რატომ არის ადამიანისთვის ბუნებაში დროის გატარება მნიშვნელოვანი?
“ტყეში გავისეირნე და ხეებზე მაღალი გამოვედი.”
– ჰენრი დევიდ ტორო
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ შენობებში. ხეებს კორპუსებით ვანაცვლებთ, რის ფონზეც სუფთა ჰაერს ვამცირებთ, ხოლო ავტომობილთა რაოდენობის ზრდის ფონზე კი, სულ უფრო დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ. ყველაფერი ეს დღესდღეობით გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემათა გამომწვევი მიზეზი ხდება.
ბუნებასთან სიახლოვე ადამიანის ჯანმართელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.
“ქალაქური სივრცეების” გაზრდის, იგივე ურბანიზაციის შედეგია ის, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის ბუნებაზე ფიქრი კომფორტსა და სიამოვნებასთან ასოცირდება. თითქოს ეს მათთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს. თუმცა კი, ამის საფუძველი უფრო მეტად, ჩვენი ევოლუციის ისტორიაში უნდა ვეძებოთ – ჩვენც ხომ ველური სამყაროს ნაწილები ვიყავით და ბუნება ჩვენს სახლს წარმოადგენდა. ეს ვითარება ურბანიზაციამ ბოლო 200 წელში რადიკალურად შეცვალა.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეცნობიერად ბუნებას ჰარმონიასთან ვაკავშირებთ, ხშირად მაინც ვერ ვიაზრებთ, თუ რა დადებითი გავლენა აქვს მას ჩვენზე.
და მაინც, რას გულისხმობს ზუსტად ეს დადებითი გავლენა?
ამ თემაზე უამრავი კვლევა ტარდება და მათი მიხედვით, ბუნებაში ყოფნა რამდენიმე მიმართულებით რგებს ადამიანს, ესენია: ფიზიკური, მენტალური და სოციალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ფიზიკური:
ებრძვის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსუქნეს
ამცირებს არტერიულ წნევას
ამცირებს სიკვდილიანობას
მენტალური:
ამცირებს სტრესსა და დეპრესიულ სიმპტომებს
ამაღლებს დადებით განწყობასა და თვითშეფასებას
აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრირების უნარს
სოციალური:
ზრდის სოციალურ კეთილდღეობას
აუმჯობესებს სოციალურ კავშირებს/დამოკიდებულებებს
აუმჯობესებს იუმორის აღქმას
რა დოზით გვჭირდება ბუნებაში ყოფნა, რომ მას ჩვენზე დადებითი გავლენა იქონიოს? ბუნებაში გადაცხოვრებაა ამისთვის საჭირო თუ უბრალოდ ხედის ყურება ან 20 წუთიანი სეირნობაც გვეყოფა?
2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ იმ მონაწილეთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სასიკეთოდ შეიცვალა, ვინც კვირის განმავლობაში ბუნებაში 2 საათს მაინც ატარებდა. აღნიშნული შედეგი თანაბრად შეეხო ხანდაზმულებსაც და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებსაც. კიდევ უფრო პოზიტიური შედეგი ჰქონდათ მათ, ვინც ბუნებაში ყოფნას დაახლოებით 4-5 საათს უთმობდა. კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ მსგავსი შედეგის მისაღწევად არ აქვს მნიშვნელობა ამ პერიოდს ერთჯერადად გავატარებთ ბუნებაში, თუ მთელ კვირაზე გადავანაწილებთ.
ასევე, დეპრესიისა და მაღალი არტერიული წნევის დოზა–რეაგირების ანალიზის თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში, 30 წუთის ან უფრო მეტი დროის ე.წ მწვანე სივრცეებში ვიზიტმა შეიძლება მოსახლეობაში ეს დაავადებები 7% დან 9%-მდე შეამციროს.
მგსავსი მტკიცებულებები გვაძლევენ იმის თქმის საშუალებას, რომ ბუნება არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ საჭიროა. ტყეში გავალთ თუ ურბანულ გარემოში ბუნების ელემენტებს/სიმწვანეს შევიტანთ, დადებით ეფექტს ყველა შემთხვევაში დავინახავთ.
და თუმცა ბუნებაში ყოფნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანისთვის, დატვირთული გრაფიკის გამო ადამიანები ამას ხშირად ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში კი ოპტიმალურ გამოსავლად მათ “მწვანე გარემოს” საკუთარ ოფისებსა თუ სახლებში შემოტანა ესახებათ. გარდა აუცილებლობისა, მსგავსი გარემოს შექმნა იმიტომაცაა სასარგებლო, რომ სასიამოვნო შეგრძნებებს გვიჩენს და ჰარმონიას გვიქმნის. ასეთ გარემოში ბუნების დადებით თვისებებს მცირე დოზით, თუმცა მაინც ვიღებთ.
ბუნება ის ადგილია, რომელში ყოფნაც სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოცაა. დაკვირვებიხართ, რა სხვანაირად გრძნობთ თავს, როცა ქალაქიდან გადიხართ? როცა ხმაური არ გესმით და არც მაღალი შენობები გიფარავთ ცას? ყველაზე უფრო მეტად მაინც სურნელი იგრძნობა ხოლმე – ბუნების სურნელი, რომელსაც ქალაქში, ძირითადად, ვერ ვგრძნობთ ხოლმე. ალბათ სწორედ ამიტომაა ბუნება შეუცვლელი – ის ბუნებრივად გვაძლევს იმას, რისკენაც მუდმივად მივილტვით.
ამ ყველაფრის ფონზე კი გირჩევთ, თავისუფალ დროს აუცილებლად გახვიდეთ ბუნებაში, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებთ, ეცადეთ ბუნება იმ გარემოში “შეიტანოთ”, რომელშიც დიდ დროს ატარებთ.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე
The post რატომ არის ადამიანისთვის ბუნებაში დროის გატარება მნიშვნელოვანი? appeared first on Bloomin.