როგორ გავუმკლავდეთ წინასაახალწლო სტრესს?

როგორ გავუმკლავდეთ წინასაახალწლო სტრესს?

ახალი წლის დღესასწაული ბედნიერებასთან ერთად, სტრესთანაც ასოცირდება. საყიდლების გრძელი სია, შეძენილი ნივთებით იმედგაცრუება და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა ჩვენში ხშირად შფოთვის და უიმედობის შეგრძებას ზრდის. გვახსენდება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსები, როგორებიცაა: დრო, ენერგია და ფული, უკვე აღარ გვყოფნის. სწორედ ამიტომ, ახალი წლის მოახლოვება ბევრ ადამიანში უფრო მეტად მღელვარებას ამძაფებს, ვიდრე – სიამოვნებას.

ეს შეგრძნება სავსებით ნორმალურია და ფსიქოლოგიაში „სადღესასწაულო სტრესის“ სახელითაა ცნობილი. როდესაც ვხვდებით, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება და ჩვენ მიმართ ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს გარკვეული მოლოდინები უჩნდებათ, სტრესის დონე ორგანიზმში მატულობს – ტვინი გამოყოფს ისეთ ჰორმონებს, როგორებიცაა: კორტიზოლი და ადრენალინი, ორგანიზმი კი, მოქმედებისთვის (თავდაცვისთვის) ემზადება, ხშირდება გულისცემაც და იჭიმება კუნთები. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები სტრესის მოახლოვებასთან და მის ხანგრძლივობასთან ერთად, ხშირად კუნთების ტკივილსაც უჩივიან.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, შეამციროთ წინასადღესასწაულო სტრესი, მოდუნდეთ და დღესასწაულს შედარებით მშვიდად და სასიამოვნოდ შეხვდეთ.

დაივიწყეთ სრულყოფილება – იმის გააზრება და მიღება, რომ ღონისძიების დაგეგმვის დროს შეცდომების დაშვება ბუნებრივი და ნორმალური რამაა, დიდწილად შეგიმსუბუქებთ წინასადღესასწაულო შფოთვასა და სტრესს. როცა საქმე ახალი წლის დღესასწაულს ეხება, ადამიანები ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტად ღელავენ, რადგან სურთ, რომ ახალ წელს უშეცდომოდ შეხვდნენ, ამიტომ ხშირად ზედმეტად იძაბებიან და ანალოგიურ განწყობას ოჯახის წევრებსაც გადასდებენ ხოლმე. ცხოვრება სავსეა დაუგეგმავი მოვლენებით, ამიტომ დღესასწაული იდეალურადაც რომ დაგეგმოთ, ყოველთვის იქნება იმის შანსი, რომ რაღაც ისე არ მოხდება, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ. მოეშვით და გაიაზრეთ, რომ წინასაახალწლო მღელვარება, იდეალური საჩუქრები და სრულყოფილი სადღესასწაულო მაგიდა გაცილებით ნაკლებადმნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანია, ვიდრე თქვენი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა.

დააწესეთ საზღვრები – ჯანსაღი ემოციური თუ ფიზიკური საზღვრების დაწესება თავიდან აგარიდებთ პოტენციურ კონფლიქტებს. როგორც წესი, ახალი წლის დღესასწაულის დაგეგმვას თან სდევს აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სტუმრების რაოდენობის განსაზღვრა, საოჯახო საქმეების გადანაწილება, დღესასწაულის აღნიშვნის ლოკაციის შერჩევა, მენიუს შედგენა და ა.შ. ეს ისეთი საკითხებია, რომელთა შესახებაც თითქმის ყველას განსხვავებული წარმოდგენა აქვს, ამიტომ მშვიდად დაწყებული საუბრებიც კი უსიამოვნო დიალოგსა და კამათში გადაიზრდება ხოლმე. წინასწარ მოემზადეთ და გაიაზრეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობას, დიდი ალბათობოით, ვერ აცდებით. ამიტომ, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – კომპრომისების ხარჯზე ოჯახის წევრებთან მიღწეული კონსესუსი თუ ახალი წლის ზუსტად ისე გატარება, როგორც მხოლოდ თქვენ წარმოგიდგენიათ. არ მოგერიდოთ უარის თქმის, არაფერია იმაში სამარცხვინო, რომ დღესასწაული ისე გაატაროთ, როგორც თქვენ გინდათ.

წინასწარ შეადგინეთ ბიუჯეტი – შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში საყიდლებზე სიარული წინასაახალწლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ნაწილია. წინასწარ გაამზადეთ საჩუქრების ადრესატების სია და განსაზღვრეთ, რა ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებთ თითოეულ მათგანზე. ეს დაგეხმარებათ, ფულის ხარჯვისას დაიწესოთ გარკვეული ჩარჩოები და მათ არ გადააბიჯოთ. თუ პატარები გყავთ და შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, ეცადეთ, საყიდლებზე მათ გარეშე წახვიდეთ, რადგან დიდი შანსია, სახლში გაღიზიანებული დაბრუნდეთ და თანაც, იმაზე ბევრად მეტი გაუთვალისწინებელი ნივთით, ვიდრე ელოდით.

შეეცადეთ, არ ამოვარდეთ ჯანსაღი ცხოვრების რუტინიდან – სადღესასწაულო პერიოდი არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ უარი თქვათ ჯანსაღ კვებაზე და თავი შეიკავოთ ფიზიკური აქტივობებისგან. თუ აქამდე პერიოდულად ვარჯიშობდით, სტუმრობდით საცურაო აუზს და ჯანსაღი კერძებით უმასპინძლდებოდით საკუთარ თავს, აჯობებს, ასეც გააგრძელოთ. ფიზიკური აქტივობა განტვირთვის და სტრესის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამასთან, აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება გარესამყაროსადმი. წინასაახალწლო პერიოდში ქუჩაში შექმნილი საცობები, სავაჭრო ცენტრებში არსებული რიგები და საჭირო ნივთების დეფიციტი გარდაუვალი რამაა. წინასწარ განეწყვეთ ამ ყველაფრისთვის და ბევრს ნუ იდარდებთ თქვენგან დამოუკიდებელ ისეთ მოვლენებზე (მაგალითად, საცობებზე), რომლებსაც ვერ შეცვლით.

შეამცირეთ სოციალურ მედიაში გატარებული დრო – სოციალური მედია რეალურ ცხოვრებას არ ასახავს. პროფესიონალური გადაღების, ფილტრების, სურათების დამუშავებისა და ყალბი სტატუსების ფონზე, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ ირგვლივ ადამიანები გაცილებით უკეთეს ემოციურ თუ ფიზიკურ გარემოში ცხოვრობენ, ვიდრე – ჩვენ; რომ მათი ახალი წელი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე – ჩვენი და რომ ისინი ბევრად უკეთეს და სახალისო გარემოში აღნიშნავენ დღესასწაულს, ვიდრე – ჩვენ. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. სოციალურ მედიაში ასახული „იდეალური“ კადრები უფრო მეტად ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ფრაგმენტები რეალური სამყაროდან. ამიტომ, გირჩევთ, ეკრანებთან დროის გატარების ნაცვლად, თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს უყუროთ და მათთან ერთად დრო პროდუქტიულად გაატაროთ.

გახსოვდეთ, ახალი წლის თუ ნებისმიერი სხვა დღესასწაულის მთავარი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა თავი კარგად, მშვიდად, ბედნიერად ვიგრძნოთ, მეტი დრო გავატაროთ ერთმანეთთან, გავაზიაროთ ემოციები და დადებითად დავიმუხტოთ. ნუ აქცევთ ასეთ დადებით დღეებს სტრესის, შფოთვის მთავარ წყაროდ. პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა მოვლენები იწვევენ თქვენში წინასადღესასწაულო სტრესს და შეეცადეთ, გააანალიზოთ, როგორ შეგიძლიათ მათი მოგვარება ისე, რომ დღესასწაულს ნამდვილად სადღესასწაულო განწყობით შეხვდეთ.

The post როგორ გავუმკლავდეთ წინასაახალწლო სტრესს? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart