როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები?

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები?

 

ჰორმონები უჯრედებს შორის ინფორმაციის გადამტანები არიან და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს, გავლენას ახდენენ სხეულის ზრდაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე და სხვა, სიცოცხლისთვის აუცილებელ კომპონენტებზე.

იცით, რა არის ჰორმონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია? გუნება-განწყობილების დარეგულირება.  არსებობს ჰორმონები, რომლებიც გუნება-განწყობილების დაქვეითებას უწყობენ ხელს და არსებობს ე.წ. “ბედნიერების ჰორმონებიც”, რომელთა საშუალებითაც სიამოვნებას ვიღებთ და ბედნიერებას შევიგრძნობთ.

რომელი ჰორმონები გვანიჭებენ ბედნიერებას?

“ბედნიერების” რამდენიმე ჰორმონი არსებობს, მათ შორის:

დოფამინი – ცნობილი, როგორც “თავის კარგად გრძნობის” ჰორმონი. ეს არის ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის “წახალისების” სისტემაში და დაკავშირებულია სწავლასთან, მეხსიერებასთან, მოტორიკის ფუნქციონირებასთან და ა.შ.

სეროტონინი – ჰორმონი, რომელიც გუნება-განწყობილებას, ძილს, მადას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, სწავლის უნარს და მეხსიერებას არეგულირებს.

ოქსიტოცინი – ხშირად ცნობილი, როგორც “სიყვარულის ჰორმონი”. ეს ჰორმონი აუცილებელია ბავშვის გაჩენისთვის, ძუძუთი კვებისა და მშობელსა და ბავშვს შორის ძლიერი მიჯაჭვულობის ფორმირებაში. ეს ჰორმონი ხელს უწყობს ნდობის, ემპათიის გამომუშავებას და ურთიერთობებში ახლო კავშირის ჩამოყალიბებას. ოქსიტოცინის დონე, როგორც წესი, ისეთი ფიზიკური სიახლოვის დროს იმატებს, როგორიც არის კოცნა, ჩახუტება და სექსი.

ენდორფინი ენდორფინი ტკივილთან გამკლავების ჰორმონია, რომელსაც ორგანიზმი სტრესის ან დისკომფორტის დროს გამოყოფს. ენდორფინის დონე სიამოვნების მომნიჭებელი აქტივობების დროსაც იმატებს, მაგალითად, ჭამის ან ვარჯიშის დროს.

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები?

ბედნიერების ჰორმონების გამომუშავება სხვადასხვა ბუნებრივი ხერხით არის შესაძლებელი, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე.

1. გაატარეთ დრო გარეთ

ენდორფინისა და სეროტონინის დონის გაზრდა თუ გინდათ, სასურველია, დღეში 10-15 წუთი მაინც გაატაროთ გარეთ, მზეზე.

2. კარგად გამოიძინეთ

არასაკმარისი, უხარისხო ძილი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მას შეუძლია ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს. კერძოდ, უარყოფითად იმოქმედოს დოფამინის გამომუშავებაზე. ეს კი, ნეგატიურად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე.

3. მოუსმინეთ მუსიკას

მუსიკის მოსმენა დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს. სიმღერა, ცეკვა და მუსიკის შექმნა კი – ენდორფინის გამომუშავებასთან არის დაკავშირებული.

4. მეტი იცინეთ

უყურეთ სახალისო ვიდეოებს, მეგობრებთან ერთად სასაცილო ამბები გაიხსენეთ, გამოიწერეთ გვერდები, რომლებიც სახალისო ინფორმაციას ატარებენ.

ალბათ, გსმენიათ გამოთქმის შესახებ: “ღიმილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს”. სიცილი სტრესთან და შფოთვასთან გამკლავებაში გვეხმარება და დოფამინისა და ენდორფინის დონის ზრდას უწყობს ხელს.

5. კულინარიით დაკავდით და გემრიელი კერძი საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთვით

იმ საკვების მირთმევა, რომელიც გემრიელად მიგაჩნიათ, დოფამინისა და ენდორფინის გამომუშავებას უწყობს ხელს. საყვარელი კერძის საყვარელ ადამიანთან გაზიარება და ასე კომუნიკაციის დამყარება ოქსიტოცინის დონეს გაზრდის.  ასეთ დროს, მნიშვნელოვანია არჩევენი თქვენთვის საყვარელ ისეთ კერძზე შეაჩეროთ, რომელიც სასარგებლოა და ჯანმრთელობისთვის არაა საზიანო. რატომ? იმიტომ, რომ არაჯანსაღი საკვებიც დაკავშირებულია ჰორმონ დოფამინის გამოყოფასთან, რაც ბუნებრივ მოთხოვნილებას გვიჩენს უფრო ხშირად მივირთვათ ის, რაც ჩვენს ორგანიზმს ვნებს. დასუსტებული ფიზიკური ჯანმრთელობა კი, უარყოფითად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე.

არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას. ასე რომ, ზოგჯერ, შეგიძლიათ სპეციალური მენიუც კი შეადგინოთ.

ასეთი პროდუქტის მაგალითია იოგურტი, კვერცხი, ნაკლებ ცხიმიანი ხორცი და ნუში, რაც დოფამინის გამომუშავებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ცხარე საჭმელი, რაც ზოგადად ენდორფინის ზრდას უწყობს ხელს.

6. დაგეგმეთ რომანტიული საღამო

ტყუილად კი არ აქვს ოქსიტოცინს “სიყვარულის ჰორმონის” რეპუტაცია. მაშინაც კი, როდესაც ვინმე ძალიან მოგვწონს, ჩვენი სხეული ამ ჰორმონს გამოიმუშავებს.

ამიტომ, მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

და ბოლოს…

თუ ხვდებით, რომ ხშირად ხართ უენერგიოდ, უმოტივაციოდ, მარტივად ღიზიანდებით და მარტივად გიქვეითდებათ გუნება-განწყობილება, მიმართეთ ექიმს და მოუყევით თქვენი ჩივილების შესახებ. გამოიკვლიეთ, ხომ არ არის საჭირო სამედიცინო ჩარევა ჰორმონების დასარეგულირებლად.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart