რა განსხვავებაა შფოთვას და ნერვიულობას შორის და რა შემთხვევაში ხდება შფოთვა პრობლემა?

რა განსხვავებაა შფოთვას და ნერვიულობას შორის და რა შემთხვევაში ხდება შფოთვა პრობლემა?

ხშირად, ერთნაირი მნიშვნელობით ვიყენებთ სიტყვებს “შფოთვა” და “ნერვიულობა”. სინამდვილეში, ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობებია. 

მართალია, შფოთვაც და ნერვიულობაც მღელვარებასთან და წუხილთან არის დაკავშირებული და შფოთვა ნერვიულობასაც მოიცავს, თუმცა ისინი სათავეს ტვინის სხვადასხვა ნაწილში იღებენ და შესაბამისად, განსხვავებულად მოქმედებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სწორად ვმართოთ, სასურველია გავარჩიოთ, როდის ვნერვიულობთ და როდის გვაქვს საქმე უსარგებლო შფოთვასთან.

ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, ნერვიულობას და შფოთვას ყველანი განვიცდით და უმეტეს შემთხვევაში, მათთან გამკლავების უნარიც გაგვაჩნია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს იღებს და თუ უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში ცხოვრებაში ხელი შეგვიშალოს. 

რას არის შფოთვა? 

შფოთვა, ჩვენი სხეულის ბუნებრივი რეაქციაა მოსალოდნელ საფრთხეზე. როდესაც ტვინს მიაჩნია, რომ საფრთხე გვემუქრება, ის სიგნალებს უგზავნის სხეულს და “ბრძოლა ან გაქცევის” რეაქციისთვის ამზადებს. ეს რეაქცია ჩვენში ჰორმონალურ და სხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რაც გვაიძულებს სწრაფად ვიმოქმედოთ და თავი დავიცვათ ზიანისგან. ეს განსხვავდება შიშისგან იმით, რომ შფოთვას უფრო მომავალში საფრთხის მოლოდინის შედეგად განვიცდით, როდესაც შიშის განცდა უფრო აწმყოში, გარდაუვალი საფრთხის დროს ხდება.

შფოთვა დაკავშირებულია ამიგდალასთან, ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. შფოთვას მაშინ განვიცდით, როდესაც ჩვენი “ემოციური” ტვინის ნაწილიდან წამოსული სიგნალი უფრო ძლიერია,ვიდრე ჩვენი ტვინის “რაციონალური” ნაწილიდან წამოსული სიგნალები.

რატომ განვიცდით შფოთვას?

ჩვენმა წინაპრებმა ეს ინსტინქტი მრავალი წლის წინ განივითარეს. მილიონობით წლის განმავლობაში შფოთვა ველური ბუნებისგან და აგრესიული ცხოველებისგან თავის დასაცავად იყო საჭირო. თუმცა, დღეს შფოთვას ბევრ ისეთ სიტუაციას ვუკავშირებთ, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ჩვენი სხეული, სამწუხაროდ მას მაინც სახიფათოდ აღიქვამს. მაგალითად, როდესაც ვშფოთავთ ფართო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის გამო. 

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ როდესაც, პოტენციურად და რეალურად სახიფათო სიტუაციას ვაწყდებით, როგორც შიშის ისე შფოთვის განცდა არა თუ ნორმალური, არამედ თვითგადარჩენისთვის აუცილებელიც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა პანდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას მოხვდები და  სხეულში დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნება გიბიძგებს, რომ დროზე გახვიდე ამ ადგილიდან. 

რას ნიშნავს ნერვიულობა?

ნერვიულობა შფოთვის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შფოთვის გარეშეც არსებობს. მას შეუძლია ჩვენში დაძაბულობა, მოუსვენრობა და გაღიზიანებულობა გამოიწვიოს. თუმცა, მისი შედეგები უფრო მსუბუქია – ვიდრე შფოთვის.  

ჩვენ ვნერვიულობთ კონკრეტული მიზეზებით, რომლებიც რეალურად არსებობს. მაგალითად, შეიძლება ვინერვიულოთ გამოცდისა თუ მნიშვნელოვანი პრეზენტაციის წინ, როცა კარგად არ ვართ მომზადებული.

ნერვიულობა დროის შედარებით მოკლე პერიოდში ჩნდება და მის გამომწვევ მოვლენასთან ერთად ქრება. შესაბამისად, ჩვენც უფრო სწრაფად ვუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას.

ნერვიულობის ამომავალი წერტილი ჩვენი აზრებია. ის ტვინის წინა კორტექსში ვითარდება,იმ ნაწილში, რომელიც ფიქრზე არის პასუხისმგებელი. ასევე, ნერვიულობა გვიბიძგებს პრობლემის გადაჭრისკენ და შფოთვასთან შედარებით, ამ დროს ფიზიკური სიმპტომები ნაკლებად აღინიშნება.

რა განსხვავებებაა შფოთვას და ნერვიულობას შორის?

ნერვიულობა კონკრეტულ შემთხვევას/მიზეზს უკავშირდება, შფოთვა კი უფრო – ბუნდოვანი და ზოგადია.

ჩვენ შეიძლება ვნერვიულობდეთ, რომ დაგვაგვიანდება დანიშნულ რეისზე (რომლის ბილეთიც გვაქვს ნაყიდი) და ვშფოთავდეთ ზოგადად, მოგზაურობის შესახებ. 

ნერვიულობა ჩნდება თავში, შფოთვას კი სხეულში ვგრძნობთ.

ნერვიულობა, ჩვენს ფიქრებთან არის დაკავშირებული, ხოლო შფოთვა უფრო მრავლისმომცველია და მას სხეულის სხვა ნაწილებშიც ვგრძნობთ. 

ნერვიულობა უფრო გააზრებულია, ვიდრე შფოთვა. 

ნერვიულობაა, როცა გვეშინია, რომ ცუდ შეფასებას მივიღებთ, რადგან პროექტზე ცუდად ვიმუშავეთ. შფოთვაა, როდესაც გვეშინია,რომ სამსახურიდან დაგვითხოვენ, რადგან უფროსი ისე თბილად არ მოგვესალმა, როგორც სჩვევია.  

ნერვიულობის ინტენსივობის კონტროლი უფრო შესაძლებელია, ვიდრე შფოთვის. 

როგორც კლინიკური ფსიქოლოგი, დენიელ ფორში ამბობს, ნერვიულობა უფრო ექვემდებარება კონტროლს. მაგალითად, როცა რაღაცაზე ვნერვიულობთ, შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაწუხებს. ხოლო, შფოთვისას უფრო რთულია სხვა საქმეზე გადართვა. 

ნერვიულობა შედარებით მსუბუქ დაძაბულობას იწვევს, შფოთვა კი უფრო ძლიერს.

ნერვიულობა მსუბუქ ემოციურ სტრესს იწვევს, შფოთვა კი მწვავე ემოციურ მდგომარეობას. 

შფოთვისას, უფრო მეტ ფიზიკურ სიმპტომს განვიცდით, მათ შორის თავის ტკივილს, დაძაბულობას გულ-მკერდის არეში, დისკომფორტს მუცლის არეში და სხვა.  

უმეტესად ნერვიულობას ჩვენით შეგვიძლია გავუმკლავდეთ, შფოთვას შესაძლოა პროფესიონალის დახმარება დასჭირდეს.

ნერვიულობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი დაძლევა ჩვენით შეგვიძლია. შფოთვის სამართავად შესაძლოა სპეციალისტის დახმარება გახდეს საჭირო, რადგან როდესაც ეს მდგომარეობა ქრონიკული ხდება, ხშირად მასთან დამოუკიდებლად გამკლავება არც ისე მარტივია. 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? 

შფოთვა პრობლემა ხდება, როდესაც ის ქრონიკულ სახეს იღებს და ხელს გვიშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. თუ განიცდით გადამეტებულ და ხშირ შფოთვას და ნერვიულობას, ამის გამო ერიდებით კონკრეტულ ადგილებს, უარს ამბობთ კონრეტულ აქტივობებში ჩართვაზე, ან პირიქით გიბიძგებთ განმეორებითი ქმედებებისკენ, რომ თავიდან აიცილოთ შფოთვა, ეს გირღვევთ ძილს, გიჭირთ კონცენტრაცია და ხშირად სხეულში გრძნობთ დაძაბულობას და ა.შ. ან თუ განიცდით  პანიკურ შეტევებს, შეიძლება სასურველი იყოს, სპეციალისტის კონსულტაცია.

ასევე  ტესტი  დაგეხმარებათ იმის დადგენაში, თქვენი შფოთვა ნორმის ფარგლებშია თუ შესაძლოა პრობლემა იყოს, რომელიც უკვე ხელს გიშლით. 

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რა განსხვავებაა შფოთვას და ნერვიულობას შორის და რა შემთხვევაში ხდება შფოთვა პრობლემა? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart