Night mode

როგორ მოვამზადოთ სალათა, რომელიც ძირითად კერძად შეგვიძლია მივირთვათ?

როგორ მოვამზადოთ სალათა, რომელიც ძირითად კერძად შეგვიძლია მივირთვათ?
ფონტის ზომა

ბოსტნეულის დამატება ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და ხშირად მას სალათის სახით ვიღებთ. მართალია, გემრიელი სალათის მომზადება ერთგვარი ხელოვნებაა და შეიძლება, ცოტა რთულიც გგონიათ, თუმცა ამ სტატიაში შემოგთავაზებთ “ფორმულას”, რომელიც დაგეხმარებათ, ნუტრიტებით გაჯერებული მცენარეული საკვებისგან გემრიელი კერძი სწრაფად და მარტივად მოამზადოთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სულაც არ არის აუცილებელი გრამებით გათვლა, მთავარი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებაა..

სალათის კეთება დაიწყეთ ფოთლების ბაზით.დღესდღეობით გავრცელებულ სალათებში, ძირითადად, სალათის ფოთლებს იყენებენ. თუმცა, უმჯობესია, თუკი სალათებში მუქ მწვანე და წითელ ფოთლებს გამოიყენებთ, მაგალითად: ისპანახს, რუკოლას, კომბოსტო კალეს ან ვარდკაჭაჭას. ეს მცენარეები უფრო მეტ ნუტრიტებს შეიცავენ, ვიდრე უბრალოდ სალათის ფოთოლი. უკეთესი არომატისთვის ყველაფერ ამას მოაყარეთ დაჭრილი ახალი მწვანილი.

ახლა უკვე სალათის შეფერვაზე უნდა იზრუნოთ. რაც მეტ ბოსტნეულს გამოიყენებთ, მით უკეთესი იქნება , სასურველია ცოცხალი ან ორთქლზე დამუშავებული სახით. თუმცა, მცირე რაოდენობის შემწვარი ბოსნეტულის გამოყენებაც შეგიძლიათ. ეცადეთ, სალათის მომზადების ამ ეტაპზე, ისეთი ვარიანტები აარჩიოთ რომლებიც  არ შეიცავენ სახამებელს მაგალითად: სიმინდი, ბარდა, ტკბილი კარტოფილი, რადგანაც მათი გამოყენება სხვა ეტაპზე მოგიწევთ, ამას კი ქვემოთ ნახავთ. 

იმისთვის, რომ სალათმა ენერგია შეგმატოთ, საჭიროა ცილაც. ცილის მისაღებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ:  ქათამი, თინუსი, სტეიკი ან ორი მაგრად მოხარშული კვერცხი. ასევე, შესაძლებელია, დავამატოთ პარკოსანა ოჯახის მცენარეებიც: ლობიოს ნაირსახეობები, მუხუდო, ბარდა ან ოსპი. 

დაამატეთ სალათს “ჭკვიანი ნახშირწყლები”, ისინი სალათს უფრო ნოყიერს ხდიან. ამისათვის, ლობიოს გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახევარი ჭიქა თბილი ან ცივი მოხარშული მარცვლეული, როგორიცაა ქერი ან ყავისფერი ბრინჯი. ასევე, ნახევარი ჭიქა სახამებლის შემცველი ნედლეული, როგორიცაა ბარდა, სიმინდი, ან ტკბილი კარტოფილი, შესაძლებელია ახალი ხილის დამატებაც. სალათს ასევე შეგიძლიათ, დაამატოთ მოცვის ან გარგრის ჩირი, თუმცა, მანამდე დარწმუნდით, რომ მათ შაქარი არ აქვთ დამატებული, შემდეგ კი ჭიქის მეოთხედი გამოიყენეთ სალათაში. 

არ შეგეშინდეთ ჯანსაღი ცხიმის. ავოკადო, ყველი, კაკალი, თესლი არამარტო არომატს მატებს სალათს, არამედ მათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიც აქვთ. ავოკადოს პორცია (ავოკადოს მესამედი), გაჯერებულია ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებითა და ჯანსაღი მონოუჯერი ცხიმებით. კაკალი და თესლი ასევე შეიცავს კარგ ცხიმებსა და  ცილებს. ყველი შეიცავს ცილებსაც და ის კალციუმის შესანიშნავი წყაროა.


ახლა დრესინგის ჯერია. დრესინგისთვის სალათს შეგიძლიათ ცალკე დაუმატოთ ჯანსაღი ზეთი და ვაშლის ძმარი ან ახლად გაწურული ციტრუსის წვენი, ან უბრალოდ შეურიოთ ისინი ერთმანეთში და ისე მოასხათ. დამატებითი არომატის მისაღებად შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და გამოიყენოთ მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი, ხახვი ან ციტრუსის ცედრა. თუ უფრო კრემისებრი დრესინგი გირჩევნიათ, შეაზავეთ ავოკადო ნივრით, ლიმონითა და ზეითუნის ზეთით, ასევე გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი, წიწაკა და სხვა სუნელები.

გამოტოვეთ ტოპინგები. დატოვეთ სალათი ჯანსაღად და ნუ გამოიყენებთ ბეკონს, სუხარიკებსა თუ სხვა, ნაყიდ კრემისებრ დრესინგებს – ისინი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი კალორიის, შაქრისა და არაჯანსაღი დანამატების წყარო. 

გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინგრედიენტი ერთროულად შეიცავს მრავალ სასარგებლო ნუტრიტებს და ამ სალათის მირთმევა შეგიძლიათ ნებისმიერ კვებაზე, იმისთვის რომ სრულყოფილად მიიღოთ ყველა საჭირო მაკრო თუ მიკრო ნუტრიტი, რის შედეგადაც დიდი ხანი გექნებათ სისავსის გრძნობა და ენერგია!

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე