როგორ ამოვიცნოთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა?

როგორ ამოვიცნოთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა?

როგორ ამოვიცნოთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა?


სტატია მომზადებულია თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.ge – პარტნიორობის ფარგლებში.

დამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის ჩამოყალიბება ხდება ბიოლოგიური ფაქტორების, ადრეული ბავშვობის გამოცდილების და სოციალური თუ ეკონომიკური გარემო-პირობების გავლენით. ეს ფაქტორები შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველი ან საწყისი მოცემულობა, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა - გაუარესება ან გაუმჯობესება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენს გარემოში მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი ყოველდღიური ჩვევების შედეგად ხდება.

მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას, რაც აისახება ჩვენს ფიქრებზე, ქცევებზე და იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ ზოგადად თავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც შინაგანი თუ გარე ფაქტორების საფუძველზე, გვაქვს რეალური მიზეზი ვიყოთ ცუდ ხასიათზე, გვქონდეს რთული ემოციური ფონი, უარყოფითი განცდები ან ფიქრები, რომლებიც დროებითია და ვიცით რითია გამოწვეული, არ არის იგივე, რაც მენტალური აშლილობის ქონა. თავისმხრივ კი, მენტალური აშლილობის არ ქონა, არ გულისხმობს სრულფასოვან მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან როგორც ვთქვით, ჩვენი მენტალური კეთილდღეობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული - მასზე გავლენას ახდენს ჩვენი ფინანსური, სოციალური, ფიზიკური მდგომარეობა და სხვა. 

როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა გვქონდეს?

ადამიანის ცხოვრებაში პირველი ძლიერი სტრესი, რომელიც უპირობოდ ყველა ჩვენგანს გადაუტანია, არის დაბადება. დაწყებული ადრეული ბავშვობის ამ ეტაპიდან, ცხოვრების ყველა მონაკვეთში გვხვდება სირთულეები, რომელთა გადალახვა გვიწევს, თუმცა ის რესურსი, რომლითაც ცხოვრებისეულ სირთულეებს და სტრესს ვუმკლავდებით, ყველას ინდივიდუალურად გვაქვს მოცემული და გამომუშავებული.

როგორც ფიზიკურად ინტენსიური ან/და ხშირი დატვირთვის შემთხვევაში ძალა გამოგველევა და ამას ჩვენი სხეულის რომელიმე არეში ტკივილით მივხვდებით, ასევე შეიძლება ამოიწუროს ჩვენი მენტალური რესურსიც, რომლითაც სხვადასხვა ფორმით და სიხშირით წარმოქმნილ ცხოვრებისეულ სირთულეებს ვუმკლავდებით. ამ შემთხვევაშიც, სიმპტომი არის ნიშანი, რომელიც ჩვენი ფსიქოლოგიური რესურსის ამოწურვაზე მიგვანიშნებს.

სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგვანიშნებდეს:

  • გვირჩევნია თავი შორს დავიჭიროთ ჩვენი ოჯახის წევრებისგან და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილიც აღარ გვაქვს
  • ვკარგავთ იმ აქტივობების მიმართ ინტერესს, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებდა  (ხატვა, სეირნობა, მეგობართან სტუმრად მისვლა, საინტერესო ლექციის მოსმენა, წიგნის კითხვა..)
  • გვეცვლება ძილის რეჟიმი: ბევრი ძილი ან პირიქით - უძილობა
  • გვეცვლება კვების რეჟიმი: მომატებული მადა ან პირიქით - უმადობა
  • უენერგიობა - ძილის ხანგრძლივობის და ხარისხის მიუხედავად სისტემატიურად დაბალი ენერგია გვაქვს
  • ხშირად მეორდება უარყოფითი განცდები, ფიქრები, მოგონებები, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევთ
  • გვეუფლება უიმედობის ან დაუცველობის ძლიერი განცდა
  • ყოველდღიური, თუნდაც მარტივი საქმეების შესრულება რთული ან შეუძლებელი ხდება (სამსახურეობრივი ვალდებულებები, ბავშვების მოვლა, ოთახის დალაგება)
  • გვეცვლება ხასიათი - ვხდებით აგრესიულები და/ან მუდმივად გაღიზიანებულები ვართ
  • გვეუფლება უცნაური და გახშირებული დაბნეულობა, გულმავიწყობა, შიში და შფოთვა
  • ვიწყებთ თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარებას ან უკვე არსებობის შემთხვევაში - ხდება მოხმარების გახშირება
  • გვიჩნდება სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ აზრი
  • ვლინდება მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური ჰალუცინაციები ან ბოდვითი აზრები

ენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული დიაგნოზებია:

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში, რადგან გენეტიკასთან და ადრეული ბავშვობის გამოცდილებასთან ერთად, მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ჩვენი ცხოვრების წესი და ყოველდღიურობაც ახდენს. დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას დეპრესია წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე გამოვლინება აქვს: 

მსუბუქი, საშუალო და მძიმე დეპრესია - დეპრესიის ძირითადი ნიშნებია თვითშეფასების დაქვეითება, დაბალი ენერგია და განწყობა, ინტერესების დაკარგვა, შესაძლოა თავის ტკივილი, ძილის და კვების რეჟიმის ცვლილება, კონცენტრაციის და მობილიზების სირთულე, ხშირად განმეორებადი უარყოფითი ფიქრები და განცდები, როგორიცაა უიმედობა, სასოწარკვეთილება და დანაშაულის განცდა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ დეპრესია მეტია ვიდრე მხოლოდ სევდა ან მწუხარება. სევდა ბუნებრივი ემოციაა, რომელიც დროდადრო შეიძლება დაგვეუფლოს, ხოლო დეპრესია ჩამოთვლილიდან არაერთი სიმპტომის ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც გამოხატულია ყოველდღიურად და გრძელდება მინიმუმ 2 კვირის მანძილზე. 

ასევე ძალიან გავრცელებულია შფოთვითი დიაგნოზები, სადაც ერთიანდება შფოთვითი და პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვა, სოციალური ფობია და სხვა ფობიები. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შფოთვა არ არის მხოლოდ ნერვიულობა, როგორც ყოველდღიურ ტერმინოლოგიაში ვიყენებთ ხოლმე. შფოთვით დიაგნოზზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როდესაც შფოთვა ხშირი და გადაჭარბებულია მოსალოდნელ საფრთხესთან მიმართებაში ან შიში, რომელიც გვეუფლება რაიმე ობიექტის მიმართ, გადამეტებული და ყოვლისმომცველია, რაც ხელს გვიშლის კვლავინდებურად ფუნქციონირებაში. 

ხშირად, ეს ორი მენტალური პრობლემა ერთადაც ვლინდება ხოლმე, თუმცა როგორც სხვა ცხოვრებისეული პრობლემების დიდი ნაწილი დროებითი და მოგვარებადია, ასევეა მენტალური პრობლემების უმეტესობაც. დიგნოზები და სახელები კი, უბრალოდ აერთიანებს გარკვეულ ნიშნებს, იმისათვის, რომ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ფსიქოთერაპევტის ჩართულობითაც, უფრო მარტივად შევძლოთ ამ პრობლემასთან გამკლავება. 

იმის გათვალისწინებით, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სრულად აღრიცხვა გლობალურად ვერ ხერხდება, კვლევის მიხედვით ( The Institute for Health Metrics and Evaluation - Global Burden of Disease study ) 2017 წელს მსოფლიოში 792 მილიონ ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნებოდა, რაც დაახლოებით 10-დან ერთ ადამიანს გულისხმობს. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემების მიხედვით (The National Alliance on Mental Illness) ყოველწლიურად 5-დან ერთ ზრდასრულს რაიმე ტიპის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება.

როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლოა დროა მივმართოთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს?

ისევე, როგორც ფიზიკური დისკომფორტის შემთხვევაში ვაკითხავთ ექიმს და ვიტარებთ შესაბამის მკურნალობას, ნებისმიერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის ან სირთულის წარმოშობისას, რომელსაც:

  •  დამოუკიდებლად ან ოჯახის წევრების დახმარებით ვეღარ ვუმკლავდებით, 
  • ხელს გვიშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში და ჩვენი მოვალეობების შესრულებაში,
  • ჩვენი ცხოვრების ხარისხის საერთო მაჩვენებლზე უარყოფითად მოქმედებს

დგება საჭიროება, რომ მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება ვიპოვოთ გზები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებთ წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებას. ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები დაგეხმარებათ პრობლემის დროულად იდენტიფიცირებაში და რაც უფრო მალე შეამჩნევთ წარმოქმნილ ცვლილებებს, მით უფრო მარტივი იქნება ამ პრობლემის მოგვარება.

მსუბუქი ან საშუალო ხარიხსის მენტალური პრობლემის შემთხვევაში, გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ფსიქოთერაპიაც საკმარისი არის ხოლმე. ქრონიკული ან მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში კი, ფსიქოთერაპიასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების გამოყენებაც, მკურნალობის მეთოდი ყველასათვის ინდივიდუალურია და მისი შერჩევა, ჯობია სპეციალისტთან შეთანხმებით მოხდეს. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყოველდღიურ ჩვევებს: როგორ ვიკვებებით, რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად, ძილის რეჟიმი რამდენად მოწესრიგებული გვაქვს და სხვ. ცხოვრების წესის ცვლილება, ხშირად მნიშვნელოვნად გვეხმარება ცხოვრებისეული და მათ შორის მენტალური სირთულეების დაძლევაშიც. 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ფსიქოთერაპევტს შეგვიძლია პრევენციული მიზნით, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მივმართოთ. სამუშაო პროცესი დაგვეხმარება ჩვეულ ცხოვრებისეულ სირთულეებთან და სტრესთან გამკლავების ეფექტური გზების და დაძლევის ჯანსაღი მექანიზმების გამომუშავებაში, იმისათვის, რომ არ მოხდეს შემდგომში პრობლემის გამწვავება ან იმისათვის, რომ რთულ გამოწვევებს უფრო მომზადებულები დავხვდეთ.

მენტალური ჯანმრთელობა მეტია, ვიდრე მხოლოდ მენტალური დიაგნოზის არ ქონა და ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა - ფინანსური სტაბილურობისთვის, ვარჯიში - ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და მეგობრებთან ურთიერთობა - სოციალური კეთილდღეობისთვის. 


მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროებებიდან გამომდინარეთიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა დაამატა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ეს სიახლე დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ თანაგადახდით ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის კონსულტაციაზე.


YOUR CART (0)

No Products in the Cart