რა მოხდება, თუ ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე შევხედავთ?
გიფიქრიათ, რამდენ დროსა და ენერგიას დებს ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერულ თამაშში? ზოგჯერ, საათებსა და თვეებს ვხარჯავთ, მაგრამ ამაში ფულსაც არავინ გვიხდის. მეტიც, ჩვენ თვითონ ვართ მზად ფული გადავიხადოთ თამაშში. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, რომ შეგვეძლოს ამ მოტივაციის უფრო პროდუქტიულ აქტივობებში გადატანა? ალბათ ვეღარავინ შეგვაჩერებდა.
გეიმიფიკაცია (Gamification) თამაშის ელემენტების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ხელოვნებაა. თამაშის მექანიზმების არა-სათამაშო გარემოში გადმოტანით, ყოველდღიური, რუტინული საქმეები უფრო სახალისო და ჩამთრევი ხდება.
კომპიუტერულ თამაშებში პატარა გამარჯვებები ადამიანს კმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობას ანიჭებს. სიამოვნების მიღებასთან ერთად, ტვინი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონ დოფამინს. მისი დამსახურებით, მოტივირებული და ფოკუსირებული ვხდებით. ადამიანები ისე ჩამოყალიბდნენ, რომ პრობლემის გადაჭრა და სწავლება მათ სტიმულირებას ახდენს. კომპიუტერული თამაში კი, კარგი გამოსავალია ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მინიმალური პროგრესის შემთხვევაშიც ვიღებთ ჯილდოს.
არავინ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს ეჭვით, დავამარცხებ თუ არა მტერს ან გადავალ თუ არა შემდეგ ეტაპზე. რა მოხდება, თუ ამ მიდგომას გადავიტანთ რეალურ ცხოვრებაში? იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ “შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას?” ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა “როგორ უნდა გავაკეთო?”. საკითხების მიმართ ასეთი დამოკიდებულება დაზოგავს ჩვენს ფსიქიკურ ენერგიას და პრობლემაზე ფიქრის ნაცვლად, მის გადაჭრაზე ვკონცენტრირდებით.
ალბათ, ბავშვობაში ბევრს გვითამაშია “სუპერ მარიო” და არა ერთ ტურში გავსულვართ. გახსოვთ ერთ-ერთი ეტაპი, როცა სასახლეს უახლოვდებოდით და პრინცესა უნდა გეპოვათ? გახსოვთ, როგორი მოტივაციით ამარცხებდით გზად შემხვედრ დაბრკოლებებს? როგორც იქნა, მიზანს მივაღწევდით და სასახლესთან მისულს პატარა სოკო გვხვდებოდა, რომელიც გვეუბნებოდა: “პრინცესა სხვა სასახლეშია”. როგორ რეაგირებდით? ალბათ, ცოტათი ბრაზდებოდით, მაგრამ ერთი სული გქონდათ როდის გადახვიდოდით შემდეგ ტურში. თქვენ არ დემოტივირდებოდით და ნებდებოდით, რადგან იცოდით, რომ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო. რა მოხდება, თუ ცხოვრებისეულ პრობლემებსაც ასე შევხედავთ? თუ შეცდომებს შევხედავთ, როგორც თავგადასავლის ნაწილს, რომელიც გრძელდება?
რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, რასაც ვერაფრით ვერ შევხედავთ როგორც თამაშს. მაგალითად, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას, მაგრამ არსებობს მომენტები, რომლებსაც შეგვიძლია სხვა თვალით ვუყუროთ. მაგალითად, როცა სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი ფიქრობს, იქნებ ჩემი შესაფერისი ადგილი სხვა კომპანიაშია? ისევე, როგორც პრინცესა იყო სხვა სასახლეში? რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასეა, წარმატება შრომასთან ერთად მოდის.
გეიმიფიკაციის საშუალებით, სხვადასხვა აქტივობა უფრო ჩამთრევი ხდება და ისეთ ქცევებს ახალისებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება. უფრო სიღრმისეულ დონეზე, გეიმიფიკაცია ჩვენს პრიმიტიულ ინსტიქტებს ააქტიურებს:
- ცნობისმოყვარეობას და ცოდნის მოთხოვნილებას
- გამორჩეულობისა
და განსაკუთრებულობის სურვილს - შეჯიბრის და მიღწევის სურვილს
- თანამშრომლობის და საზოგადოების წევრობის მოთხოვნილებას.
არსებობს ხერხები, რომლითაც შეგიძლიათ ცხოვრება თამაშად აქციოთ და შეიქმნათ მოტივაცია მეტის მისაღწევად. ერთ- ერთი გზა ასეთია:
- განსაზღვრეთ თქვენი მიზნები. მიზნები უნდა იყოს მარტივი და კონკრეტული. აუცილებელია, მათი ამოცნობა ძალიან მარტივად შეძლოთ.
- მიანიჭეთ თითოეულ მიზანს ქულა. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია წიგნის დაწერა, შეგიძლიათ ეს მიზანი 100 ქულით შეაფასოთ. შემდეგ, ეს 100 ქულა გადაანაწილეთ უფრო პატარა მიზნებად, რომლებსაც ყოველ დღე ან ყოველ კვირას შეასრულებთ. ვთქვათ, კვირაში 5 გვერდის დაწერა შეაფასეთ 5 ქულით, 10 გვერდის დაწერა კი 10 ქულით.
- მოიფიქრეთ ჯილდო, რომლითაც განსაზღვრული რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში საკუთარ თავს წაახალისებთ;
- დაიხმარეთ მეგობრები და ოჯახის წევრები, ჩართეთ ადამიანები წახალისების პროცესში.
გეიმიფიკაციის ბევრნაირი ხერხი არსებობს და მათი მორგება სხვადასხვა სიტუაციასთან შეგვიძლია. როგორც რეი დალიომ თქვა, “მოეპყარი ცხოვრებას, როგორც თამაშს.”
თუ გეიმიფიკაციამ დაგაინტერესათ, გირჩევთ შემდეგ წიგნებს გაეცნოთ და უფრო მეტი გაიგოთ:
- Superbetter, Jane McGonigal – ავტორი გვიყვება, როგორ დაეხმარა ცხოვრების, როგორც თამაშისთვის ყურება სუიციდურ აზრებთან და დეპრესიასთან გამკლავებაში
- Level Up Your Life, Steve Kamb – როგორ ტრანსფორმირდა ზარმაცი ადამიანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში გეიმიფიკაციის შემოტანით
- Actionable Gamification, Yu-kai Chou – ამ წიგნში, გეიმიფიკაციის თემას უფრო ღრმად გაეცნობით და დეტალურად გაიგებთ რა დგას ასეთი მოტივაციის უკან.
ავტორი : ნინი დარსაძე
The post რა მოხდება, თუ ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე შევხედავთ? appeared first on Bloomin.