Ikigai – ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო
რა არის ცხოვრების აზრი? რატომ ცხოვრობს ბევრი ადამიანი ხვალინდელი დღის მოლოდინით? ამ კითხვებზე პასუხს იაპონური კონცეფცია “Ikigai” და მისი დასავლური მიდგომა გვთავაზობს, რომელიც ბედნიერების პოვნაში გვეხმარება.
იაპონური საიდუმლო ანუ Ikigai
Ikigai (აი-კა-გაი) იაპონურად “არსებობის მიზეზს” ნიშნავს და მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რის გამოც ყოველ დილას ვიღვიძებთ.
როგორც ფსიქიატრი მიეკო კამია აღნიშნავს, სიტყვები “Ikigai” და “ბედნიერება” ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ცოტათი განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. Ikigai-ს წყალობით, მომავლის მოლოდინი გვაქვს მაშინაც, როცა აწმყოში თავს უბედურად ვგრძნობთ. Ikigai ისეთი აქტივობებით გამოწვეული ბედნიერებაა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს და მნიშვნელობას აძლევს.
ამ არაჩვეულებრივი თეორიის მტკიცებულებები კუნძულ ოკინავას საზოგადოებაში იძებნება. აქ არსებულ ერთ-ერთ სოფელს “ხანგრძლივი ცხოვრების” სოფელსაც უწოდებენ, რადგან მათი მაცხოვრებლების სიცოცხლის საშუალო ასაკი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. აქ დასახლებული ადამიანები სწორედ Ikigai-ს ფილოსოფიის ერთგულები არიან.
იაპონური ფილოსოფიის თანახმად, Ikigai ყველა ჩვენგანს აქვს. ყველას გვაქვს მისწრაფება, ნიჭი და სხვებისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალიც. მთავარია მისი პოვნა. პოვნას კი, სჭირდება დრო, თვით-რეფლექსია და მოტივაცია.
Ikigai კეთილდღეობის მდგომარეობაა, რომელსაც ჩვენთვის სიამოვნების მომნიჭებელ აქტივობებში ჩართულობით ვაღწევთ, მაგრამ არ უნდა აგვერიოს Flow-ში – მდგომარეობაში, როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და თან კარგად გამოგვდის.
Ikigai მარტივად მიღწევადი რამეა და არა რომელიმე გრძელვადიანი მიზანი, რომლის მიღწევასაც წლები შეიძლება დასჭირდეს. ის შეიძლება ვიპოვოთ:
- ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში (კავშირი & ჰარმონია);
- საყვარელ საქმიანობაში, სამსახურში ან სხვა რომელიმე შემოქმედებით აქტივობაში (კრეატიულობა & Flow);
- მადლიერების გამოხატვასა და ვინმეს დახმარებაში (მადლიერება & კონტრიბუცია);
- ყოველდღიურ რუტინულ საქმეებში, ცხოვრების პატარა სასიხარულო მომენტების დაფასებაში (რიტუალები & პატარა სასიხარულო მომენტები).
Ikigai-ის პოვნისთვის, უბრალოდ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს გრძნობებს. რას ამბობენ ისინი? რა გვხდის ცხოვრებას უფრო აზრიანს? მთლიანობაში, ბედნიერ ცხოვრებას ყოველდღიური, პატარა სასიხარულო მომენტები ქმნის. მაგალითად, ვინმემ შეიძლება თქვას: “ეს ბავშვი ჩემი Ikigai-ა”.
ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოს, Ikigai-ის კონცეფციაზე, დასავლეთში ჩამოყალიბდა სტრუქტურირებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ბედნიერება ოთხი კომპონენტისგან შედგება.
ამ თეორიის თანახმად, ბედნიერებისთვის, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ რა გვიტაცებს ყველაზე მეტად და შემდეგ, ვიპოვოთ გზა, რომლის საშუალებითაც ამ მისწრაფებას გამოვხატავთ.
ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს
პირველი სფერო მოიცავს იმ საქმიანობებს, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიხარულს გვანიჭებს, ყველაზე ცოცხლად და სრულყოფილად გვაგრძნობინებს თავს. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, მეგობრებთან ერთად დასვენება, მოგზაურობა, ლექსების წერა და ა.შ.
წარმოიდგინეთ, რა გიყვართ ყველაზე მეტად. თავს უფლება მიეცით, სიღრმისეულად იფიქროთ და არ შებოჭოთ თქვენი თავი იმით, თუ რამდენად სასარგებლოა ეს საქმიანობა სხვებისთვის ან რამდენად კარგად ანაზღაურებადია.
ის, რაც განსაკუთრებულად კარგად გამოგვდის
ეს სფერო მოიცავს ყველაფერს, რაც განსაკუთრებულად კარგად გვეხერხება. ეს შეიძლება იყოს დასწავლილი, ზრდასრულობაში შეძენილი უნარები ან პატარაობიდანვე გამოვლენილი ნიჭი. ნებისმიერი რამ, რაც კარგად გამოგვდის, მაგალითად პიანინოზე დაკვრა, პრეზენტაციების კეთება, პორტრეტების ხატვა ან ადამიანების თანაგრძნობის უნარი.
აქ იგულისხმება ნებისმიერი შესაძლებლობა და ნიჭი, რომელიც გაგვაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა ამის ცოდნა მსოფლიოს სჭირდება, თუ – არა, ან შეუძლია რაიმე მატერეალური სარგებლის მოტანა, თუ – არა.
ის, რაც სამყაროს სჭირდება
სამყაროში შეიძლება მოვიაზროთ როგორც კაცობრიობა, ასევე პატარა საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ. აღნიშნული სფერო მოიცავს ნებისმიერი რამეს, რაც სამყაროს სჭირდება. ეს შეიძლება იყოს სუფთა წყალი, პოლიციისთვის გაუმჯობესებული ტრენინგები, ექთნის მომსახურება, მოხალისეების დახმარება და სხვა.
Ikagai-ის ეს დომენი, ყველაზე მეტად უკავშირდება სხვა ადამიანებს და სიკეთის კეთებას საკუთარი საჭიროებების გათვალისწინების გარეშე.
ის, რისგანაც მატერეალურ სარგებელს ვიღებთ
ეს განზომილება გულისხმობს ისეთ საქმიანობებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ანაზღაურების მიღება. შეიძლება, ლამაზ ფოტოებს ვიღებდე და მთაზე ცოცვა კარგად მეხერხებოდეს, მაგრამ ამაში არავინ იხდიდეს ფულს.
ის, თუ რამდენად ანაზღაურდება ჩემი უნარები და ლტოლვები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე თუ რამდენად მოთხოვნადია ეს ნიჭი საზოგადოებაში და ა.შ.
ამ ოთხი განზომილების მიხედვით:
- ის, რაც გვიყვარს და კარგად გამოგვდის, არის გატაცება;
- ის, რაც გვიყვარს და სამყაროს სჭირდება, არის მისია;
- რაც სამყაროს სჭირდება და რისთვისაც ანაზღაურებას ვიღებთ არის მოწოდება;
- ის, რაც კარგად გამოგვდის და რისთვისაც ანაზღაურების მიღება შეგვიძლია, არის პროფესია.
დასავლური დიაგრამის მიხედვით, ოქროს შუალედი მოიცავს იმას, რაც გვიყვარს, თან კარგად გამოგვდის, სამყაროსაც სჭირდება და რაც ანაზღაურებადია.
ცხოვრების აჩქარებულმა რითმა მოიტანა ის, რომ ადამიანები რუტინულად ვართ ჩართულები ყოველდღიურ საქმიანობებში და ჩვენი ქმედებების გაანალიზების დროც არ გვრჩება. გარკვეულ ეტაპზე, ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეც ვდგებით და გვიჭირს ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი. Ikigai-ის დასავლური მიდგომა გვეხმარება გავაცნობიეროთ, რისკენ მივილტვით, რა არის ჩვენი მისია თუ მოწოდება.
შეიძლება, ყველაზე ტკბილი წერტილის პოვნა რთულია, მაგრამ ეს დიაგრამა, აუცილებლად დაგვეხმარება იდეალურთან მიახლოებული ადგილის პოვნაში და არსებობის აზრის გაცნობიერებაში.
ავტორი: ნინი დარსაძე
The post Ikigai – ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო appeared first on Bloomin.