რა სარგებლის მოტანა შეუძლია ჰობის ქონას და როგორ ავარჩიოთ ის
“იპოვე სამი ჰობი, რომელიც გიყვარს: ერთი – რომელიც ფულს მოგიტანს, მეორე – რომელიც დაგეხმარება იყო კარგ ფორმაში და მესამე – რომელიც საშუალებას მოგცემს იყო კრეატიული “
– ანონიმური
ჰობი არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც მივმართავთ თავისუფალ დროს, სიამოვნების მიღების მიზნით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივობა თუ გატაცება, რომლის დროსაც ვფოკუსირდებით არა შედეგზე, არამედ პროცესზე.
სამწუხაროდ, ხშირად ასეთ აქტივობებს დიდ ყურადღებას არ უთმობენ და ზოგჯერ დროის ფუჭად ფლანგვასთანაც აიგივებენ. არადა, ჰობით დაკავება საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის გარდა, რომ ჰობი თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესანიშნავი ხერხია, ის დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ჰობი გვეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში
ჩვენი ცხოვრება საკმაოდ გადატვირთულია სახლის თუ სამსახურის საქმეებით, საჭირო თუ არასაჭირო შეხვედრებით და მუდმივი კომუნიკაციით. ჰობი გვეხმარება გავჩერდეთ, ტემპი შევანელოთ და დრო საკუთარ თავს დავუთმოთ.
როდესაც არ ვფოკუსირდებით აუცილებელ საქმეებზე, როგორებიცაა შეხვედრისთვის პრეზენტაციის მომზადება თუ რეფერატის დაწერა და ჩვენს ყურადღებას მივმართავთ ჩვენთვის სასიამოვნო აქტივობისკენ, ეს გვეხმარება სტრესის მართვაში.
გვიქმნის ახალ გამოწვევებს
გამოწვევები ჩვენი განვითარებისათვის აუცილებელია, მაგრამ სამსახურთან დაკავშირებული გამოწვევები ხშირად შედეგზეა ორიენტირებული, თან ახლავს პასუხისმგებლობა სხვების მიმართ, დროში შეზღუდულობა და გარკვეული რისკები. გამოწვევები ჰობსაც ახლავს თან, თუმცა ისინი საშუალებას გვაძლევს თავად განვსაზღვროთ მიზნები და მეტად ვისიამოვნოთ პროცესით. ჰობით დაკავების დროს შეგვიძლია არ ვიფიქროთ შედეგებზე და მივცეთ თავს უფლება, ეტაპობრივად განვიცადოთ პროგრესი.
საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი
ჩვენ არასდროს ვიცით გამოგვდის თუ არა ესა თუ ის საქმე, სანამ მის გაკეთებას არ ვცდით. სწორედ ამიტომაა ჰობის ქონა კარგი, ის გვეხმარება აღმოვაჩინოთ ახალი ინტერესები და გამოვიყენოთ ჩვენი უსაზღვრო შესაძლებლობები ახალ საქმიანობაში. ახალ-ახალი რაღაცების ცდა გვეხმარება გავიფართოვოთ ჩვენი ინტერესების სფერო, ვიპოვოთ საქმიანობა, რომელიც გვსიამოვნებს და დროთა განმავლობაში შეიძლება ის ისე შეგვიყვარდეს, რომ ჩვენს ძირითად საქმიანობადაც კი იქცეს.
გვაახლოებს განსხვავებულ ადამიანებთან
ჰობი გვაერთიანებს განსხვავებულ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ინტერესი გვაკავშირებს. მაშინაც კი, თუ ჩვენი ჰობი ინდივიდუალურია, მაგალითად, კალიგრაფია ან მებაღეობა, ჩვენ ვეცნობით ჩვენთვის საინტერესო სფეროს, ვერთიანდებით ჯგუფებში, ვერთვებით დისკუსიაში და ვუკავშირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამავე აქტივობით არიან გატაცებულები. ეს ყველაფერი გვიჩენს მიკუთვნებულობის გრძნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის.
გვეხმარება ვიყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში
კარგ ფორმაში ყოფნა მოითხოვს რეგულარულ, ინტენსიურ, ფიზიკურ აქტიურობას, ვარჯიშს, ა.შ. როდესაც ეს აქტივობები არ გვაინტერესებს მათთვის დროისა და ენერგიის დათმობა რთულია და მეტად რეზისტენტულები ვართ მათ მიმართ.
მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენი ჰობი ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს, ეს გვეხმარება სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შევუთავსოთ. მაგალითად, დილის 6 საათზე გაღვიძების და სირბილის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩაეწეროთ კიკბოქსინგის ან ზუმბას კლასზე, ითამაშოთ ჩოგბურთი, იაროთ ველოსიპედით და ა.შ. არჩევანი თქვენზეა!
კვლევები ადასტურებს, რომ ჰობის ქონა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
2010 წელს კანზასის, პიტსბურგისა და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა 4 კვლევის შედეგი, სადაც 1399 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა დაავადების მქონე ქალები და მამაკაცები. მკვლევრებმა შეიმუშავეს პიტსბურგის სასიამოვნო აქტივობების ტესტი, რითიც ადგენდნენ ჰობისა და დასასვენებელი აქტივობების გავლენას საერთო ჯანმრთელობაზე.
ადამიანებს, რომლებმაც ტესტში მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს (ანუ მეტ დროს უთმობდნენ ასეთ აქტივობებს) ჰქონდათ სხეულის მასის უფრო დაბალი ინდექსი, შედარებით დაბალი წნევა და სტრესის ჰორმონების დაბალი მაჩვენებელი. ამასთან, ისინი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესულ სიტუაციებს, უკეთ ეძინათ და უფრო კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ცხოვრებით.
კიდევ ერთმა, სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ჰობით დაკავება აუმჯობესებს საქმის შესრულების ხარისხს. კვლევის თანახმად, უნივერსიტეტის ის თანამშრომლები, რომელთაც ჰობი ჰქონდათ, უკეთ უმკლავდებოდნენ პრობლემებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჰობად ისეთი საქმიანობა უნდა შეარჩიოთ, რომელიც სამსახურის საქმეებში დაგეხმარებათ. აარჩიეთ ჰობი, რომელიც გსიამოვნებთ და თქვენი შრომისუნარიანობის ზრდა დამატებითი ბონუსი იქნება.
როგორ შევარჩიოთ ჰობი
თუ ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა, უპასუხეთ მოცემულ შეკითხვებს. ისინი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი გატაცება.
- როგორი აქტივობები უფრო მოგწონს, ინდივიდუალური თუ ჯგუფური?
- სახლში გირჩევნია დროის გატარება თუ ბუნებაში?
- რისი კეთება განიჭებს განსაკუთრებულ სიამოვნებას?
- არის რაიმე უნარი, რისი გამომუშავებაც გსურს? (ისეთი, რომელიც არ არის დაკავშირებული შენს პროფესიულ საქმიანობასთან);
- არის რაიმე, რისი სწავლაც გსურს მხოლოდ ინტერესის გამო?
- არის რაიმე აქტივობა, რასაც ბავშვობაში სიამოვნებით აკეთებდი და შემდეგ შეწყვიტე? მაგალითად, ხატვა, ძერწვა, ფიგურების აწყობა და სხვა.
სანამ იმ საქმიანობას ან საქმიანობებს აღმოაჩენთ, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ, შეიძლება რამდენიმე ჰობი მოსინჯოთ, ზოგმა მეტად დაგაინტერესოთ, ზოგმა ნაკლებად, ზოგიერთში აქამდე უცნობი ნიჭი აღმოაჩინოთ ან სულაც არ გამოგივიდეთ. ეს პროცესის ნაწილია და დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თავად ძიების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის და ის არასდროს არის დროის ფუჭად კარგვა.
რა შეიძლება იყოს თქვენი ჰობი?
ჰობი შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივობა, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ. შეიძლება, თქვენი ჰობი ვინმეს პროფესია იყოს და პირიქით. აქ მნიშვნელოვანია არა თვითონ საქმიანობა, არამედ ის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რა არის ჩვენი ინტერესი და როგორ ვგრძნობთ თავს მოცემულ მომენტში.
იმ საქმიანობების სია, რომლებიც შეგიძლიათ ჰობად აქციოთ, ამოუწურავია. თუმცა, ინსპირაციისთვის შეგიძლიათ გავრცელებული ჰობების სიას გაეცნოთ:
- ხელოვნება და ხელობა: ხატვა, ძერწვა, ფლორისტიკა, კალიგრაფია, ხელნაკეთი სანთლებისა და საპნების დამზადება, გრაფიტი, ფოტოგრაფია, სამკაულების დამზადება, ქსოვა, ქარგვა, კერვა, ილუსტრაცია, ორიგამი და სხვა.
- მენტალური/სპირიტუალური: კითხვა, ენების შესწავლა, მედიტაცია, ჩანახატების გაკეთება, ლექსებისა თუ ნოველების წერა და სხვა.
- სპორტული: პილატესი, ჯირითი, კლდეზე ცოცვა, ცურვა, ყვინთვა, სირბილი, სხვადასხვა ორთაბრძოლის სახეობები, სკეიტბორდი და სხვა.
- მუსიკალური: ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკის შექმნა, სიმღერა.
- საკვებთან/სასმელთან დაკავშირებული: საჭმელების მომზადება, ცხობა და კონდიტერია, ღვინის დაგემოვნება, და სხვა.
- თამაშები: ამ კატეგორიაში ერთიანდება ყველა ტიპის თამაში ჭადრაკიდან თუ რუბიკის კუბიკიდან დაწყბეული, ვიდეოთამაშებით დამთავრებული.
- კოლექციონერობა: ერთ-ერთი გავრცელებული ჰობი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ნივთების შეგროვებას – მარკების, პოსტერების, კომიქსების, მონეტების და სხვა.
რაიმე გატაცებით რეგულარულად დაკავება გვაბედნიერებს და აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ის გვანიჭებს ინტელექტუალურ კმაყოფილებას, რასაც შეიძლება ვერ ვიღებდეთ სამსახურში. საშუალებას გვაძლევს დავისვენოთ, გავთავისუფლდეთ სტრესისგან, ვისწავლოთ მეტი ჩვენ შესახებ და ვიცხოვროთ უფრო მრავალფეროვანი და სავსე ცხოვრებით.
სტატია მომზადებულია TBC Concept -ისა და Bloomin.ge -ის პარტნიორობის ფარგლებში.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა სარგებლის მოტანა შეუძლია ჰობის ქონას და როგორ ავარჩიოთ ის appeared first on Bloomin.