როგორ შევხვდეთ ახალ წელს ეკომეგობრულად?

როგორ შევხვდეთ ახალ წელს ეკომეგობრულად?

ნაძვის ხე, საჩუქრები, ფეიერვერკები და ტკბილეული – ეს ახალი წლის დღესასწაულთან ასოცირებული საგნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ისინი ხშირად სპონტანურ ესთეტიკურ სიამოვნებას და კმაყოფილების განცდას გვანიჭებენ, ამიტომ ამ დროს, ალბათ, გარემოსთვის მათ საზიანო შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობთ.

ფაქტია, რომ ახალი წელი ერთ-ერთი პირველი დღესასწაულია, რომლის დროსაც ბუნება ადამიანის ზემოქმედებით განსაკუთრებით ზიანდება. თუმცა, ამ დღის გალამაზება, განწყობის ამაღლება და საყვარელი ადამიანების გაბედნიერება ბევრად უფრო ეკომეგობრული გადაწყვეტილებებითაც შესაძლებელია.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 რჩევას იმისათვის, რომ საახალწლო განწყობის შექმნა უფრო ეკომეგობრული გზებით შეძლოთ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდით.

ხელოვნური ნაძვის ხე – ახალ წელზე საუბარი, ალბათ, ნაძვის ხით უნდა დავიწყოთ. ალბათ, პირველი, ყველაზე მთავარი და ეკომეგობრული გადაწყვეტილება სწორედ ის იქნება, რომ ადამიანებმა ბუნებრივი ნაძვის ტოტების ყიდვისგან თავი შევიკავოთ და შესაბამისად, ტყეების მასიურ გაჩეხვას ხელი მაქსიმალურად შევუშალოთ. ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა გარემოებითი და ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისითაც გაცილებით ეფექტური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი გამოყენება წლების განმავლობაში ისეა შესაძლებელი, რომ ნაძვის ხე პირვანდელ იერს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ეკომეგრობრული გადაწყვეტილება იქნება, თუ ბუნებრივ ნაძვის ხეს ქოთნით შეიძენთ და შემდეგ მას ეზოში/პარკში გადარგავთ. ამასთან, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ წინა წლის დეკორაციებს და ახალ სათამაშოებს შედარებით თავშეკავებულად შევიძენთ.

ფეიერვერკები – მათ საზიანო შედეგებზე საუბარი ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. ერთი შეხედვით, ფეიერვერკი საკმაოდ ლამაზი, ბრწყინვალე, ფერადი ნათებაა, რომელიც ადამიანებში სადღესასწაულო განწყობას აღვიძებს, თუმცა, გარდა იმისა, რომ მისი გამოყენება სახიფათოა თვითონ ადამიანისთვისაც კი, ის განსაკუთრებით აზარალებს ბუნებას, კერძოდ კი, ცხოველთა სამყაროს. ქუჩაში მობინადრე ძაღლები და კატები ვერ აღიქვამენ ფეიერვერკის დანიშნულებას ისე, როგორც – ჩვენ. პირიქით, შენობებიდან ერთდროულად აგიზგიზებული ხმაურიანი ნათება მათ ძალიან აწუხებთ და აშინებთ. მათთან ერთად ზიანდებიან ფრინველებიც, რომლებიც თავს უსაფრთხოდ საკუთარ ბუდეშიც ვეღარ გრძნობენ და ხეებიც, რომლებსაც არაერთი ნაპერწკალი ხვდებათ. ამიტომ სასურველია, არ გამოვიყენოთ ფეიერვერკი და ახალ წელს ბუნებასთან ჰარმონიით შევხვდეთ.

სასაჩუქრე შეფუთვები – საჩუქრები ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ამ დღესასწაულის მოსამზადებელ პერიოდში სასაჩუქრე ყუთებისა და პარკების ყველაზე დიდი რაოდენობა იყიდება, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ დროს. თუ გსურთ ახალ წელს უფრო ეკომეგობრულად შეხვდეთ, ვიდრე გასულ წლებში, გირჩევთ, საჩუქრების შეფუთვისას ნაჭერი ან ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენოთ. ამასთან, შეეცადეთ, მიღებული საჩუქრების გახსნისას არ გახიოთ პარკები, არამედ გახსნათ ფრთხილად და აკურატულად, რომ მათი გამოყენება მომავალში ისევ შეძლოთ.

ცხოველების გაჩუქება – შინაური ცხოველის მოყვანა საახალწლო სურვილების სიაში, ალბათ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, განსაკუთრებით კი, იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები შვილების გასახარებლად ნაყიდ ლეკვს ან კნუტს რამდენიმე თვეში ვეღარ უვლიან და აჩუქებენ ან ყიდიან. საცხოვრებლის და ადამიანების შეცვლა კი, მათთვის წარმოუდგენლად დიდი სტრესია. ამიტომ, სანამ საყვარელ ადამიანებს შინაურ ცხოველებს აჩუქებთ, მანამდე დარწმუნდით, რომ ნამდვილად მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და მოუარონ ისე, როგორც ოჯახის ახალ, სრულფასოვან წევრს.

საკვების რაციონალური ოდენობით მომზადება – ახალი წლის დღესასწაული ჭარბი ოდენობით საკვების მომზადების თვალსაზრისითაც ერთ-ერთი პირველი დღესასწაულია. ხშირად ისეთ ოჯახებშიც კი, რომელთა წევრების რაოდენობა 3-4 ადამიანს ითვლის, ათობით ინდივიდზე გათვლილი სუფრა იშლება. საბოლოოდ კი, ჯერ დარჩენილი საკვებით ჯერ მაცივარი ივსება, შემდეგ კი, არც ისე იშვიათ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც სანაგვე პარკებში აღმოჩნდება. გასაგებია, რომ ახალი წლის დღეებში, შესაძლოა, სახლში სტუმრები გვეწვიონ და გვსურს, მათ მომზადებული დავხვდეთ, თუმცა, აჯობებს, წინასწარ გავამზადოთ შესაბამისი ინგრედიენტები და მათი მოსვლის შემთხვევაში, სტუმრებს ახალი კერძით გავუმასპინძლდეთ.

გახსოვდეთ, არ არის მთავარი, ერთ დღეს გაიღვიძოთ და სრულიად გადაეწყოთ ეკომეგობრულ ტალღაზე. მეტიც, ეს დიდწილად წარმოუდგენელიცაა. ამიტომ, მიეცით თქვენს თავს პატარა ნაბიჯების გადადგმის და ამ ნაბიჯებით სიამოვნების განცდის უფლება. თითოეული ადამიანის თუნდაც ერთი ეკომეგობრული გადაწყვეტილება მცირედ, მაგრამ სასიკეთო გავლენას ახდენს გარშემომყოფების და, ზოგადად, პლანეტის კეთილდღეობაზე.

The post როგორ შევხვდეთ ახალ წელს ეკომეგობრულად? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart