ბავშვები და გაჯეტები: რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანის წინ?

ბავშვები და გაჯეტები: რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანის წინ?

ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის. ამის მიუხედავად, მშობლებს აღელვებთ ეკრანებთან გატარებული დროის გავლენა ბავშვების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ცხადია, რომ ბავშვებისთვის გაჯეტების აკრძალვა გამოსავალი არ არის, მაგრამ რამდენი დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან? ამ კითხვას არა მხოლოდ მშობლები, არამედ ფსიქოლოგები და ექიმებიც სვამენ. განსაკუთრებით, დღეს, როდესაც პანდემიის პირობებში ეკრანთან გატარებული დრო საგრძნობლად გაიზარდა. რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შევამციროთ გაჯეტების გამოყენების დრო ისე, რომ ბავშვებს არ ავუკრძალოთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა? ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.

რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან

ბავშვებისა და მოზარდების ონლაინ და სოციალური აქტივობის მონიტორინგის პროგრამა Bosco- თანახმად, თებერვლის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სმარტფონის გამოყენების საშუალო დრო დღეში 4 საათი და 30 წუთი იყო. სკოლების დახურვის შემდეგ ეს დრო 8 საათსა და 40 წუთამდე გაიზარდა

ბავშვების მიერ გაჯეტების აქტიურად გამოყენება ორი ძირითადი მიზეზით აიხსნება. გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 35%-მა თქვა, რომ ისინი იყენებენ გაჯეტებს იმისთვის, რომ ბავშვები რამით გაერთონ, სანამ თავად სამსახურის ან სახლის საქმეებით არიან დაკავებულები. ხოლო მშობლების 23%-ის თქმით, ისინი შვილებს უფლებას აძლევენ აქტიურად გამოიყენონ გაჯეტები, რათა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით

ეკრანთან დიდი დროის გატარების მიზეზი მხოლოდ პანდემია არ არის. 2015 წელს ბრიტანეთში 2-12 წლამდე ბავშვების დედები გამოკითხეს, რომელთა 85%-მა თქვა, რომ ისინი იყენებენ გაჯეტებს იმისთვის, რომ ბავშვები წყნარად იყვნენ, სანამ თავად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები.

გაჯეტები ამ მხრივ მართლაც მოსახერხებელია. გასაგებია იმის სურვილიც, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ. თუმცა, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანებთან გატარებულ დროს ბავშვების განვითარებასა და ჯანმრთელობაზე.

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანთან დიდი დროის გატარებას ბავშვებზე

ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების განცხადებით, ეკრანთან დიდი დროის გატარებამ, შეიძლება, ზიანი მიაყენოს მცირეწლოვანი ბავშვების ჯერ კიდევ განვითარებად ტვინს. გაჯეტების ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის კონცენტრაციის, ფოკუსირებისა და ყურადღების უნარი, ასევე სხვა ადამიანების დამოკიდებულებების აღქმა, მათთან კომუნიკაცია და ლექსიკის მარაგის ათვისება

ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძილის პრობლემები
  • ნაკლები დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან
  • არასაკმარისი ფიზიკური და გარე აქტივობა
  • განწყობის ცვალებადობა 
  • წონის პრობლემები
  • საკუთარ თავთან და სხეულთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულებები და პრობლემები 
  • რაიმეს გამოტოვების შიში (FOMO-Fear of missing out)
  • ნაკლები დროის დათმობა სწავლისა და კითხვისთვის
  • ნაკლები დროის დათმობა დასვენებისა, რელაქსაციისა და გართობის სხვა ხერხებისათვის

როგორ განვსაზღვროთ, დიდ დროს ატარებს თუ არა ბავშვი ეკრანთან

ის, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება უარყოფითად აისახება ბავშვებზე, არ ნიშნავს, რომ მათ სრულიად უნდა ავუკრძალოთ გაჯეტების გამოყენება. თუმცა, აუცილებელია, რომ ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი, სმარტფონი თუ კომპიუტერი ბავშვის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილი იყოს

ამისთვის, ორ რამეში უნდა დავრწმუნდეთ

  1. ბავშვები სიამოვნებით არიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში როგორც ეკრანებთან ერთად, ასევე მათ გარეშე, მათ შორის, ფიზიკურ აქტივობებში, კითხვაში, შემოქმედებით თამაშებსა და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში
  2. როდესაც ბავშვები იყენებენ გაჯეტებს, ისინი უყურებენ და მოიხმარენ ხარისხიანი შინაარსის კონტენტს

ამის დასადგენად ქვემოთ მოცემული კითხვარი დაგეხმარებათ

თქვენს ბავშვს:

  • საკმარისად სძინავს
  • ფიზიკურად აქტიურია
  • ჩართულია სასკოლო აქტივობებში 
  • სოციალური კავშირი აქვს ოჯახთან და მეგობრებთან (რეალურ და ონლაინ სივრცეში)
  • აქვს სხვადასხვა ჰობი და ინტერესები 
  • გაჯეტების გამოყენების დროს ერთობა და სწავლობს
  • იყენებს ხარისხიანი შინაარსის კონტენტს 

თუ ამ მოცემულობებიდან უმრავლესობას ეთანხმებით, მაშინ სავარაუდოა , რომ გაჯეტები თქვენი შვილის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილია. სხვა შემთხვევაში კი, უმჯობესია, დაეხმაროთ ბავშვს, შეამციროს ეკრანთან გატარებული დრო და ჩაანაცვლოს ის სხვა აქტივობებით

რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, დოქტორი ლარი როზენი, ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია შეზღუდოთ ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის მონაკვეთი, ვიდრე ჯამური დრო, რომელსაც ისინი დღის განმავლობაში ატარებენ ეკრანთან. გაჯეტების გამოყენებისას ხშირი შესვენებები ასტიმულირებს ტვინს და ებრძვის ეკრანზე დამოკიდებულებას.

დაუწესეთ ბავშვებს ლიმიტი, თუ რა დროის გატარება შეუძლიათ ეკრანთან ერთ ჯერზე

დოქტორი როზენი გვთავაზობს გაჯეტების განოყენებისთვის 40 წუთიან ლიმიტს და შემდეგ ერთ საათიან შესვენებას 10 წლამდე ბავშვებისთვის. მოზარდებისთვის 1 საათიან ლიმიტს და შემდეგ ერთ საათიან შესვენებას. ხოლო თინეიჯერებისათვის – მაქსიმუმ საათნახევრიან ლიმიტს

ამასთანავე, ეცადეთ დააინტერესოთ ბავშვები სხვა აქტივობებით, ჩართეთ ისინი სახლის საქმიანობაში, მიეცით სტიმული დაკავდნენ ჰობით და ფიზიკური აქტივობებით.

რაც მთავარია, აჩვენეთ მაგალითი. ბავშვები ყველაზე უკეთ მიბაძვით სწავლობენ. თქვენ გაგიჭირდებათ მათი დარწმუნება არ გამოიყენონ გაჯეტები მთელი დღის განმავლობაში, თუ თავად ასე იქცევით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სმარტფონი ბავშვებთან ურთიერთობისას. ასე კარგ მაგალითს მისცემთ მათ და, თანაც, ბავშვებთან უფრო ხარისხიან დროს გაატარებთ

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post ბავშვები და გაჯეტები: რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანის წინ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart