როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სკოლის საგნებით

როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სკოლის საგნებით

ბავშვების სკოლის საგნებით დაინტერესება ზოგჯერ ნამდვილი გამოწვევაა. შესაძლოა, მათ ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეთ ერთი საგნის მიმართ, მეორე კი, სრულიად მოსაწყენად მიაჩნდეთ. ხშირად, ბავშვების ინტერესი დამოკიდებულია მასწავლებელზე, სწავლის პროცესზე და სხვა გარემოებებზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელს შეუძლია ბავშვს დაეხმაროს, აღმოაჩინოს საინტერესო საკითხები მათთვის უინტერესო საგნებში.

დააკავშირეთ საგნები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან

იპოვეთ გზა, ბავშვებს დაანახოთ კავშირი სასკოლო საგნებსა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. დამოუკიდებლად ამ კავშირის დანახვა ბავშვებისთვის რთულია. ისინი ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ქიმიის ან ნებისმიერი სხვა საგნის სწავლა, თუ ის მხოლოდ სასკოლო წიგნებსა და საკლასო ოთახში არსებობს. მათთვის გასაგები მაგალითებით აჩვენეთ სასწავლო მასალა რეალურ ცხოვრებაში. საგნების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება უფრო საინტერესოს გახდის მის შესწავლას და მალე ბავშვები თავად, დამოუკიდებლად შეეცდებიან ასეთი მაგალითების აღმოჩენას.

აჩვენეთ კავშირი საგნებსა და მათ სასურველ პროფესიას შორის

სკოლა ბავშვებისთვის და ხშირად მოზრდილებისთვის ასოცირდება დაწესებულებად, სადაც უნდა ვისწავლოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში კარგი პროფესია და წარმატებული კარიერა გვქონდეს. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა, მისი გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ბავშვებს ზოგიერთი საგნების მიმართ ინტერესი გაუჩინოთ. დააკავშირეთ საგნები თქვენი ბავშვების სასურველ თუ საოცნებო პროფესიასთან. მოუყევით, თუ რა სასარგებლო შეიძლება იყოს ამა თუ იმ საგნის ცოდნა კოსმონავტებისთვის, ინჟინრებისათვის, ექიმებისათვის და სხვა. ეს ახლებურად დაანახებს ბავშვებს მათთვის უინტერესო საგნებს.

ნუ გამოიყენებთ მომავალ გამოცდას, როგორც მოტივაციას

ბევრი მშობელი ცდილობს, ბავშვი მეცადინეობაზე დაითანხმოს მომავალი გამოცდის შიშით. ამ მიდგომამ, შესაძლოა, მოკლე ვადაში იმოქმედოს, თუმცა გრძელვადიანი შედეგებისათვის ის არაეფექტურია. ბავშვებისთვის სწავლისა და მეცადინეობის პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. სწავლის მიზანი შემეცნებაა და არა გამოცდის ჩაბარება. ამასთანავე, გამოცდის შიშით მოტივირება ბავშვებისთვის შფოთვის მომგვრელია და სწავლას უარყოფით ემოციებთან აკავშირებს.

გაერკვიეთ ბავშვების ინტერესებში

საუკეთესო გზა ბავშვების დასაინტერესებლად არის მათი ინტერესების უკეთ გაგება. ბავშვის ინტერესების ცოდნა დაგეხმარებათ, მარტივად დაუკავშიროთ ისინი სასკოლო საგნებს და მათთვის საინტერესოდ ახსნათ სხვადასხვა საკითხები გაკვეთილებიდან.

გაახალისეთ მეცადინეობის პროცესი

ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ, როდესაც პროცესი სახალისოა. ეცადეთ, გადააქციოთ მეცადინეობა მრავალმხრივ შემეცნებით პროცესად. გამოიყენეთ თამაშები, სიმღერები, თავსატეხები ან დაჯილდოვების სისტემა მეცადინეობის პროცესში. ასე შეძლებთ ბავშვისთვის ყველაზე უინტერესო საგანიც კი საინტერესოდ და სახალისოდ აქციოთ.

ჩართეთ ბავშვები მეცადინეობის პროცესში

ხშირად, მშობლები ბავშვებს დავალებას აძლევენ და ელოდებიან, რომ ბავშვმა მოცემული დავალება უნდა შეასრულოს. ამის ნაცვლად, სცადეთ, ბავშვი სრულად იყოს ჩართული მეცადინეობის პროცესში. მიეცით მას საშუალება, თავად განსაზღვროს, რომელი საგნით დაიწყებს მეცადინეობას, რა საშუალებებსა და რესურსებს გამოიყენებს ამისათვის. ამით მათ საშუალებას მისცემთ, თავად აკონტროლონ პროცესი, იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა და მიეჩვიონ დამოუკიდებლად სწავლას. ამასთანავე, რამდენადაც ისინი სრულად იქნებიან ჩართული პროცესში, მათთვის სწავლა მეტად საინტერესო გახდება.

შეუძლებელია, ბავშვისთვის ყველა საგანი თანაბრად საინტერესო იყოს. თუმცა, მშობლებს შეუძლიათ მათ დაანახონ, რომ ყველა საგანშია რაღაც საინტერესო. მეცადინეობის პროცესის გახალისებით, საგნების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, შეძლებთ დაეხმაროთ, აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო საკითხები ერთი შეხედვით მოსაბეზრებელ საგნებში.

 

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

The post როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სკოლის საგნებით appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart