სტოიციზმის 5 გაკვეთილი - ანუ როგორ შევინარჩუნოთ შინაგანი სიმტკიცე ცხოვრებისეული გამოწვევების დროს
ჩვენი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით, რომლებიც ხშირად მოულოდნელად გვატყდება თავს და მომავლის კარგად დაწყობილ გეგმებსაც კი თავდაყირა გვიქცევს. თუმცა, სტოიკური სწავლების მიხედვით, ის, რაც ადამიანებს და მათ შესაძლებლობებს განსზღვარვს, არის არა მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, არამედ - მათი პასუხი ამ მოვლენებზე.
უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, სტოიციზმი ადამიანში თვითკონტროლის განვითარებას და ემოციების დაძლევას გულისხმობს, მაგრამ ემოციების დაძლევაში მათი სრულად უგულებელყოფა არ მოიაზრება. „სტოიკს“ უწოდებენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ემოციები კარგად აქვს შეცნობილი და რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებშიც კი მათი მართვა შეუძლია.
სტოიციზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მიმდევრად რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი მიიჩნევა, რომელიც განსაკუთრებული სიმშვიდითა გამოირჩეოდა და ფიქრობდა, რომ მისი ძალა სწორედ იმაში ვლინდებოდა, თუ რამდენად მტკიცედ შეხვდებოდა ცხოვრებისეულ გამოწვევებს, და მათ პრობლემების ნაცვლად, შესაძლებლობებად აქცევდა.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ სტოიციზმის 5 იდეას, რომლებიც გამოწვევების დროსაც კი სიმშვიდის შენარჩუნებაში და საკუთარი განწყობების უკეთ მართვაში დაგეხმარებათ.
დაადგინე კონტროლის საზღვრები - სტოიციზმი იმის აღიარებით იწყება, რომ ადამიანებს ყველაფრის კონტროლი არ შეგვიძლია. ისეთი მოვლენები, როგორებიცაა, მაგალითად: საცობი ქუჩაში, ამინდის უცაბედი გაუარესება, ან სხვისი გრძნობები - ჩვენი კონტროლის საზღვრებს სცდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ამ ყველაფრის მიმართ ჩვენივე განწყობების მართვაა. სტოიკური სწავლების მიხედვით, ჩვენი გონება ერთგვარი ბაღია, სადაც მებაღეებიც და არქიტექტორებიც ჩვენ ვართ - ანუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას დავთესთ (შემოვუშვებთ გონებაში) და რას მოვრწყავთ (გავაძლიერებთ). შესაბამისად, ნეგატიური მოვლნების და განწყობების თავიდან არიდებაც ჩვენსავე ხელშია. ეს არ გულისხმობს ნეგატიურის სრულიად უგულებელყოფას, არამედ იმის განსაზღვრას, თუ რა ადგილს მივუჩენთ მას ჩვენს ცხოვრებაში და დავტოვებთ გონებაში, თუ მალევე გავუშვებთ ჩვენგან.
გამოიმუშავეთ მიმღებლობა - ის, რომ სრულყოფილი გეგმების არსებობის მიუხედავადაც კი შესაძლოა რაღაც ძალიან მოულოდნელმა იჩინოს თავი და ცხოვრება აგვირიოს, რეალობაა. სტოიკური სწავლების მიხედვით, ფაქტების მიმღებლობა და მათგან დისტანცირება ადამიანის შინაგანი ძალის გამოხატულებაა. არასასიამოვნო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად იჩენს თავს, და ჩვენც, შესაბამისად, ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს: ვიყოთ გაღიზიანებული და დაღვრემილი იმის გამო, რაც ხდება; თუ გავიაზროთ მომხდარი, მივიღოთ ფაქტად და ახალი ნაბიჯები დავგეგმოთ. სტოიციზმის მიხედვით, მეორე არჩევანი (მიმღებლობა) ფრუსტრაციიდან სიმშვიდისკენ სვლაში გვეხმარება და გვასწავლის, რომ სჯობს ჩვენი ენერგია იმაზე დავხარჯოთ, რისი შეცვლაც მომხდარის შემდეგ შეგვიძლია.
აღმოაჩინეთ საკუთარი (ნამდვილი) მისწრაფებები - ერთ-ერთი, რაც ამ სამყაროსგან სიამოვნების მიღებაში ხელს გვიშლის, გარედან თავს მოხვეული მიზნებისკენ სვლაა. 21-ე საუკუნეში რეალური სურვილების აღმოჩენა ადამიანისათვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. რეკლამები და სოციალური ქსელები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ იმისათვის, რომ მოგვანდომონ ის, რაც სინამდვილეში საერთოდაც არ გვაბედნიერებს. სტოციზმის ერთ-ერთი მთავარი სწავლება სწორედ საკუთარ თავზე დაკვირვება და იმის აღმოჩენაა, თუ რა გვანიჭებს რეალურ ბედნიერებას და სიამოვნებას - ახალი შენაძენი თუ ხარისხიანი ურთიერთობები; კარიერული მიღწევები თუ შინაგანი სიმშვიდე. საკუთარი ნამდვილი მიზნების აღმოჩენისათვის, წარმოიდგინეთ, რომ რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწიეთ, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ არავინ გაიგო, და უპასუხეთ კითხვას: მაინც გენდომებათ ამ მიზნისკენ სწრაფვა?
იგრძენით და გამოხატეთ მადლიერება - მადლიერების მნიშვნელობაზე არაერთი სწავლება გვესაუბრება, გამონაკლისი არც სტოიციზმია. მადლიერების გამოხატვა მხოლოდ „მადლობის“ თქმას არ გულისხმობს, არამედ ყოველდღიურობაში მცირე მოვლენების აღმოჩენას, რომელთა გამოც შეგიძლიათ სამყაროსადმი კეთილგანწყობილი იყოთ. მადლიერების მთავარი ძალა სწორედ იმაშია, რომ აღმოაჩინოთ სიხარულის და სიამოვნების მიზეზი მაშინაც კი, როდესაც თქვენი ცხოვრება მხოლოდ გამარჯვებებით და მიღწევებით არაა დატვირთული. ამ თვისების გამომუშავება თანდათანობით, მცირე სიამოვნებებზე დაკვირვებით შეგიძლიათ. შეიგრძენით მადლიერება ისეთი მოვლენების გამო, როგორებიცაა: მზის გამონათება, მეგობრის კეთილგანწყობილი ღიმილი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, და სხვა. ეს პატარა „სავარჯიშოები“ თქვენს გონებას დაარწმუნებს და შეახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში უსიამოვნო მოულოდნელობები გეწვევათ, მაინც იარსებებს არაერთი მიზეზი თქვენი გაღიმების და მადლიერებისათვის. შესაბამისად, დაგეხმარებათ როგორც მოკლევადიანად - განწყობის გამოკეთებაში, ისე გრძელვადიანადაც - გამოწვევების შესაძლებლობებად ტრანსორმაციაში.
ისწრაფეთ მუდმივი განვითარებისათვის - იქედან გამომდინარე, რომ სტოიციზმი გარე სამყაროსადმი დისტანცირებას და ძირითადად, საკუთარ განწყობებზე პასუხისმგებლობის აღებას გვასწავლის, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ამ სწავლებისთვის სამყაროს უკეთ შეცნობა ნაკლებად პრორიტეტულია. სინამდვილეში კი, პირიქითაა. გარესამყაროს უკეთ შეცნობა საკუთარი თავის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ერთგვარი გარანტიაა მოვლენების უკეთ მიმღებლობისთვისაც. „შეეცადეთ სრული სისავსით აღწეროთ ის ნივთი, რომელიც თქვენთვისაა შემოთავაზებული. გონებისთვის არაფერია ისეთი ამაღელვებელი, რგორც ობიექტის მეთოდურად და ჭეშმარიტად აღწერა, მისი როლის განსაზღვრა სამყაროში და სამყაროს მიმართ“, - მარკუს ავრელიუსი, მედიტაციები. როდესაც სამყაროს კანონზომიერებებს უკეთ აღიქვამთ, მით მეტად აცნობიერებთ, რა არის და არ არის თქვენი კონტროლის თუ შესაძლებლობების დარგლებში, შესაბამისად, უკეთ ახერხებთ საკუთარი მიზნების ჩამოყალიბებას, ემოციების მართვას და მიმღებლობის გამომუშავებას.
გახსოვდეთ, რომ თქვენი პოზიცია სამყაროში არა თქვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენებით, არამედ ამ მოვლენებზე თქვენი პასუხებით ვლინდება. ამ პასუხების ძალა კი, შინაგანი ბალანსით და თვითკონტროლის უნარით განისაზღვრება. სტოიციზმის ეს გაკვეთილები დაგეხმარებათ მშვიდად შეხვდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მოულოდნელობებით სავსე პირობებში ნავიგაცია აუღელვებლად, მეტი თავდაჯერებით შეძლოთ.