Night mode

სეზონური ცვლილებების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

სეზონური ცვლილებების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე
ფონტის ზომა

სეზონური ცვლილებები ჩვენს განწყობაზე, მოტივაციასა და ენერგიის დონეზე ხშირად საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ისეთი გარემო ფაქტორები, როგორებიცაა: დღის ხანგრძლივობა, მზის ნათების ინტენსივობა და ამინდი, როგორც წესი, ჩვენი კვების რაციონს, რუტინას და საცხოვრებელ გარემოსაც კი განსაზღვრავენ. შესაბამისად, სეზონური ცვლილებების გავლენა ჩვენი მენტალური მდგომარეობის გარდასახვაში საკმაოდ ნორმალური და ბუნებრივია.

სეზონურ ცვლილებებზე ადამიანის რეაქციას ფსიქოლოგიაში სეზონურ აფექტურ აშლილობასაც (Seasonal Affective Disorder – SAD) უწოდებენ. თუმცა, ცვლილებებით გამოწვეული რეაქციები ინდივიდუალურია – ზოგი ადამიანი ნაკლებად ამჩნევს სიმპტომებს, ზოგი კი, აშკარად განიცდის და გამოხატავს.

როგორც წესი, სეზონური აფექტური აშლილობა თავს იჩენს გვიან შემოდგომით და მთელი ზამთრის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, არსებობს როგორც შემოდგომასთან და ზამთართან, ისე – გაზაფხულთან და ზაფხულთან დაკავშირებული აშლილობები.

შემოდგომისა და ზამთრის სეზონური დეპრესია, ძირითადად, შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • მელანქოლიური განწყობა თითქმის ყოველდღიურად;
  • ნაკლები ინტერესი ერთ დროს სასიამოვნო აქტივობების მიმართ;
  • სიზარმაცე და ენერგიის დეფიციტი;
  • ძილის რეჟიმის არევა;
  • მადასთან და წონასთან დაკავშირებული შესამჩნევი ცვლილებები;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა.

გაზაფხულთან და ზაფხულთან დაკავშირებული გავრცელებული სიმპტომებია:

  • ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მადის დაქვეითება და წონის შესამჩნევად კლება;
  • აღელვებულობა და აღზნებადობა.

სეზონის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაში ბუნებრივი მოვლენაა. დღის ხანგრძლივობასთან ერთად, იცვლება ჩვენი ბიოლოგიური საათი, დღის რუტინა და ძილის რეჟიმი. ამას თან ახლავს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული ქიმიური ნივთიერება, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე) დონის კლებაც რაც, როგორც წესი, მზის ნათების დაქვეითებითაა გამოწვეული. განათების ცვლილების გამო, შესაძლოა, ცვლილება ეხებოდეს მელატონინის დონესაც, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი ძილის ხარისხზე.

თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც სეზონური ცვლილებებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს – შემცირებული ან გაზრდილი დღე ხშირად ძილის ხანგრძლივობის გაზრდის ან შემცირებისკენ გვიბიძგებს. თუმცა, რეალურად, მზის ნათების ინტენსივობა ან ადრე დაბნელება ძილის ჩვენთვის საჭირო რაოდენობას არ ცვლის. ზრდასრული ადამიანისთვის, ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 7-8 საათით განისაზღვრება როგორც ზამთარში, ისე – ზაფხულში.

ეცადეთ, გამონახოთ დრო სეირნობისთვის – დილით სეირნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მზის სხივების ნახვის საშუალება აღარ გვაქვს. დილით 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სიარული დაგვეხმარება, დაიცვათ ორგანიზმი D ვიტამინის მკვეთრი დაქვეითებისგან, რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებასა და იმუნურ სისტემაზე.

დაუთმეთ დრო ხარისხიან დასვენებას – ხშირად გვავიწყდება, რომ დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ ხარისხიან დასვენებას ვიმსახურებთ და გვგონია, რომ დასვენების თხოვნა/მოთხოვნა ჩვენი სისუსტის გამოხატულება იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძალების აღდგენისთვის რამდენიმედღიანი ხარისხიანი დასვენება დამსახურებულიც იქნება და ეფექტიანიც ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის. კარგი იქნება, თუ შვებულებას ზაფხულში და ზამთარშიც გამოიყენებთ თუმცა, დასვენება ეფექტური რომ იყოს, შეეცადეთ, სამსახურთან დაკავშირებული საქმეები დროებით დაივიწყოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს – შეეცადეთ, შეამციროთ ულტრა რაფინირებული, არაჯანსაღი ცხიმებისგან შემდგარი  საკვების მიღება და ის ნაკლები შაქრის, კოფეინისა და ნაკლები ალკოჰოლის ჩემცველი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ. ეს დაგეხმარებათ, უკეთ მოამზადოთ ორგანიზმის იმუნიტეტი სეზონური ცვლილებებისთვის.

გაუზიარეთ თქვენი განწყობა ახლობლებს – ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს მნიშვნელოვნად ეხმარება იმის განცდა, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ არის. სცადეთ, იურთიერთოთ სასიამოვნო ახლობლებთან, გაუზიაროთ თქვენი განცდები. სეზონური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები თითქმის ყველა გარშემომყოფს აწუხებს. შეიძლება, ახლობლების მიგნებები გუნება-განწყობილების ამაღლებისთვის თქვენც გამოგადგეთ.

სეზონური ცვლილებების გავლენა ჩვენს მდგომარეობაზე ბუნებრივი და ნორმალურია. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი რუტინის, ცხოვრების წესის, კვების რაციონის შენარჩუნება ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია. კონცენტრირდით იმაზე, თუ რა შეიძლება მოგწონდეთ კონკრეტულ სეზონში – ნებისმიერ სეზონს ხომ მისთვის საინტერესო მახასიათებლები გააჩნია. რაც არ უნდა ძალიან გაწუხებდეთ წვიმა, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელით ტკბობას ყოველთვის შეძლებთ; როგორც არ უნდა ერიდებოდეთ მცხუნვარე მზეს, ზაფხულმა ნაკლებად დატვირთული სამუშაო დღის განრიგითა და სასიამოვნო საღამოებით შეიძლება მოგხიბლოთ; ქარიანმა შემოდგომამ – პროფესიული სიახლეებით გაგაოცოთ; სუსხიანმა ზამთარმა კი – ლამაზად დათოვლილი მთებითა და ახალი წელიწადის იმედიანი მოლოდინით გასიამოვნოთ.

 

სტატია მომზადებულია Plantaსა და Bloomin.geს პარტნიორობის ფარგლებში.