რა არის ფიზიკური კეთილდღეობა
ფიზიკური კეთილდღეობა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეს მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, როგორებიცაა, მაგალითად: სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება. ფიზიკური კეთილდღეობა ასევე გულისხმობს რეგულარული სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, დაავადების სიმპტომების გაცნობასა და იდენტიფიცირებას, არსებული დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მის მართვას, ზიანისგან თავის დაცვას, არაჯანსაღი ჩვევების გააზრებას და მათი ჯანსაღი ჩვევებით ჩანაცვლებას.
ფიზიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია პრევენცია ანუ ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა რაიმე ტიპის პრობლემის გამოვლენამდე. ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება არა მხოლოდ აწმყოში გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას, არამედ მომავალშიც აამაღლებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.
რატომ არის ფიზიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის
ფიზიკური კეთილდღეობა ამაღლებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ის პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასთანაც.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობა
- დაკავდით ფიზიკური აქტივობით დღეში 30 წუთით მაინც.
- ხარისხიანად დაისვენეთ.
- გამოიყენეთ ღვედები, ჩაფხუტები და სხვა დამცავი საშუალებები.
- მიჰყევით 80/20 პრინციპს – თქვენი რაციონის 80% შეავსეთ ჯანსაღი, არარაფინირებული, მცენარეული საკვებით.
- მიირთვით მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული.
- უარი თქვით ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორებიცაა: მოწევა და სასმელის დიდი რაოდენობით მიღება.
- დაიძინეთ ღამის საათებში და გამოიძინეთ 7-8 საათის განმავლობაში.
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
- ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები და ისწავლეთ დაავადებების ადრეული პრევენცია.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი ფიზიკური კეთილდღეობა
- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
- დაფიქრდით, კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.
სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის ფიზიკური კეთილდღეობა appeared first on Bloomin.