როგორ გადავერთოთ მუშაობიდან დასვენებაზე?
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ადამიანები სრულყოფილ დასვენებაზე უფრო აქტიურად ვიწყებთ ფიქრს და, საბედნიეროდ, უმეტესობა ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინისგან თავის დაღწევასაც ვახერხებთ. ეს, ალბათ, წელიწადის ყველაზე განსაკუთრებული დროა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მეტი დრო დავუთმოთ ჩვენი ცხოვრების გადაფასებას, მოვლენების გაანალიზებას და, თუნდაც, საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭებას.
თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხანგრძლივი და დატვირთული მუშაობის შემდეგ დასვენებაზე გადართვა არც ისეთი მარტივია, როგორიც წარმოგვიდგენია. თანამედროვე ეპოქაში, ჩვენი აქტიური ცხოვრების ტემპი საშუალებას ნაკლებად ან საერთოდ არ გვაძლევს, მოვდუნდეთ და სრულყოფილად დავისვენოთ. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც დღის განმავლობაში საქმით საკმაოდ დატვირთული არიან, ხშირად სჭირდებათ სწავლა და შეხსენება იმ ტექნიკების, რომლებიც მოდუნებაში, სტრესის დაძლევაში და, უბრალოდ, დასვენებაში დაეხმარებათ.
ამ სტატიაში სწორედ იმ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც აქტიური მუშაობიდან სრულყოფილ დასვენებაში გადასვლის პროცესს გაგიმარტივებთ.
შეეცადოთ, დააგდოთ თქვენი შინაგანი რიტმი - ცხოვრების აქტიურ და დაჩქარებულ რიტმს იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ დასვენების დროსაც, საკუთარ თავს მოდუნების და ამ რიტმის შენელების საშუალებას არ ვაძლევთ. როდესაც ტელევიზორს ვუყურებთ, ან სოციალურ ქსელს „ვსქროლავთ“, გვგონია ვისვენებთ, მაგრამ სინამდვილეში, ამ დროს გამოსახულების სწრაფი ცვლილება შინაგანად გვაფორიაქებს და შინაგანი რიტმის დაგდების საშუალებას არ გვაძლევს. აქტიური ფაზიდან დასვენებაზე გადასვლა რომ გაგიმარტივდეთ, შეგნებულად გამოყავით დრო, რომელსაც სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას, წერას ან კითხვას დაუთმობთ. როგორც მნიშვნელოვანი გამოსვლის ან შეხვედრის წინ ვუსმენთ გამამხნევებელ, აქტიურ სიმღერას, ასევე შეიძლება ბევრისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს მშვიდი, წყნარი მელოდიის მოსმენა, რომელიც შინაგანი რიტმის დასტაბილურებაში და რელაქსაციაში დაგეხმარებათ.
ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან - დღეს ადამიანები მეტწილად სოციალური მედიის სქროლვით „ისვენებენ“, თუმცა თავს მუდმივად გადაღლილად გრძნობენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ეკრანთან დიდი დროის გატარება კომპიუტერული ხედვის სინდრომს იწვევს, რასაც თვალების დაძაბვა, თავის ტკივილი, კისრისა და ზურგის ტკივილი ახასიათებს. გარდა ამისა, ეკრანის ღამით ყურება არღვევს ჰორმონ მელატონინის გამოყოფას, რაც ჩაძინებაში გვიშლის ხელს. ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის (2020 წელი) მონაწილეებს სთხოვდნენ, 4 კვირის განმავლობაში, ძილის წინ 30 წუთით ადრე ტელეფონის გამოყენება შეეწყვიტათ. შედეგად, გაიზარდა მათი ძილის ხანგრძლივობა, ხარისხი, განწყობა, და ე.წ. „სამსახურებრივი მეხსიერებაც“ კი. 2022 წლის კვლევის თანახმად კი, გაუმჯობესებულმა ძილმა დადებითად იმოქმედა მონაწილეების კვებაზეც და შეამცირა მათი მოთხოვნილება მაღალკალორიული და შაქრის შემცველი პროდუქტების მიმართ. ამიტომ ეცადეთ, ღამის საათებში შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ ეკრანის გამოყენების ხანგრძლივობა და ისეთი აქტივობებით დაკავდეთ, რომლებიც სხელის სრულ მოდუნებაში დაგეხმარებათ (მაგალითად, წიგნის კითხვა, ჩანაწერები დღიურში და სხვა).
საქმისგან სრულად გათავისუფლდით - სრულყოფილი დასვენება შეუძლებელი გახდება, თუ საქმისგან ბოლომდე არ გათავისუფლდებით. ამაში იგულისხმება სამსახურიდან შვებულების მოთხოვნა (და არა დისტანციურ მუშაობაზე გადართვა), სამსახურეობრივი საქმეების დროებით უგულებელყოფა, გარემოს შეცვლა და სხვა. გაიხსენეთ, ბოლოს როდის წახვედით დასასვენებლად ისე, რომ სამუშაო ლეპტოპი არ წაიღეთ, ან ტელეფონზე შემოსულ საქმიან შეტყობინებებს არ უპასუხეთ? ადამიანების უმეტესობა დღეს დასასვენებლად ისე მიდის, რომ თან საქმის გარკვეული ნაწილიც მიაქვს, რაც, ხელს უშლის, ერთი მხრივ, მათ პროდუქტიულობას, მეორე მხრივ კი, სტრესისგან სრულად გათავისუფლებას. არადა, ჯანსაღი დასვენებისათვის საქმესა და დასვენებას შორის საზღვრების დაწესება აუცილებელია იმისათვის, რომ განვიტვირთოთ, მოვდუნდეთ და წლის განმავლობაში დახარჯული ძალები სრულად აღვიდგინოთ.
თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილეთ - ხშირად, ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების მოლოდინები ჯანსაღი დასვენების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი თანამშრომლისთვის შეიძლება პრობლემას არ წარმოადგენდეს, დასვენების საათებში დაგირეკოთ და სამსახურებრივი საქმის შესრულებაში დახმარება გთხოვოთ. ეს რომ თავიდან აირიდოთ და საქმისგან სრულად გათავისუფლება მოახერხოთ, აუცილებელია, შვებულებაში გასვლამდე ისინი წინასწარ გააფრთხილოთ, რომ საქმის თქვენგან დისტანციურად შესრულების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, აუცილებელია, დროულად იზრუნოთ საქმის დელეგირებაზე. ასე თავიდან აირიდებთ სამსახურებრივ ზარებს და, ამავდროულად, დროს მისცემთ თანამშრომლებს, რომ საქმიანი საკითხები თქვენთან წინასწარ დააზუსტონ.
გამოყავით ერთი დღე საქმისათვის სამსახურში დაბრუნებამდე - ხშირად ისეც ხდება, რომ დასვენების პერიოდში მუშაობის ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ ინერციით საქმეზე ფიქრს თავს მაინც ვერ ვანებებთ და გამუდმებით დაუსრულებელ დავალებებზე ვფიქრობთ. ეს რომ თავიდან აირიდოთ, თავიდანვე განსაზვრეთ, რომ სამსახურში დაბრუნებამდე ერთ დღეს გამოყოფთ, რომელსაც სამსახურის საქმეების გაანალიზებას და გადახარისხებას დაუთმობთ. ეს გზა დაგეხმარებათ, დამშვიდდეთ და დასვენების პერიოდში მუდმივად არ იღელვოთ, რომ შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი სამსახურებრივი დეტალი გავიწყდებათ. როცა დარწმუნებული იქნებით, რომ ერთ დღეს დაიტოვებთ, რომელსაც თქვენი თავის სამსახურში გასვლისათვის მომზადებას დაუთმობთ, დასვენების პერიოდსაც უფრო სრულყოფილად და ზედმეტი შფოთვის გარეშე გაატარებთ.
თანამედროვე ეპოქაში სრულყოფილი დასვენება ერთგვარ ფუფუნებად იქცა. მაშინაც კი, როდესაც სამსახურებრივ საქმეს არ ვასრულებთ, როგორც წესი, ისეთი აქტივობებით ვკავდებით, რომლებიც შინაგანი დაჩქარებული რიტმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შედეგად, ხანგრძლივი შვებულების შემდეგაც, თავს შესაძლოა მაინც დაღლილად და დაძაბულად ვგრძნობდეთ. ამიტომ, შეეცადეთ, შედარებით მშვიდი აქტივობებით დაკავდეთ, რათა თქვენი დასვენების მდგომარეობა უკეთ შეიგრძნოთ და გაიაზროთ. ამავდროულად, დააწესეთ ჯანსაღი საზვრები დასვენებასა და მუშაობას შორის და გარშემომყოფებს სთხოვეთ, ხელი შეგიწყონ სრულყოფილ დასვენებაში, რაც ფიზიკურ და გონებრივ განტვირთვასთან ერთად, მოგვიანებით პროდუქტიულობის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.