როგორ მოვიწყოთ სამუშაო სივრცე, სახლიდან მუშაობის პირობებში, მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად

როგორ მოვიწყოთ სამუშაო სივრცე, სახლიდან მუშაობის პირობებში, მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად

პანდემიამდე სახლიდან მუშაობა ბევრისთვის მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ სიტუაცია ისე შემოტრიალდა, რომ ოფისებმა სწორედ სახლებში გადმოინაცვლეს. მაშინ, როცა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სახლიდან მუშაობა კომფორტულია, მეორე ნაწილს ამგვარ რეჟიმში უჭირს საქმეზე კონცენტრირება. ასეთ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ გარემოში გვიწევს მუშაობა – არის თუ არა ჩვენი სამუშაო სივრცე გამოსადეგი საიმისოდ, რომ პროდუქტიულები ვიყოთ?

მას შემდეგ, რაც სახლიდან მუშაობა ასეთი აქტუალური გახდა, ძალიან ბევრი რჩევა გამოითქვა იმის შესახებ, თუ როგორი გარემო გვჭირდება პროდუქტიული მუშაობისთვის. პირველ რიგში, საჭიროა, თქვენ იგრძნოთ თავი კომფორტულად და მაქსიმალურად გაგიქრეთ იმის შეგრძნება, რომ სახლში ოფისის მსგავსად ვერ იმუშავებთ. სრულიად შესაძლებელია სახლი სწორედ ის ადგილი აღმოჩნდეს ან იმ ადგილად გარდაქმნათ, რომელიც ნაყოფიერ მუშაობას ხელს შეუწყობს. 

უფრო დეტალურად კი, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მოვიწყოთ სამუშაო სივრცე სახლში იმისთვის, რომ პროდუქტიულები ვიყოთ:

იფიქრეთ “თაგვივით”

…და იპოვეთ თქვენთვის ყველაზე მყუდრო და წყნარი კუთხე თქვენს სახლში. მანამ, სანამ ძალიან ბევრი ადამიანი ხმაურიან ფონზეა მიჩვეული მუშაობას, ზოგისთვის სიმშვიდეში მუშაობა აუცილეებლი პირობაა. ოფისისგან განსხვავებით, სახლში კიდევ უფრო მეტად იგრძნობა ნებისმიერი ტიპის ხმაური, იქნება ეს ძაღლის ყეფა, ბავშვების ჟრიამული, თუ უბრალოდ ქუჩიდან შემომავალი ხმაური. თუ თქვენთვისაც გამაღიზიანებელია ხმები მუშაობისას, მაშინ სწორედ ასეთ, შედარებით წყნარ ადგილას დაიდეთ ოფისი.

განაცალკევეთ თქვენი პირადი და სამუშაო სივრცეები

დიდი ალბათობით, არც თუ ისე ნაყოფიერი იქნება თქვენი მუშაობა, თუკი თქვენს სამუშაო მაგიდას თქვენი საწოლის გვერდით მოათავსებთ. ფაქტობრივად, ამგვარად შანსი გეძლევათ, ნებისმიერ მომენტში გადაიტანოთ თქვენი სამუშაოდან თქვენს პირად სივრცეზე ყურადღება, წამოწვეთ და შეისვენოთ არასაჭირო ხანგრძლივობით ან საერთოდაც, დატოვოთ მაგიდა და დაწოლილმა იმუშაოთ, რაც ძალიან უშლის ხელს პროდუქტიულობას. 

თუკი თქვენი საცხოვრებელი იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ცალკე ოთახი გამოყოთ სამუშაოდ, დაკიდეთ თქვენს სამუშაო მაგიდასა და საწოლს შორის ფარდა, რომელიც ერთგვარად გამყოფი ზოლის ფუნქციას შეითავსებს. 

ეცადეთ, თქვენს სამუშაო სივრცეში ბუნებრივი განათება დომინირებდეს

ეცადეთ, ისეთი ოთახი შეარჩიოთ სამუშაოდ, რომელსაც რამდენიმე ან ერთი და დიდი ფანჯარა აქვს და მოათავსეთ თქვენი სამუშაო მაგიდა მასთან. დღის შუქი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ხელს უწყობს სიფხიზლესა და პროდუქტიულობას. 

მაგალითად, ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვაში მოყვანილმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც შეიცვალეს სამუშაო გარემო და ოფისებში დღის შუქის განათებაზე მუშაობდნენ, თავის ტკივილი 63%-ით, ხოლო ძილიანობა 56%-ით შეუმცირდათ. 

აალაგეთ ზედმეტი ნივთები თქვენი სამუშაო მაგიდიდან

მუშაობის პროცესში, შესაძლოა, ძალიან ბევრი ჟურნალი, ფურცელი, სტიკერები და სხვა ნივთები დაგროვდეს თქვენს სამუშაო მაგიდაზე, რაც, ერთი შეხედვით, უწყინარი რამაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თქვენი გონების გაფანტვას უწყობს ხელს. ამიტომაც, ეცადეთ, თქვენი სამუშაო მაგიდა მუდმივად დაალაგოთ, რათა თქვენს პროდუქტიულობასა და საქმეზე კონცენტრირებას ხელი არ შეეშალოს. 

შეინარჩუნეთ სისუფთავე სამუშაო გარემოში

ოფისში მუშაობისას, დიდი ალბათობით, დამლაგებელი ალაგებდა სამუშაო სივრცეს, თუმცა, სახლიდან მუშაობისას ამ ფუნქციის შეთავსება თქვენ მოგიწევთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სამუშაო მაგიდაზე ქაოსი ჩვენი ყურადღების გაფანტვას იწვევს, თუმცა, ასევეა დაულაგებელი სამუშაო სივრცის შემთხვევაშიც. ამიტომაც, ეცადეთ, რეგულარულად დაალაგოთ თქვენი “სახლის ოფისი” იმისთვის, რომ მომდევნო დღეს ამაზე ფიქრმა დრო არ წაგართვათ. 

ფრთხილად შეარჩიეთ სკამი, რომელზეც მთელი დღის გატარება მოგიწევთ

ის, თუ რამდენად პროდუქტიულები ვიქნებით მუშაობისას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კომფორტულ სკამზე გვიწევს ჯდომა მთელი დღის განმავლობაში. ამიტომაც, აუცილებელია, მაქსიმალურად თქვენზე მორგებული სკამი შეარჩიოთ. 

არასწორმა სკამმა შესაძლოა, ზურგის ტკივილი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, რეგულირებადი სიმაღლის სკამი აარჩიოთ, რომელიც დაგეხმარებათ, დღის განმავლობაში ფეხები სხვადასხვა პოზიციაში ამყოფოთ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დამხმარე, ფეხების სკამს დაიდგამთ, რაც მეტ კომფორტს შეგიქმნით ჯდომისას. 

შეიტანეთ თქვენს სამუშაო გარემოში სიმწვანე

თქვენს სამუშაო სივრცეში მცენარის შეტანით გარემოს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდით. გარდა იმისა, რომ მცენარე ჟანგბადს გამოყოფს, მისი ყურება ასევე კარგი გზაა ჩვენი თვალების რელაქსაციისთვის. სიმწვანეს თავისთავად შეაქვს სიმშვიდე სამუშაო გარემოში და, შესაბამისად, ის პროდუქტიულობის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება, იყოს. 

შეიტანეთ თქვენთვის სასიამოვნო სურნელი სამუშაო სივრცეში

ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ სურნელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, შემოქმედებითობასა და პრობლემათა გადაჭრის უნარზე. ერთ-ერთ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, ლიმონის ზეთის სურნელმა მომუშავეთა პროდუქტიულობა 54%-ით გაზარდა. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენს სამუშაო სივრცეში თქვენთვის სასიამოვნო სურნელს შეიტანთ. ეცადეთ, ეს სურნელი არ იყოს მძაფრი და ასევე, კარგი იქნება, თუ ისინი ბუნებრივი არომატები იქნება, მაგალითად, ლავანდა და ეთერზეთები.

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო სურნელს:

ფიჭვი – სიფხიზლისთვის;

დარიჩინი – ფოკუსირებისთვის;

ლავანდა – დასასვენებლად;

პიტნა – განწყობის ასამაღლებლად;

ციტრუსი (ნებისმიერი) – სიფხიზლისთვის.

ბევრისთვის სახლიდან მუშაობა ყოველგვარი წინაპირობების გარეშეა ხელსაყრელი, თუმცა, მათთვის, ვისაც მსგავსი რეჟიმით მუშაობა უჭირთ, მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება. კომფორტული, ჩვენზე მორგებული და სასიამოვნო გარემო აუცილებლად მოგვცემს პროდუქტიულობის იმ დოზას, რომელიც ნაყოფიერად მუშაობაში დაგვეხმარება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

The post როგორ მოვიწყოთ სამუშაო სივრცე, სახლიდან მუშაობის პირობებში, მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart