10 გემრიელი და ჯანსაღი საკვები წასახემსებლად
გაფრთხილება: სპეციფიკური ფიზიოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კვების რაციონისა და დიეტის შედგენა. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყველას გვიყვარს სწავლისა თუ მუშაობის შუალედებში წახემსება, ან ფილმის ყურებისას საყვარელი სასუსნავის მირთმევა. თუმცა, წახემსება და “სნექები” ხშირად გაიგივებულია ტკბილეულთან, ჩიფსებთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან, რომლებიც სიჯანსაღით ვერ დაიკვეხნის. არადა, უამრავი სასარგებლო “სნექის” მირთმევა შეგვიძლია, რომელიც გემრიელია, ჯანსაღია და გვამარაგებს სასარგებლო ნივთიერებებით.
1. თხილეული და ჩირი
თხილეული და ჩირი იდეალური ხემსია. თხილი, ნიგოზი, ნუში, მიწისთხილი, ქეშიუ და სხვა თხილეული მდიდარია სასარგებლო ცხიმით, ცილითა და ბოჭკოთი. ამიტომ, მათი მირთმევის შემდეგ დანაყრების გრძნობა უფრო დიდხანს მიგვყვება. ამასთანავე, მათი თან ტარება მარტივია და არ საჭიროებს მაცივარში შენახვას. შეგიძლიათ თან იქონიოთ ან დატოვოთ სამსახურის უჯრაში და მიირთვათ, როდესაც წახემსება მოგინდებათ.
დღის განმავლობაში 30 გრამი (ერთი მუჭა) თხილეულის მირთმევა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
2. ბერძნული იოგურტი კენკრით
უარაფრო ბერძნული იოგურტი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ხემსისათვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილასა და კალციუმს. კენკრა კი, ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. სხვადასხვა კენკრის ბერძნულ იოგურტში არევით შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო საკვები.
3. ბულგარული წიწაკა გვაკამოლესთან ერთად
ყველა ბულგარული წიწაკა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა წითელი განსაკუთრებით მდიდარია ანიოქსიდანტებითა და C ვიტამინით. ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ მიირთვათ გვაკამოლესთან ერთად, რომელიც მდიდარია სასარგებლო ცხიმითა და ბოჭკოთი.
4. ვაშლი მიწისთხილის კარაქით
ვაშლის ნაჭრები და მიწისთხილის კარაქი ერთად გემრიელი და ძალიან სასარგებლოა.
ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს და ანტიოქსიდანტებს; ხოლო მიწისთხილის კარაქი ზრდის კარგი და აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში.
უმჯობესია, თუ გამოიყენებთ მიწისთხილის კარაქს, რომელსაც არ აქვს დამატებული შაქარი ან შაქრის შემცვლელები, ან სახლში თავად გააკეთებთ ჯანსაღ კარაქს.
5. შავი შოკოლადი და ნუში
ტკბილეულის მოყვარულთათვის შავი შოკოლადი და ნუში შესანიშნავი ხემსია. ეს გემრიელი და სასარგებლო ნივთიერებებით სავსე სასუსნავი დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
შავი შოკოლადი მდიდარია ფლავანოლით, რომელსაც შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა და გულის დაავადებების რისკი. (თუმცა, შავი შოკოლადი უნდა იყოს მინიმუმ 75 პროცენტიანი).
ნუში მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით და დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის კონტროლზე. ამასთანავე, ამცირებს მადას და დადებითად მოქმედებს წონის კლებაზე.
6. კიტრი და ჰუმუსი
კიტრისა და ჰუმუსის დუეტი ჯანსაღი, ნოყიერი და სასარგებლო ხემსია, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. თუ კიტრი არ გაქვთ, ჰუმუსს ასევე ძალიან უხდება სტაფილო და ბულგარულის ჩხირები.
7. ჩერი პომოდორი და მოცარელა
ჩერი პომიდორი და მოცარელა ერთმანეთისთვისაა შექმნილი. გემრიელთან ერთად, ეს დუეტი ძალიან სასარგებლოა.
პომიდორი მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ კიბოსა და გულის დაავადებების რისკი. მოცარელა კი, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, კალციუმს და ვიტამინ B12-ს.
8. ზეთისხილი
თუ ზეთისხილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ის ნებისმიერ დროს მიირთვათ – ლანჩზე თუ წახემსების დროს.
ზეთისხილი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და ძლიერი ანტიოქსიდანტებით. მათ შეუძლიათ შეამცირონ ანთება, ინსულინის წინააღმდეგობა და კიბოს რისკიც კი.
9. გამომცხვარი ვაშლის ჩიფსები
ჩიფსები ბევრისთვის საყვარელი ხემსია, თუმცა მათი ხშირად მირთმევა ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე კარგია. შეგიძლიათ კარტოფოლის ჩიფსები გამომცხვარი ვაშლის ჩიფსებით ჩაანაცვლოთ. ვაშლის ჩიფსები მდიდარია ნახშირწყლებით, ბოჭკოთი და კალიუმით, რაც ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.
მისი მომზადებაც მარტივია. დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად, მოაფრქვიეთ დარიჩინი და გამოაცხვეთ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში (თითო მხარეს), სანამ ოქროსფერ ყავისფერს მიიღებს.
10. ხაჭო სელის თესლითა და დარიჩინით
ამ პროდუქტებს ცალ-ცალკე უამრავი სასარგებლო თვისება აქვთ, ერთად კი, ჯანმრთელობისთვის საუკეთესო პროდუქტს ქმნიან.
ხაჭო მდიდარია ცილებით და ძალიან ნოყიერია. სელის თესლი სასარგებლოა სისხლში შაქრის კონტროლისათვის, ხოლო დარიჩინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას და შეუძლია გააუმჯობესოს მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა.
შეურიეთ ხაჭო, სელის თესლი და დარიჩინი ერთმანეთს და ერთ-ერთ გემრიელ და ჯანსაღ „სნექს“ მიიღებთ.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post 10 გემრიელი და ჯანსაღი საკვები წასახემსებლად appeared first on Bloomin.