რა არის სოციალური კეთილდღეობა
სოციალური კეთილდღეობა გულისხმობს ჩვენს უნარს, გვქონდეს ჯანსაღი და წარმატებული ურთიერთობები ჩვენს გარშემომყოფებთან; გვქონდეს სწორი მოლოდინები სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ და აღვიქვამდეთ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ეს ნიშნავს კარგი კომუნიკაციის უნარების დასწავლას, სხვებთან ღრმა პერსონალური ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების საშუალებით ემოციური მხარდაჭერის ჯგუფების შექმნას.
სოციალური კეთილდღეობა მოიცავს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვას, საზოგადოებაში წვლილის შეტანას, მხარდაჭერის გაცემასა და მიღებას და მიკუთვნებულობის გრძნობას.
რატომ არის სოციალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის
ჩვენი სოციალური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერების განცდასთან. სხვა პირადი საჭიროებების დაკმაყოფილება (ფიზიკური, ფინანსური, პროფესიული თუ სხვა) ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხს, თუმცა სოციალური კეთილდღეობის გარეშე მათ ნაკლებად შეუძლიათ ბედნიერების მოტანა.
ეს დაკავშირებულია ადამიანების თანდაყოლილ ბუნებასთან. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, რომელთაც დაბადების მომენტიდან გვჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გადარჩენისა და განვითარებისათვის. ჩვენი შორეული წინაპრები ჯგუფურად ცხოვრობდნენ და ურთიერთობები გადამწყვეტ როლს ასრულებდა გადარჩენაში. დღესაც, ჩვენ გვჭირდება სოციალური კონტაქტები და მათთან ჯანსაღი ურთიერთობა, რათა თავი გარკვეული საზოგადოების წევრებად ვიგრძნოთ.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სოციალური კეთილდღეობა
- იმუშავეთ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე.
- ჩაერთეთ საზოგადოებაში და შეიტანეთ წვლილი მის განვითარებაში.
- გაუზიარეთ თქვენი ნიჭი და უნარები სხვებს.
- გამოთქვით თქვენი აზრები, გრძნობები და იდეები.
- დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები ურთიერთობებში და იმუშავეთ მათ დაცვასა და შენარჩუნებაზე.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი სოციალური კეთილდღეობა
- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
- დაფიქრდით კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.
სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის სოციალური კეთილდღეობა appeared first on Bloomin.