როგორ დავაწესოთ ჯანსაღი პირადი საზღვრები
ყველას გვექნება ნანახი გეოგრაფიული რუკის სურათი, სადაც ქვეყნები ერთმანეთისგან მკვეთრი კონტურებითაა გამოყოფილი, თუმცა რეალობაში ეს საზღვრები უხილავია და მაინც ფაქტია, რომ ერთი ქვეყნის საზღვარი იქ მთავრდება, სადაც მეორე სახელმწიფოსი იწყება და ამ საზღვრის გადაკვეთის უფლება, ნებართვის გარეშე, არ გვაქვს. ასეთივე უხილავი და აბსტრაქტული ზღვარია ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის და, განსხვავებით სახელმწიფო საზღვრისგან, ჩვენ ურთიერთობებში ჩვენზეა დამოკიდებული სად გავავლებთ ზღვარს ჩვენსა და გარშემომყოფებს შორის.
ბოლო დროს არაერთი კვლევა ტარდება, ბევრი იწერება და ხშირად საუბრობენ ჯანსაღი პირადი საზღვრების მნიშვნელობის შესახებ და მაინც როგორ მუშაობს პირადი საზღვრები რეალურ ცხოვრებაში? ადამიანები გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან მუდმივ კონტაქტში ვართ, იმ შემთხვავში თუ ჩვენი საზღვრები ღიაა, მაშინ გარშემომყოფებს ჩვენზე ძლიერად შეუძლიათ ზემოქმედება, მაგალითად: ჩვენს პირად ცხოვრებაში უხეშად ერევიან, ჩვენს ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის უფლებასაც კი აძლევენ თავს. ამის საპირისპიროდ, როდესაც ჩვენი საზღვრები ჩაკეტილია, დისტანცირებულები ვართ გარშემომყოფებისგან, არ გვაქვს კუთვნილების განცდა არც ერთ სოციალურ წრესთან და, შესაძლოა, ხშირად მარტოსულად და გარიყულად ვიგრძნოთ თავი.
ჯანსაღი საზღვრები ამ ორ უკიდურესობას შორის ბალანსია, უნარი და ცოდნა იმისა, თუ ვისთან, როდის და როგორ გვინდა ურთიერთობა. საზღვრების დაწესების მთავარი მიზანი კი ის არის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაფასებულად, კომფორტულად, მშვიდად, უსაფრთხოდ, და გარშემომყოფებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობისას, მუდმივად ვუფრთხილდებოდეთ ჩვენ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
როგორ დავაწესოთ ჯანსაღი პირადი საზღვრები?
განვსაზღვროთ ჩვენი ღირებულებები - საზღვრებთან მუშაობის პირველი ნაბიჯია საკუთარი ღირებულებათა სისტემის გააზრება და ამის მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა. რა არის ჩვენთვის ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი? ამაზე დაფიქრება ფსიქოთერაპევტთან ერთადაც შესაძლებელია, ან მშვიდ მდგომარეობაში მარტო ყოფნისას შეგვიძლია ფურცელზე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხების სია შევადგინოთ. მაგალითად: თუ ჩვენთვის ღირებულია შაბათ-კვირის ოჯახთან ერთად გატარება, პირადი საზღვის დაწესება ასე ჟღერს - „ეს პროექტი ჩემთვის საინტერესოა და მესმის, რომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროულად დასრულება, თუმცა ამ პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ორშაბათამდე ვერ შევძლებ, რადგან დასვენების დღეების გატარება ოჯახის წევრებთან ერთად მაქვს დაგეგმილი.“
სხვადასხვა ურთიერთობას სხვადასხვანაირი საზღვრები ჭირდება - ერთი ტიპის საზღვრები იშვიათად მუშაობს ყველა ურთიერთობაში და სიტუაციაში ერთნაირად, ამიტომ დაფიქრება და მოქნილობა დაგვჭირდება. რომელ ურთიერთობაში როგორი ტიპის საზღვრის დაწესება გვჭირდება ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე? მაგალითად: პარტნიორული ურთიერთობა უკვე გულისხმობს ახლო ურთიერობას და აქ რიგიდული და მკაცრი საზღვრებით შესაძლოა სიღრმისეული და საინტერესო კავშირის დამყარება ვერ შევძლოთ, ამიტომ პირად ცხოვრებაში, სადაც ურთიერთპატივისცემა და ზრუნვა უკვე ისედაც არსებობს, საზღვრებიც შესაძლოა უფრო ღია იყოს, თუმცა მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობისას, ოჯახური დინამიკისა და წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის მეტად მკაცრი საზღვრების დაწესება დაგვჭირდეს - „მესმის რომ გაინტერესებს, მაგრამ ჩემ პირად შემოსავალზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მინდა“ ან „შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სად მინდა სწავლის გაგრძელება/მუშაობა ჩემი გადასაწყვეტია.“
ნუ ვიჩქარებთ და ვეცადოთ, რომ უკვე დაწესებული საზღვრები დავიცვათ - რეფლექსიისა და დაკვირვების შემდეგ ვიპოვით იმ არაჯანსაღ ურთიერთობებს, სადაც საზღვრების დაწესების საჭიროება გვაქვს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა გადავდგათ ნაბიჯები. მაგალითად: ავარჩიოთ ყველაზე ნაკლებად ჯანსაღი და პრობლემური ურთიერთობა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით და ამ ურთიერთობაში ვცადოთ ჩვენი ინტერესების, ღირებულებების და უსაფრთხოების დაცვა. შესაძლოა მეორე მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდეთ, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პოზიცია და გადაწყვეტილება დავიცვათ და უკან არ დავიხიოთ. შემდეგ ამავე პრინციპით და უკვე არსებული გამოცდილებით, შეგვიძლია სხვა ურთიერთობაზე გადავიდეთ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლოთ ჩვენ გარშემომყოფებს ჩვენთან ურთიერთობისას არსებული საზღვრები.
პატივი ვცეთ სხვა ადამიანების პირად საზღვრებს - საკუთარ პირად საზღვრებზე ფიქრით და მუშაობით, არამარტო გარშემომყოფებს ვასწავლით ჩვენთან ურთიერთობის წესებს, არამედ ჩვენს ვსწავლობთ სხვა ადამიანების დროის, სივრცის და რესურსების პატივისცემას. ურთიერთობა ორმხრივი პროცესია, ამიტომ საზღვრების დაცვა და გათვალისწინება ურთიერთობაში მყოფ ორივე ადამიანს მართებს. სხვისი პირადი საზღვრების დაცვის მაგალითი შეიძლება იყოს: „სამსახურში მძიმე დღე მქონდა და შენთან ლაპარაკი მჭირდება, როდესაც გეცლება მითხარი და დაგირეკავ.“
სხვა ჯანსაღი პირადი საზღვრები - ადამიანების გარდა, ჩვენ ყოველდღიურად ურთიერთქმედებაში ვართ გარემოსთან და სოციალურ სამყაროსთან და ყველანაირი ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, შეიძლება იყოს ტოქსიკური ან პირიქით, სასარგებლო. რა არის ჩვენს ხელში და რაზე შეგვიძლია კონტროლის დამყარება ე.ი. საზღვრების დაწესება? მაგალითად: რამდენ საათს გავატერებთ სოციალურ ქსელებში და ვის დაველაპარაკებით იქ? რამდენ წუთს გამოვყოფთ ყოველდღიურად საინფორმაციო გამოშვებების მოსასმენად? რომელი ჟანრის ფილმს შევხედავთ ან თავისუფალ დროს როგორ გარემოში გავატარებთ, ეს ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია და ამ მიმართულებითაც შეგვიძლია დაფიქრება და ჩვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.
მას შემდეგ, რაც ჯანსაღი პირადი საზღვრების დაწესებით ჩვენს კეთილდღეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე დავიწყებთ ზრუნვას, შესაძლოა გარშემომყოფთა ნაწილისთვის ეს სიახლე გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდეს და მათ გააგრძელონ ამ საზღვრების უხეშად დარღვევა. ნაწილი გაიგებს, პატივს სცემს და გაუფრთხილდება ჩვენ გადაწყვეტილებას და ჩვენთან ურთიერთობის ახალ წესებსაც დაიცავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი ღირებულებების და უსაფრთხოების დაცვაზე აღარ ვთქვათ უარი და ჩვენი ურთიერთობები, ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მალე შეიცვლება უკეთესობისკენ.