რა არის Deep work და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

რა არის Deep work და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

როგორც წესი, სამუშაო დღის განმავლობაში უამრავ შეტყობინებას, მეილსა და ნოტიფიკაციას ვიღებთ. მუშაობის დროს ერთდროულად რამდენიმე გვერდი გვაქვს გახსნილი და ყოველ 5-10 წუთში ან ტელეფონს ვამოწმებთ, ან ინსტაგრამისა და ფეისბუქის ფიდს ვსქროლავთ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავებს ვარწმუნებთ, რომ პროდუქტიულები ვართ და ეს ქმედებები სულაც არ გვიშლის ხელს დაწყებული საქმე ხარისხიანად გავაკეთოთ. 

სინამდვილეში, ყურადღების თუნდაც მცირეხნიანი გაფანტვა აქვეითებს პროდუქტიულობას და საშუალებას არ გვაძლევს განვიცადოთ Deep work – ანუ ბოლომდე ვიყოთ ჩართული ჩვენს საქმიანობაში, რაც აუცილებელი პირობაა ფასეული ინტელექტუალური პროდუქტის შესაქმნელად. 

რა არის Deep Work? 

Deep work არის მდგომარეობა, როდესაც პროფესიულ დავალებას ვასრულებთ მაქსიმალური კონცენტრაციით, ყურადღების გაფანტვის გარეშე, რაც გვეხმარება გამოვიყენოთ ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობების მაქსიმუმი. ასე აღწერს “ღრმა“ მუშაობის პრაქტიკას კალ ნიუპორტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი. 

მისი თქმით მუშაობის ეს ტიპი თითქმის აღარ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ერთ საქმიანობას ასრულებენ, ისინი მუდმივად ერთვებიან რაიმე სხვაზე. ნიუპორტი ამ მოქმედებას “უცებ შევამოწმებ”-ს უწოდებს. “უცებ შევამოწმებ რა მომწერეს”, “უცებ შევამოწმებ რა არის ახალი”, “უცებ შევამოწმებ მეილი ხომ არ მომივიდა და შემდეგ დავუბრუნდები საქმეს” – ასეთი ქმედებების გამო, ჩვენ რეალურად ერთ დავალებაზე არ ვმუშაობთ, არამედ ყურადღებას ვანაწილებთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ხელს გვიშლის პროდუქტიულობაში.

როგორც ნიუპორტი განმარტავს, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ დროს ვუთმობთ ამ აქტივობებს ერთ წუთს თუ ერთ საათს. სულ მცირე ხნით ყურადღების სხვა რაიმეზე გადატანა აქვეითებს პროდუქტიულობას, რადგან ტვინს დრო სჭირდება დაუბრუნდეს კონცენტრაციის იმავე დონეს

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, აუცილებელია ვისწავლოთ საქმიანობაში ჩაფლობა და გარკვეული დროით ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ ერთ საკითხზე. 

როგორ ჩავეფლოთ საქმიანობაში? 

გამორთეთ სოციალური მედია

მუშაობის დროს ყურადღება ძირითადად სწორედ სოციალური მედიის გამო გვეფანტება. როგორც წესი, სამსახურში და სახლში გამუდმებით ონლაინ ვართ და რაიმეს გამოტოვების შიში (Fear of Missing Out) გვაიძულებს მუდმივად ვამოწმოთ შეტყობინებები. მაშინაც კი, თუ შეტყობინება არ გვაქვს, რამდენიმე წუთში ერთხელ ვამოწმებთ ვინ რა დაპოსტა. 

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში უმჯობესია, თუ მუშაობის დროს სრულიად გამოეთიშებით სოციალურ მედიას. 

დაუწესეთ თავს სამუშაო ლიმიტი 

რაც უფრო დიდი დრო გვაქვს დავალების შესასრულებლად, მით უფრო მეტ დროს ვხარჯავთ უქმად, ისე, რომ ამას ვერც აღვიქვამთ. ამასთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა ლიმიტების დაწესება. მაგალითად, თუ სტატია გაქვთ დასაწერი მიეცით თქვენს თავს მხოლოდ საათნახევარი ამისათვის. შეზრუდული დრო გაგიჩენთ გადაუდებლობის შეგრძნებას და საქმეს უფრო პროდუქტიულად შეასრულებთ. 

გამიჯნეთ ზედაპირული საქმიანობა მნიშვნელოვანისაგან

როგორც წესი დღის განმავლობაში ორი ტიპის დავალებები გვაქვს. ერთი – რომელსაც კონცენტრაცია და საქმიანობაში ბოლომდე ჩართვა სჭირდება, ხოლო მეორე ზედაპირული დავალებები, რომელთა შესრულებაც ზედმეტი ყურადღების გარეშე შეგვიძლია.

ასეთი დავალებები შეიძლება იყოს მეილებზე პასუხის გაცემა, რეპორტის შევსება, სლაიდის დააფდეითება და სხვა. ასეთი საქმიანობების გაკეთებულად მონიშვნა სასიამოვნოა, მაგრამ დღის განმავლობაში განსაკუთრებულს არაფერს არ იძლევა. 

სწორედ ამიტომ, ნიუპორტი გვირჩევს ასეთი საქმიანობებისთვის დღის ბოლოს გამოვყოთ დრო და გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები უკვე შესრულებული გვაქვს. 

პრაქტიკული რჩევები Deep work-ის მისაღწევად

  1. მუშაობის დაწყებამდე დააყენეთ ტაიმერი 1-2 საათით და ამ დროის განმავლობაში ფოკუსირდით მხოლოდ თქვენს დავალებაზე.
  2. დააყანეთ მობილური airplane mode-ზე და დატოვეთ სხვა ოთახში. ტელეფონის დანახვამაც კი შეიძლება გადაიტანოს თქვენი ყურადღება.
  3. მოეწყვეთ კომფორტულად.
  4. დაჯექით სწორად, ეს დაგეხმარებათ კონცენტრაციაში.
  5. მოამზადეთ სამუშაო სივრცე, მაგიდაზე დააწყვეთ ყველაფერი რაც კონკრეტული დავალების შესრულებაში შეიძლება დაგჭირდეთ. 
  6. დაიდეთ ქაღალდი და კალამი გვერდით. ეს დაგეხმარებათ არ გაგეფანტოთ ყურადღება როდესაც ახალი იდეა მოგივათ ან რაიმე მნიშვნელოვანი გაგახსენდებათ, რაც უშუალოდ თქვენს ამოცანასთან არ არის დაკავშირებული. ასეთი აზრები ჩაიწერეთ და დაუბრუნდით თქვენს დავალებას. 
  7. საქმიანობის დაწყებამდე დაისახეთ კონკრეტული ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულოთ დათქმულ დროში, მაგალითად სტატიის დაწერა, რეპორტის გაკეთება, პრეზენტაციის მომზადება და სხვა. 
  8. დათქმული დროის გასვლის შემდეგ ადექით, შეგიძლიათ გაიაროთ, წაიხემსოთ ან უბრალოდ მცირეხნიანი დასვნებით დააჯილდოვოთ თავი. 

დღეს, როდესაც საქმიანობის უდიდესი ნაწილი აზროვნებასა და შემოქმედებითობას მოითხოვს, კონცენტრაცია და საქმიანობაში ბოლომდე ჩართვა შეუფასებელი უნარებია. ამასთან ერთად, ის ადამიანები, რომლებიც Deep work-ის სტილით მუშაობენ, გაცილებით უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post რა არის Deep work და რატომ არის ის მნიშვნელოვანი appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart