ერგონომიკა – ანუ როგორ გავხადოთ ჯდომა ნაკლებად საზიანო
ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ორგანიზმისთვის საზიანოა. ამასთან ერთად, არასწორად ჯდომამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემა შეგვიქმნას. ამ პრობლემების თავიდან აცილებაში და სწორად ჯდომაში ერგონომიკა დაგეხმარებათ. ეს რჩევები დაგეხმარებათ კომფორტულად მოაწყოთ თქვენი სამუშაო სივრცე და ისწავლოთ როგორ დასხდეთ სწორად.
რა არის ერგონომიკა?
ერგონომიკა მეცნიერებაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს ადამიანის პროდუქტიულობა დისკომოფრტის შემცირებით და სამუშაო გარემო–პირობების გაუმჯობესებით. ამაში სწორად ჯდომა და შესაბამისად მოწყობილი სამუშაო სივრცეც იგულისხმება.
- იატაკზე ფეხის წვერის შეხება საკმარისია, თუმცა ასეთ დროს სწორად არ ვსხედვართ და კუნთები დაჭიმულია.
- ჯდომის დროს თქვენი თეძოები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს სკამის ზურგთან.
თავდაპირველად სწორად ჯდომა შეიძლება გაგიძნელდეთ, შესაძლოა მოგინდეთ რომ დაისვენოთ და ერთ მხარეს დაეყრდნოთ. თუმცა ეს თქვენი ხერხემლის მოხრას გამოიწვევს. ასეთ დროს უმჯობესია თუ ადგებით, რამდენიმე წუთით გაისეირნებთ (თუნდაც ოთახში) და შემდეგ განაგრძობთ მუშაობას.
როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე სწორად ჯდომისთვის?
იმისთვის, რომ სწორად ვისხდეთ საჭიროა ჩვენი სამუშაო გარემო შესაბამისად მოვაწყოთ. სწორად ჯდომის პრაქტიკაში ჩართულია არა მხოლოდ ჩვენი სხეული, არამედ მაგიდა, სკამი და მონიტორიც კი.
სკამი
შეარჩიეთ ისეთი სკამი, რომელიც თქვენს ზურგს კარგად ერგება. ჯდომის დროს ფეხები იატაკზე მყარად უნდა იდგეს. შესაბამისად, ყურადღება მიაქციეთ სკამის სიმაღლეს.
მაგიდა
იმისთვის, რომ გამართულად და კომფორტულად ისხდეთ, მაგიდის ქვემოთ საკმარისი ადგილი უნდა იყოს იმისთვის, რომ ფეხები თავისუფლად დადოთ. თუ მაგიდა ძალიან დაბალია, ეცადეთ შემატოთ სიმაღლე. თუ ძალიან მაღალი – გამოიყენეთ შესაბამისი სიმაღლის სკამი. უმჯობესი იქნება თუ მაგიდის ქვეშ არაფერს შეინახავთ.
მონიტორი
განათავსეთ მონიტორი პირდაპირ თქვენს წინ, დაახლოებით მკლავის სიგრძეზე. მონიტორი უნდა იდგეს ზუსტად კლავიატურის უკან და თქვენი თვალის დონეზე ან ოდნავ დაბლა უნდა იყოს.
სწორად ჯდომისთვის უმჯობესია თუ კომპიუტერზე იმუშავებთ და არა ლეპტოპზე.
თუ ლეპტოპს იყენებთ უმჯობესია შეიძინოთ ლეპტოპის მაგიდა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაარეგულიროთ სიმაღლე. ასევე შეგიძლიათ ლეპტოპი დადოთ შემაღლებულ ადგილას (ისე, რომ ეკრანის ზედა ნაწილი თქვენი თვალის დონეზე იყოს) და გამოიყენოთ დამატებით კლავიატურა და მაუსს სამუშაოდ.
მაუსი
ეცადეთ მაუსი და კლავიატურა ერთ სიბრტყეზე გედოთ. მაუსის გამოყენებისას მაჯები სწორად გქონდეთ, იდაყვები კი მხრის დონეზე ან ოდნავ დაბლა. მუშაობის დროს ჩაანაცვლეთ მაუსი ლეპტოპის მალსახმობით (თაჩ პედი), რათა დროებით მოიხსნათ ხელზე დატვირთვა. კარგი იქნება თუ შეცვლით მაუსის მგრძნობელობას, ისე, რომ მისი გამოყენება მსუბუქი შეხებით შეძლოთ.
აუცილებელი ნივთები
ნივთები, რომელსაც მუშაობის დროს იყენებთ თქვენთან ახლოს დაალაგეთ, მაგალითად ბლოკნოტი, კალამი, სტეპლერი და სხვა. ისე, რომ საჭიროების შემთხევაში მათ კომფორტულად მიწვდეთ. თუ ისინი მოშორებით დევს, უმჯობესია თუ ადგებით და ისე აიღებთ. თუ შორს მდებარე საგნის აღებას თქვენი სკამიდანვე ეცდებით, თქვენი პოზა დაირღევა და ყურადღებაც გაგეფანტებათ.
დიდი ხნით ეკრანის წინ ჯდომა რეკომენდებული არ არის. თუ თქვენი სამსახური კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს უმჯობესია თუ შეისვენებთ ყოველ 40 წუთში ერთხელ და მარტივ გაწელვებს გააკეთებთ. ეცადეთ, შეამციროთ ეკრანთან მჯდომიარე პოზაში გატარებული დრო. ერგონომიკის რჩევები კი დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჯდომისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.
გამართულად და სწორად ჯდომა დაგეხმარებათ დღის განმავლობაში თავი უკეთ იგრძნოთ, გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, შეამციროთ ზურგის, წელისა და კისრის ტკივილი, მოიხსნათ დაძაბულობა, გაიუმჯობესოთ განწყობა და კონცენტრაციის უნარი.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post ერგონომიკა – ანუ როგორ გავხადოთ ჯდომა ნაკლებად საზიანო appeared first on Bloomin.