიცდიდა, როცა ტიროდა, სხვანაირად როგორ შეეძლო გამოეხატა განწყობა და ა.შ.
მშობლობა რთული და კომპლექსური გამოცდილებაა – ნორმალურია, თუ ყოველთვის სწორად ვერ მოიქცევით და ყოველთვის იმ შედეგს ვერ მივიღებთ, რომელიც გვინდა
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს შვილს, ზოგჯერ ისე მოხდება, რომ ტირილის და დისტრესის მიზეზს, რომლის შეფასებასაც ბოლომდე ვერ შეძლებთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ბავშვი საკმაოდ პატარაა. იქნება ისეთი შემთხვევებიც, როცა ტირილის მიზეზში გაერკვევით, თუმცა, მის დახმარებას ვერ შეძლებთ.
ეს ბუნებრივია – ბავშვის ცხოვრების თითოეულ ეტაპზე მშობელი მის გვერდით ვერ იქნება, იარსებებს არაერთი პრობლემა, რომელსაც ტირილის, ბრაზის გამოხატვის, შეგუების, დათმობისა და სხვა გზებით ბავშვი თავად უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, უფროსებმა მათი დახმარებისა და მხარდაჭერის მზაობა ცხადად გამოვხატოთ.
გახსოვდეთ, ტირილი ადამიანის განვითარების გზაზე ერთ-ერთი ჩვეულებრივი და ნორმალური პროცესია. ამიტომ, მისგან თავის შეკავების ნაცვლად, მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ საკუთარ გრძნობებზე დაკვირება, ემოციების იდენტიფიცირება და შეფასება, რაც მომავალში მათ ეფექტურ კონტროლში დაეხმარება.
სტატია მომზადებულია Planta –სა და Bloomin.ge –ს პარტნიორობის ფარგლებში.
The post როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა ის ტირის appeared first on Bloomin.