Night mode

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს – “იმოძრავეთ მეტი!”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს – “იმოძრავეთ მეტი!”
ფონტის ზომა

ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის სპეციალისტები ყოველდღიურად საუბრობენ. ცხოვრების მჯდომიარე წესთან და მინიმალური ფიზიკური დატვირთვის არარსებობასთან დაკავშირებულ რისკებს გამუდმებით გვახსენებენ ექიმები და სხვადასხვა გამოცემები. სახლიდან მუშაობამ და მობილობის შეზღუდვამ კიდევ უფრო შეამცირა ჩვენი სამოძრაო არეალი და ისეთი ბუნებრივი, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობები, როგორიც არის ტრანსპორტამდე ფეხით მისვლა ან ოფისსა და მაღაზიებში სიარული.

ახლა, გლობალური პანდემიის პირობებში, მოძრაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. დამატებითი ფიზიკური აქტივობების საჭიროებაზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO), რომელმაც ფიზიკური დატვირთვის რეკომენდებული დონე კიდევ უფრო გაზარდა.

შეცვლილი რეალობა – საჭიროა კიდევ უფრო მეტი მოძრაობა

2020 წლის ნოემბრამდე WHO-ს რეკომენდაციის მიხედვით ზრდასრული (18-65), ჯანმრთელი ადამიანისათვის საჭირო იყო მინიმუმ 150 წუთის განმავლობაში საშუალო ინტენსივობით ფიზიკური დატვირთვა. განახლებული სახელმძღვანელოს მიხედვით კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ მინიმუმად 150 – 300 წუთი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა დაასახელა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელმა ზრდასრულმა ადამიანმა:

● უნდა გააკეთოს კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები (რომლებიც მოიცავს კუნთების ყველა დიდ ჯგუფს) საშუალო ან უფრო მაღალი ინტენსივობით კვირაში ორ ან მეტჯერ, რადგან ეს ვარჯიშები ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს იძლევა.
საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას კვირაში 300 წუთზე მეტი დაუთმოს.
● უნდა შეამციროს მჯდომიარე პოზაში გატარებული დრო და ჩაანაცვლოს ნებისმიერი ტიპის (დაბალი, საშუალო თუ მაღალი ინტენსივობის) ფიზიკური აქტივობით.

ყველანაირი მოძრაობა ითვლება

კორონავირუსის პანდემიამ ცხადად დაგვანახა ფიზიკური უმოქმედობისა და მჯდომიარე ცხოვრების წესის ნეგატიური გავლენა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასევე ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა და სარგებელი. თუმცა, როდესაც საუბარი ფიზიკურ აქტივობაზეა, ბევრი ადამიანი წარმოიდგენს დამღლელ სავარჯიშო რუტინას ან დილით სირბილს. რა თქმა უნდა, ვარჯიშიც და სირბილიც არაჩვეულებრივია ჯანმრთელობისათვის და ნამდვილად მიეკუთვნება ფიზიკურ აქტივობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობისათვის აუცილებლად ამ ფორმით უნდა დაკავდეთ.

ფიზიკური აქტივობის უამრავი ფორმა არსებობს. სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, რომელსაც ენერგიის დახარჯვა სჭირდება ფიზიკური აქტივობაა და სასარგებლოა.

დაკავდით ისეთი აქტივობებით, რომლებიც გსიამოვნებთ და გახალისებთ, რომელთა ინტეგრირებაც იოლია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს სამუშაოს ან ტრანსპორტირების ნაწილი (მაღაზიაში ფეხით ან ველოსიპედით წასვლა) საყოფაცხოვრებო საქმე, მაგალითად დალაგება, დასუფთავება ან მებაღეობა. ასევე სპორტი, თამაში და ცეკვა. აუცილებელი არ არის მუდმივად ერთი და იმავე აქტივობით დაკავდეთ, პირიქით! გახადეთ თქვენი დღეები უფრო მრავალფეროვანი, თქვენი სხეული კი უფრო მოძრავი და ჯანმრთელი. დაიმახსოვრეთ, ყველა მოძრაობა ითვლება!

ავტორი: მარიამ რუსიშვილი