Kakeibo – ფულის დაზოგვის იაპონური ხელოვნება
ფულის დაზოგვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუ გსურთ ახალი ნივთი შეიძინოთ, ზაფხულის დასვენებისთვის წინასწარ დაიწყოთ ფულის დაზოგვა თუ სამოგზაუროდ წახვიდეთ, შეგიძლიათ ბიუჯეტირება Kakeibo-ს იაპონური მეთოდით სცადოთ. ფულის დაზოგვის ეს იაპონური ხერხი შექმნილია ხარჯების დაგეგმვისათვის, აღწერისათვის, ფულის გონივრულად გამოყენებისა და დაზოგვისათვის.
რა არის კაკეიბო?
კაკეიბო საყოფაცხოვრებო ფინანსურ წიგნს ნიშნავს. ეს არის ბიუჯეტირებისათვის განკუთვნილი ჟურნალის გამოყენება დანაზოგების დასაგეგმად და გონივრულად დასახარჯად. კაკეიბოს მეთოდი იაპონელმა ქალმა, ჰანი მოტოკომ შექმნა. მისი მეთოდი გულისხმობს ჟურნალში ყოველდღიური ხარჯების მითითებას და შემდგომ მის ანალიზს.
ფულის დაზოგვის ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1904 წელს. ის რეკლამირებული იყო, როგორც ბიუჯეტირების მარტივი გზა დიასახლისებისათვის. ამ იდეას პოპულარიზაციას უწევდა იაპონიის მთავრობაც, რათა მეტ ადამიანს შეძლებოდა ფულის დაზოგვა, დაბალი ხელფასის ქონის პირობებშიც კი.
კაკეიბოს საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ იმის ნაცლად, ბრმად ვითვალოთ, თუ რამდენი დავხარჯეთ თვის ბოლოს, კაკეიბო გვთავაზობს გავაკეთოთ ხარჯების გეგმა, სანამ თვე დაიწყება.
მის მიხედვით, ყოველი თვის დასაწყისში უნდა დასხდეთ და მოიფიქროთ:
- რა თანხა გაქვთ დასახარჯად
- რა თანხის შენახვა გაქვთ დასახული მიზნად
- რა გჭირდებათ, რომ მიზანს მიაღწიოთ
თვის განმავლობაში უნდა აკონტროლოთ თქვენი შემოსავალი და გასავალი, ყოველი კვირისა და თვის შემდეგ შეაჯამოთ რამდენი დახარჯეთ, რათა შეაფასოთ, რამდენად ახლოს ხართ თქვენს მიზნებთან.
როგორ მუშაობს კაკეიბოს მეთოდი
თვის დასაწყისი: მიზნის დასახვა
კაკეიბოს მიხედვით, თვის დასაწყისში განვსაზღვრავთ ჩვენს მიზანს.
- შემოსავალის განსაზღვრა – თუ ხელფასი გაქვთ, გამოთვალეთ თანხა, რომელიც ხვდება თქვენს ანგარიშზე (საპენსიო დანაზოგის, დაზღვევის, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით). დაამატეთ თანხა, რის მიღებასაც ელოდებით თვის განმავლობაში. შეიძლება იყოს შემოსავალი დამატებითი საქმიანობიდან, დაბადების დღის ფულადი საჩუქარი თუ სხვა.
- ფიქსირებული გასავლის განსაზღვრა – ჩამოწერეთ თანხები, რომელთა გადახდა ყოველთვიურად გიწევთ: ბინის ქირა, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომუნალური გადასახადები, საკრედიტო შენატანი და სხვა.
- დარჩენილი თანხის განსაზღვრა – გამოაკელით ფიქსირებული გასავალი შემოსავალს. ეს არის ის თანხა, საიდანაც შეგიძლიათ დაზოგოთ ფული.
- დანაზოგის განსაზღვრა – გადაწყვიტეთ, რა თანხის დაზოგვა გსურთ და შეგიძლიათ დარჩენილი თანხიდან. გამოაკელით დასაზოგი თანხა და მიღებული რიცხვი გაყავით კვირების რაოდენობაზე. ასე დაადგენთ, რა თანხა უნდა დახარჯოთ კვირაში, რომ დანაზოგის გადადება მოახერხოთ.
მიზნის დასახვის მაგალითი:
თუ თქვენი შემოსავალი 1500 ლარია, ხოლო ფიქსირებული გადასახადები – 700 ლარი, თქვენ გრჩებათ 800 ლარი სხვა ხარჯებისა და დანაზოგისთვის. თუ თვეში 200 ლარის გადადება გსურთ, ეს ნიშნავს, რომ კვირაში 150 ლარი გრჩებათ დასახარჯად.
თვის განმავლობაში: ყოველკვირეული დანახარჯის ასახვა
თვის გეგმის შედგენის შემდეგ, ის პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ და თვალყური ადევნოთ თქვენს ყოველდღიურ დანახარჯებს.
ტრადიციული კაკეიბო ხარჯებს ოთხ კატეგორიად ყოფს.
- აუცილებელი: საკვები, ტრანსპორტი
- ნებაყოფლობითი: კაფეში ან რესტორანში ვახშმობა, შოპინგი
- კულტურული: წიგნები, გამოფენები, მუსიკა, თეატრი, კინო
- დამატებითი: არაყოველთვიური, იშვიათი ხარჯები, მაგალითად, რემონტის ან საჩუქრების.
თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ იგივე კატეგორიები ხარჯების დასახარისხებლად ან თქვენი დანახარჯებიდან გამომდინარე, თავად მოიფიქროთ კატეგორიები.
მთავარია, ყოველი დღის ბოლოს ჩაიწეროთ რომელ კატეგორიაში რა რაოდენობის თანხა დახარჯეთ. ყოველი კვირის ბოლოს კი დააჯამეთ თანხები ერთმანეთს. კარგი აზრია კვირის ბოლოს კომენტარების მითითებაც. მაგალითად, თუ ერთ კვირაში შესამჩნევად მეტი დახარჯეთ, შეგიძლიათ მოინიშნოთ, რატომ მოხდა ასე. მაგალითად, ალბათ უფრო მეტს დახარჯავთ შვებულების დროს, ხოლო თუ მთელი კვირა სახლში გაატარებთ – ნაკლებს.
თვის ბოლო: დანახარჯების მიმოხილვა
თვის ბოლოს შეაფასეთ თქვენი გეგმა, დანახარჯები და შეადარეთ თავდაპირველი გეგმა რეალობას.
შეადარეთ, რა თანხა გქონდათ განსაზღვრული ფიქსირებული ხარჯებისთვის და რამდენი დახარჯეთ, რა თანხა დახარჯეთ ყოველკვირეულად და რამდენის გადადება მოახერხეთ დანაზოგისათვის. შეაფასეთ, რამდენად სწორად განსაზღვრეთ თქვენი დანახარჯები თვის დასაწყისში, რათა მომდევნო თვე უკეთ დაგეგმოთ.
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კაკეიბო ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გვთავაზობს:
- შეასრულეთ თქვენი მიზანი – დაგეზოგათ თანხა?
- თვის განმავლობაში რა გზები იპოვეთ თანხის დასაზოგად?
- დანახარჯების რომელ კატეგორიაში დახარჯეთ ზედმეტი?
- რას შეცვლიდით თქვენს დანახარჯებში მომდევნო თვეში?
რჩევები Kakeibo-ს მეთოდის წარმატებით გამოყენებისთვის
- უმჯობესია, თუ არ ფოკუსირდებით იმაზე, რომ თანხის დახარჯვა (რომელიც დაზოგვისთვისაა განკუთვნილი), არ შეგიძლიათ. არამედ, იფიქრეთ თქვენ მიერ განსაზღვრული თანხის გონივრულ ხარჯვაზე. თანხის დაზოგვას შეხედეთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს და არა მსხვერპლის გაღებას.
- გაყავით ერთმანეთისაგან საჭიროებები და სურვილები. განსაზღვრეთ აუცილებელი ხარჯები, როგორებიცაა: ქირა,კომუნალური გადასახადები. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რა ხარჯების დაზოგვა შეგიძლიათ.
- დაისახეთ პატარა მიზანი. უმჯობესია, თუ დასაწყისისთვის პატარა მიზანს დაისახავთ. ასე უფრო გაგიმარტივდებათ მიზნის მიღწევა და თანხის დაზოგვა არ იქნება სტრესული გამოცდილება. ამასთანავე, დროთა განმავლობაში, შეიძლება, გაგიადვილდეთ უფრო მეტი ფულის დაზოგვა.
კაკეიბოს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც საკუთარი ფულის გონივრულად განკარგვა და დანაზოგის გაკეთება სურს. ის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, ვფოკუსირდეთ დანაზოგზე, შემდეგ კი, შესაბამისად დავხარჯოთ დარჩენილი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც დანაზოგზე არ ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ რაც დაგვრჩა ის თანხა გადავდოთ, შესაძლოა, თვის ბოლოს აღმოვაჩინოთ, რომ დანაზოგისთვის არაფერი დაგვრჩა.
ხარჯების ყოველდღიურად ჩაწერა და მისი ყოველკვირეული და თვიური გაანალიზება გვეხმარება, უკეთ დავინახოთ როგორ ვხარჯავთ ფულს და მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post Kakeibo – ფულის დაზოგვის იაპონური ხელოვნება appeared first on Bloomin.