Night mode

საკუთარი თავის თანაგრძნობა – ჩვევა, რომელიც ყველამ უნდა გამოვიმუშავოთ

საკუთარი თავის თანაგრძნობა – ჩვევა, რომელიც ყველამ უნდა გამოვიმუშავოთ
ფონტის ზომა

 “ის, ვინც ჰარმონიაშია საკუთარ თავთან, ჰარმონიაშია სამყაროსთან”

– მარკუს აურელიუსი

 

გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაუშვით მნიშვნელოვანი შეცდომა. როგორ იგრძენით მაშინ თავი? დაითრგუნეთ? საკუთარი თავი დაადანაშაულეთ? თუ, იფიქრეთ, რომ შეცდომების დაშვება ბუნებრივია და თქვენს თავს აპატიეთ?

მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “თვითგვემის” ნაცვლად, საკუთარ თავზე ზრუნვა ვისწავლოთ: უფრო მიმტევებელი ვიყოთ და ჩვენს თავს რთული პერიოდის გადალახვაში დავეხმაროთ.

რას ნიშნავს საკუთარი თავის თანაგრძნობა?

საკუთარი თავის თანაგრძნობა არის ზრუნვა და სიყვარული, რომელსაც ჩვენივე თავის მიმართ გამოვხატავთ. ეს არის დამოკიდებულება, როცა კრიტიკისა და განსჯის ნაცვლად, შეგვიძლია ჩვენი თავი უპირობოდ მივიღოთ და გაგებით მოვეკიდოთ მას.

როგორ ფიქრობთ, ნამდვილი და კარგი მეგობარი ვინ არის? ალბათ, ის, ვისაც ყველაფრის მიუხედავად შეუძლია, რთულ პერიოდში სითბო და მხარდაჭერა გამოხატოს. საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა ნიშნავს, ვიყოთ ჩვენივე თავის მეგობარი, რომელსაც გვერდში დგომა და თანადგომა შეუძლია. შეუძლია განასხვავოს, რა არის ცუდი გადაწყვეტილება ან შეცდომა და რას ნიშნავს იყო ცუდი ადამიანი.

როცა საკუთარ თავს თანავუგრძნობთ, მაშინ გვჯერა, რომ ჩვენ ფასეულები ვართ და სავსებით ნორმალურია, თუ ზოგჯერ რაღაც ისე არ გამოგვდის, როგორც წარმოგვიდგენია.

არის თუ არა საკუთარი თავის თანაგრძნობა და თვითშეფასება ერთი და იგივე?

ეს ორი ტერმინი არ გამოხატავს ერთსა და იმავე აზრს. თვითშეფასება არის ის, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენი თავის შესახებ, ხოლო თანაგრძნობა იმას გულისხმობს, თუ როგორ ვეპყრობით საკუთარ თავს.

კვლევების თანახმად, მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანიც შეიძლება არ იყოს საკუთარი თავის მიმართ თანამგრძნობი.

როგორ მივხვდეთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენი თავის თანაგრძნობა?

ალბათ, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რამდენად მიმტევებელი ვართ საკუთარი თავის მიმართ, თუმცა ამის უკეთ გაგებაში ქვემოთ მოცემული კითხვები დაგვეხმარება.

წაიკითხეთ ეს დებულებები და ეცადეთ, რაც შეიძლება გულწრფელად უპასუხოთ მათ:

  1. ვცდილობ, ჩემი თავის მიმართ სიყვარული გამოვხატო მაშინ, როცა ემოციურ ტკივილს განვიცდი;
  2. ვცდილობ, ჩემს გრძნობებს შევხედო, როგორც ადამიანობის ნაწილს;
  3. როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ვცდილობ ვითარებას მშვიდად შევხედო და ბალანსი შევინარჩუნო;

და

  1. ჩემს შეცდომებს კრიტიკულად ვუყურებ;
  2. როდესაც ჩემს შეცდომებზე ვფიქრობ, თავს მარტოდ ვგრძნობ და, თითქოს, სხვებისგან მოწყვეტილი ვხდები;
  3. როდესაც დათრგუნული ვარ, ჩემს შეცდომებზე ფიქრები მიპყრობს.

რაც უფრო მეტად ეთანხმებით პირველ სამ დებულებას და რაც ნაკლებად ეთანხმებით ბოლო სამს, მით უფრო კარგად შეგიძლიათ საკუთარი თავის თანაგრძნობა.

რას გვეუბნება მეცნიერება?

კვლევების თანახმად, საკუთარი თავის თანაგრძნობა პირდაპირ უკავშირდება ცხოვრებით კმაყოფილებას და ზოგად კეთილდღეობას.

ისინი, ვინც საკუთარ თავს თანაუგრძნობენ, ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისა და შფოთვისკენ, ნაკლებად ეშინიათ შეცდომების დაშვების.

ასევე, ასეთ ადამიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა აწუხებთ, მაგალითად, ზურგისა და თავის ტკივილი ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის თანაგრძნობა?

საკუთარი თავის თაგარძნობის სწავლა ისევე შესაძლებელია, როგორც შეგვიძლია ვისწავლოთ სხვების ქცევებზე ჩვენი რეაქციის კონტროლი. მაგალითად :

  • თქვენს თავს შეცდომების დაშვების უფლება მიეცით – კარგი იქნება თუ აღიარებთ, რომ სრულყოფილი არაფერი და არავინ არ არის და არარეალურია, საკუთარ თავს იდეალურობა მოსთხოვოთ;
  • მოეპყარით საკუთარ თავს ისე, როგორც კარგ მეგობარს – ეცადეთ, იფიქროთ, როგორ გაამხნევებდით, როგორ მოექცეოდით და რას ეტყოდით მეგობარს, რომელიც რაღაც სირთულეს გადააწყდა;
  • შეაჩერეთ უსიამოვნო ფიქრების ნაკადი – ძალიან მარტივია, რთულმა სიტუაციამ რუმინაციაში ჩაგითრიოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ რეკომენდაციები, რომლებიც რუმინაციის შეწყვეტაში დაგეხმარებათ;
  • გამოიყენეთ პოზიტიური ფრაზები – კარგი იქნება, თუ თავს ხშირად გაუმეორებთ:
  • “ჩემი ჯანმრთელობისთვის უკეთესია, თუ საკუთარი თავის მიმართ უფრო გამგები ვიქნები”;
  • “შეცდომები მაჩვენებენ, რომ რაღაცას ვსწავლობ და ვვითარდები”;
  • “შეცდომების დაშვება ნორმალურია და შემიძლია ჩემს თავს ვაპატიო”;
  • “მე ვიმსახურებ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას”;
  • “ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და შეცდომების გამო არ უნდა ვთქვა მათზე უარი”;
  • “მე არ ვარ არც პირველი და არც ბოლო ადამიანი, ვინც ზოგჯერ თავს ცუდად გრძნობს ან წარუმატებლობას გამოცდის”;
  • “შეცვლა არ არის მარტივი, მაგრამ არც ისე რთულია, როცა ჩემი თავის მეგობარი ვარ.”
  • მისწერეთ საკუთარ თავს წერილი – სცადეთ, გაიხსენოთ სიტუაცია, რომელმაც ტკივილი მოგაყენათ (შეყვარებულთან დაშორება, სამსახურის დაკარგვა, ცუდად წარდგენილი პრეზენტაცია). მისწერეთ წერილი საკუთარ თავს, სადაც ამ სიტუაციას აუხსნით ისე, რომ მასში არავის დაადანაშაულებთ – მათ შორის, თქვენს თავს.

ცხოვრებაში, რომელიც ისედაც სავსეა გამოწვევებით და უსიამოვნო გამოცდილებებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის მიმართ მიმტევებელი ვიყოთ.

 

ავტორი: ნინი დარსაძე