როგორ მოვემზადოთ მშობლობისთვის
მშობლობა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც თან ახლავს უამრავი დადებითი შეგრძნება თუ ემოცია და ამავე დროს, ბევრი სირთულე.
ამ სტატიაში გიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი როლის მორგებაში, რომელსაც მშობლობა ქვია და, ამასთან ერთად, გარკვეული საკითხების წინასწარ დაგეგმვის და შინაგანი მზაობის გამომუშავებით, შეგიმსუბუქებთ სტრესს, რომელიც შესაძლოა ბავშვის დაბადებას ან მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე წარმოშობილ კრიზისულ ფაზას შესაძლოა ახლდეს თან.
- თვითგანათლება - დღეს ინფორმაცია ბავშვის განვითარებასთან, მოვლასთან და აღზრდასთან დაკავშირებით ისეთი ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს. ეს უდიდესი სამეცნიერო ლიტერატურა თავმოყრილია ელექტრონულ თუ ფიზიკურ წიგნებში, ინტერნეტ გვერდებზე, სოციალურ ქსელებში, აპლიკაციებში.. თვითგანათლება და საკუთარი მშობლობის სტილის ფორმირება შეგიძლიათ სანდო რესურსების მოძიებით დაიწყოთ. მოიძიეთ პედიატრების და ბავშვთა ფსიქოლოგების/ფსიქოთერაპევტების სტატიები, კვლევები, სოციალური გვერდები, ასევე უბრალოდ სხვა მშობლების გვერდები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ და შესაძლოა თქვენც დაგეხმაროთ მათი გამოცდილების მოსმენა. ინფორმაციას, რომელსაც ბავშვის დაბადებამდე გაეცნობით, მოგცემთ ინფორმაციულ მზაობას და დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი მშობლობის სტილი, რაც ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე დაგეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში.
- დამხმარე ადამიანების მოძიება - მშობლების ფიზიკური და ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვენლოვანია დამხმარე ადამიანების და რესურსების არსებობა, რადგან მშობლების მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბავშვის შინაგან მდგომარეობაზე და განვითარებაზე. წინასწარ განსაზღვრეთ ვინ არიან თქვენს გარშემო ადამიანები, ვისაც საჭიროების შემთხვევაში დახმარების შემოთავაზება შეეძლება ან ბავშვის რომელიმე საჭიროებაზე თქვენთან ერთად შეძლებენ პასუხისმგებლობის განაწილებას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ოჯახის წევრი არ არსებობს, შესაძლოა ეს იყოს ძიძა ან უბრალოდ დამხმარე ადამიანი, რომელიც შეძლებს საშინაო საქმეებში ან ბავშვთან დაკავშირებულ გარკვეულ მოვალეობებში თქვენს დახმარებას. ასეთი ადამიანების არსებობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ რთული პერიოდის დროს, არამედ თქვენს ყოველდღიურობაში, იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი, როგორც მთავარი აღმზრდელის ფიზიკური თუ ემოციური გადაწვა.
- ახალი განრიგის შემუშავება - ბავშვის დაბადებასთან ერთად, იცვლება დღის და ღამის განრიგიც. წინასწარ დაფიქრდით ამაზე და თქვენს პარტნიორთან ერთად შეადგინეთ ახალი დღის და ღამის რუტინა, სადაც ბავშვის საჭიროებების მიხედვით იქნება მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადანაწილებული. ახალი გრაფიკის შედგენა შესაძლოა გულისხმობდეს თქვენი ძილის დროის ცვილებასაც, რომელიც ბავშვის ძილის რუტინაზე იქნება მორგებული. ფიზიკური აქტივობა თუ აქამდე დარბაზში სიარული იყო, პირველ ეტაპზე შეიძლება ბავშვის ეტლთან ერთად დღის მანძილზე ერთი საათი ფეხით სეირნობა გახდეს. ასევე, შესაძლოა თქვენს სამსახურებშიც გაიაროთ ეს საკითხი, რომ წინასწარ იცოდეთ რა შეღავათი გექნებათ სამუშაო საათებთან ან დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით. ეცადეთ ბავშვის დაბადების პირველ თვეებში მაინც მაქსიმალურად გაამარტივოთ თქვენი განრიგი და ბავშვის მოვლისთვის გამოყოფილი დროის გარდა, თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებებისთვისაც გამონახოთ ცოტა დრო.
- ფინანსური მზაობა - ბავშვის გაჩენა, დაწყებული ორსულობის პერიოდიდან, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ამიტომ გონივრული იქნება, თუ შეძლებთ წინასწარ დათვალოთ თქვენი შემოსავლები, შეაგროვოთ გარკვეული თანხა ბავშვის მომავალი საჭიროებისთვის, განსაზღვროთ სად შეგიძლიათ თანხის დაზოგვა ან რა რესურსები გაქვთ დამატებითი შემოსავლის მობილიზებისთვის. ბავშვის საჭიროებებისთვის ფინანსური მომზადება შესაძლოა გულისხმობდეს წინასწარ დაფიქრებას შემდეგ საკითხებზე: თუ შეგიძლიათ თქვენი ახლობლებისგან ითხოვოთ ჩვილისთვის საჭირო გარკვეული ტანსაცმელი/ნივთები? რისი ყიდვა შეგიძლიათ რაც იქნება მეორადი და ამით დაზოგოთ თანხა? თუ დამხმარე ადამიანის დაქირავება დაგჭირდებათ, ეს იქნება სრულგანაკვეთზე თუ მხოლოდ გარკვეულ დღეებში და მხოლოდ 5-6 საათით? რომელი ბაღის/სკოლის აღზრდის და განათლების მოდელი მოგწონთ და რა თანხა გჭირდებათ ბავშვის ამ საჭიროებისთვის?...
- მენტალური და ემოციური მზაობა - ბავშვის დაბადებაზე, ზრუნვაზე, აღზრდასა განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება გარდა ფიზიკური და ფინანსური რესურსისა, უდიდეს ემოციურ და მენტალურ ძალისხმევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თვითგანათლებასთან ერთად, რაც ინტელექტუალურ მზაობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ მშობლობისთვის ფსიქოლოგიურად და ემოციურადაც მოემზადოთ. ეს შეიძლება იყოს თქვენში გარკვეული უნარების და თვისებების გამომუშავება, რაც შეგიმსუბუქებთ ბავშვთან ურთიერთობისას კრიზისული ეტაპების დაძლევას, მათ შორის: მოთმინების უნარი, სტრესმედეგობა (resilience), თანაგანცდის უნარი (ემპათია), მოსმენის უნარი, გამოსავლის ძიებაზე ფოკუსირება...
არსებობს სერვისები და რესურსები, რომლებიც მომავალი და უკვე არსებული მშობლების თანადგომისთვის არის შექმნილი და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ: მშობლების თვითორგანიზებული ჯგუფები, სადაც სხვების გამოცდილების წაკითხვა/მოსმენა და თქვენი პრობლემის გაზიარება შეგიძლიათ; ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან მშობლების კონსულტაცია, ინდივიდუალური თუ წყვილების თერაპია ზრდასრულებისთვის, ბავშვის განვითარების ეტაპების და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ონლაინ/ადგილზე ლექციები ან კურსები...
მშობლობისათვის მზადება უკვე პასუხისმგებლობის აღებაა თქვენს მომავალ შვილზე, რაც ყველას არ შეუძლია და რაც დიდი ნაბიჯია იმ მოგზაურობაში, რომელიც წინ გელოდებათ. გახსოვდეთ, რომ ხანდახან ყველა მშობელი იღლება, არის დღეები, როდესაც ყველას უჭირს ბავშვთან დაკავშირებულ სირთულესთან გამკლავება, ხანდახან ყველა მშობელი უშვებს შეცდომას და ეს ყველაფერი ბუნებრივია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებთ და ცდილობთ საუკეთესო მიცეთ თქვენს შვილებს.