სიმართლე ცელულიტის შესახებ

სიმართლე ცელულიტის შესახებ

ცელულიტი კანის გავრცელებული მდგომარეობაა და მასთან ბრძოლის ხერხები მუდმივად აქტუალური თემაა. განსაკუთრებით, ქალებში, რომლებიც ხშირად ეძებენ საშუალებებს ცელულიტთან გასამკლავებლად. სინამდვილეში, ცელულიტის ქონა ბუნებრივია და ის ქალების 98  და კაცების 10%-ს აქვს ან ექნება ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ზოგიერთს ის უფრო თვალსაჩინოდ აქვს გამოხატული, ზოგს კი – ნაკლებად. მისი თვალსაჩინოება დამოკიდებულია ჩვენს ორგანიზმსა და გარემო ფაქტორებზე.

რა არის ცელულიტი?

ცელულიტი ფართოდ გავრცელებული, ჯანმრთელობისთვის უვნებელი კანის მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება უსწორმასწორო ზედაპირით და პატარ-პატარა ჩაღრმავებებით. ის ხაჭოს ტექსტურას ან ფორთოხლის კანის ზედაპირს მოგვაგონებს და ხშირად არის ბარძაყებზე, თეძოებზე, დუნდულოებსა და მუცელზე, ასევე, შეიძლება იყოს მკერდზე, მკლავებსა და მუცლის ქვედა ნაწილზე.

რატომ გვაქვს ცელულიტი?

ცელულიტის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა, ვიცით, რომ მისი არსებობა დაკავშირებულია ბოჭკოვან შემაერთელებელ ძაფებთან, რომლებიც კუნთსა და კანს ერთმანეთთან აკავშირებენ. კუნთსა და კანს შორის ცხიმოვანი ფენაა. როდესაც ამ ზონაში ცხიმოვანი უჯრედები გროვდება, ის ქვემოდან აწვება კანს, შემაერთებელი ძაფები კი მას ქვემოთ, კუნთისკენ ქაჩავენ. შედეგად, წარმოიქმნება არათანაბარი ზედაპირი, რასაც ცელულიტს ვეძახით.

როგორც წესი, ქალებს ცელულიტი სქესობრივი მომწიფების შემდეგ უჩნდებათ. რამდენადაც ქალის სხეულში ცხიმი მეტწილად ბარძაყებზე, თეძოებზე, დუნულოებსა და მუცელზეა გადანაწილებული, ცელულიტი სწორედ სხეულის ამ ნაწილებზე გვხვდება. ის უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც კანი კარგავს ელასტიურობას. ასევე, წონის მომატების დროს ზოგჯერ იზრდება ხილვადობა. თუმცა, ცელულიტი არ არის წონაზე დამოკიდებული და ის ყველა წონის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

რატომ აქვს ცელულიტი გამოხატული ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად?

ის, თუ რამდენად თვალსაჩინოა ცელულიტი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გენეტიკაზე, ჰორმონალურ ფაქტორებზე, კანის სტრუქტურაზე, სხეულის აღნაგობაზე, წონაზე, ასაკსა და კუნთის მასაზე. შეიძლება ითქვას, ეს დიდწილად ინდივიდუალურია.

რატომ აქვთ ცელულიტი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა ცელულიტის შესახებ. ცელულიტი კაცებშიცაა გავრცელებული, თუმცა, მინიმალურად. თუ ცელულიტი ქალების 98%-ში გხვდება, ის კაცების მხოლოდ 10%-აქვს. განსხვავება ბიოლოგიურია. ქალური ჰორმონების დამსახურებით, ქალების შემაერთებელი ქსოვილი უფრო სუსტია, ცხიმოვანი უჯრედები კი – უფრო დიდი. განსხვავებას სხეულის აგებულების თავისებურება და კუნთის მასის სხვადასხვაობა ქმნის.

ცელულიტის გამომწვევი გარემოებრივი ფაქტორები

ის, თუ რამდენად თვალსაჩინოა ცელულიტი, შესაძლოა ნაწილობრივ ჩვენი ცხოვრების წესზეც იყოს დამოკიდებული. ულტრა რაფინირებული საკვების ხშირი მირთმევა, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოწევა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების, მარილისა და კოფეინის მიღება, ასევე, გარუჯვა და ქრონიკული სტრესი ასუსტებს და აფუჭებს კანს, რამაც, შესაძლოა, ცელულიტის ხილვადობა გაზარდოს.

ცელულიტის “ჯადოსნური წამალი” არ არსებობს

ცელულიტთან საბრძოლველად ბევრ საშუალებას გვთავაზობენ, დაწყებული ანტიცელულიტური კრემებით, დამთავრებული კოსმეტიკური და სამედიცინო ჩარევებით. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ცელულიტის წინააღმდეგ ჯადოსნური წამალი ან პროცედურა არ არსებობს. ყველა საშუალება მიმართულია ცელულიტის თვალსაჩინოების  შემცირებისაკენ და არა მისი გაქრობისკენ. ამასთანავე, ყველა მათგანის შედეგი მოკლევადიანია.

ანტიცელულიტური კრემების მოქმედებასთან დაკავშირებით ერთი აზრი არ არსებობს. 2011 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ანტიცელულიტური კრემების გამოყენებამ აჩვენა გაუმჯობესება, თუმცა, მაშინ, როდესაც კვლევის ობიექტები იცავდნენ პერსონალურ კვებით რეკომენდაციებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

რა მოქმედებს ცელულიტის ხილვადობაზე დადებითად და უარყოფითად?

როგორც აღვნიშნეთ, ცელულიტის ხილვადობაზე, გენეტიკურთან ერთად, შესაძლოა, გარემო ფაქტორებიც მოქმედებდნენ. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ცელულიტის ხილვადობას ზრდიდეს, ზოგი კი – ამცირებდეს.

შესაძლოა, დადებითად მოქმედებდეს:

ჯანსაღი კვება – ჯანსაღი კვება თავისთავად კარგია და მას უამრავი დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ასევე, ის დადებითად მოქმედებს ჩვენს კანზე. ჯანსაღად კვების დროს ჩვენ ვამცირებთ რაფინირებული შაქრის შემცველი და გადამუშავებული საკვების მიღებას, რაც მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე, კანის ელასტიურობაზე, რამაც შესაძლებელია დადებითი გავლენა იქონიოს ცელულიტის ხილვადობის შემცირებაზე.

მოძრაობა – მოძრაობასა და ვარჯიშს, ისევე როგორც ჯანსაღ კვებას, უამრავი დადებითი ეფექტი აქვს. ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ელასტიურობას სძენს კანს, ასევე, ამაგრებს კუნთებს, რასაც შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს  ცელულიტის ხილვადობის შემცირებაზე.

ჰიდრაცია და დატენიანება – კანის ჰიდრაცია და დატენიანება მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. ის ეხმარება კანს, იყოს მეტად ელასტიური და გლუვი. ელასტიურობა კი, ეხმარება კანს ცელულიტის ხილვადობის შემცირებაში.

საშუალებები სისხლის მოძრაობის გასაუმჯობესებლად – ისეთი საშუალებები, როგორებიცაა: ფოამ როლერი (foam roller), ყავის სკრაბები და ჯაგრისით კანის დამასაჟება (dry brushing) დადებითად მოქმედებს სისხლის მოძრაობაზე და მათი გამოყენება, ასევე, შესაძლოა ამცირებდეს ცელულიტის ხილვადობას.

კანის მზისგან დაცვა  – ცელულიტი კანის ქვეშაა, ხშირი გარუჯვა ასუსტებს კანს და შესაბამისად, დროთა განმავლობაში ცელულიტი უფრო თვალსაჩინო ხდება.

თამბაქოს არ მოხმარება – მოწევა უარყოფითად მოქმედებს სისხლის მომოქცევასა და კანის ელასტიურობაზე, რაც თავისთავად ზრდის ცელულიტის ხილვადობას.

სტრესთან ჯანსაღი გზებით გამკლავება  – სტრესი მოქმედებს ჩვენს ჰორმონებზე და ზოგადად, ჩვენს ორგანიზმზე. ქრონიკული სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს კანზე და ეს აისახება ცელულიტის ხილვადობაზეც.

ცელულიტის ქონა ბუნებრივი მოვლენაა და ამას ადამიანების (განსაკუთრებით, ქალების) უმრავლესობა ცხოვრების რაღაც ეტაპზე განვიცდით. სხვადასხვა სტატია, ანტიცელულიტური საშუალებების მწარმოებლები და რეკლამები გამუდმებით მოგვიწოდებენ, რომ ცელულიტი დავამარცხოთ.  სინამდვილეში, ცელულიტისაგან თავისუფალი სხეული არარეალური სილამაზის სტანდარტის ნაწილია. ამის გააზრება დაგვეხმარება მივიღოთ ჩვენი სხეული და მეტად ვიზრუნოთ მასზე. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის სიყვარული და მიმღებლობაა. იმის წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლა და თავის დათრგუნვა, რაც უვნებელი და ბუნებრივია, საკუთარი თავის უმიზეზოდ დასტრესვას იწვევს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ზოგადად სასარგებლოა ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის და თუ მათი თანდაყოლილი გვერდითი მოვლენა ცელულიტის შემცირებაა, ეს მხოლოდ დამატებითი სარგებელია.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post სიმართლე ცელულიტის შესახებ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart