Night mode

რა არის ცრურწმენა და საიდან მოდის ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები?

რა არის ცრურწმენა და საიდან მოდის ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები?
ფონტის ზომა

ცრურწმენა ერთგვარი ირაციონალური ქცევაა, რომელიც ხშირად ჩვენდა უნებურად განსაზღვრავს ჩვენს ბევრ ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ, ხშირ შემთხვევაში, ვხვდებით, რომ შეუძლებელია, ცრურწმენა ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავდეს, სიცოცხლის განმავლობაში დალექილი ცოდნა მის შესახებ არ გვაძლევს საშუალებას, სხვანაირად მოვიქცეთ. 

თუკი ამ საკითხს მეცნიერულად შევხედავთ, ნებისმიერი ცრურწმენა არამხოლოდ არასწორი, არამედ განსახორციელებლად შეუძლებელიც კია. ცრურწმენები, რომლებისაც გვჯერა, ერთგვარად “უცნობის შიშს” გამოხატავს. ამ შიშს კი სწორედ რომ ცრურწმენით ვცდილობთ შევეწინააღმდეგოთ. 

სწორედ ამაზე საუბრობს ოჰაიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტივენ გრიფიც: “ადამიანები ერთგვარად ქმნიან კავშირებს თავიანთ ქმედებებს, ფიქრებს, გრძნობებს, საგნებსა თუ სხვა სიმბოლოებს შორის. ეს ასოციაციები ვითარდება ცხოვრების არაპროგნოზირებადი ნაწილის გასაკონტროლებლად.”

ცრურწმენები თითქმის ყველა კულტურისთვისაა დამახასიათებელი. არსებობენ ძალიან ბევრგან დამკვიდრებული ცრურწმენები და ასევე არსებობენ ადგილობრივი ცრურწმენებიც. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ამ სტატიაში ყველაზე გავრცელებულ ცრურწმენებზე გიამბოთ.

გატეხილი სარკე 

გატეხილი სარკის ცრურწმენის სათავე ძველ საბერძნეთში უნდა ვეძებოთ. სწორედ იქ მიიჩნევდნენ, რომ სარკეს ადამიანის სულის არეკვლა შეეძლო. როდესაც სარკე ტყდებოდა, ამით ადამიანის სული ზიანდებოდა და 7 წლის ვადაში უბედურებას უნდა დალოდებოდა ის. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს ცრურწმენა მხოლოდ და მხოლოდ ბერძნების ძველებურ აღქმებს ეფუძნება. 

კიბის ქვეშ გავლა

მრავალი უძველესი რელიგია და მითოლოგია თვლის, რომ სამკუთხედი სიცოცხლის სიმბოლოა. კიბე ხშირ შემთხვევაში სწორედ რომ სამკუთხედს ქმნის და მასში გავლა ბედის შეცვლის მიზეზად შეიძლება, მოვიაზროთ. თუმცა, თუკი თქვენს ცხოვრებაში ცვლილება მოხდება, ამას მთლად კიბის ქვეშ გავლასთან ნუ დააკავშირებთ, ეს ხომ უბრალოდ ძველი შეხედულებებიდან გადმოსული ცრურწმენებია. 

პარასკევი, რიცხვი 13

ბევრს სჯერა, რომ პარასკევი 13 დაწყევლილი დღეა. ეს ცრურწმენა შესაძლოა ისეთივე ძველი იყოს, როგორც ქრისტიანობა. ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად, იუდა ბოლო ვახშამზე მეცამეტე სტუმარი იყო, პარასკევს კი იესო ჯვარზე აცვეს. მიუხედავად რელიგიური საფუძველისა, უნდა გვჯეროდეს, რომ 13 რიცხვი არის ისეთივე ნეიტრალური, როგორც სხვა რიცხვები.

შავი კატა

შავი კატის ცრურწმენა ჯადოქრებს უკავშირდებათ. შუა საუკუნეებში ხალხის უმეტესობას სჯეროდა, რომ ჯადოქრები შავ კატებს კომპანიონებად და ჯაშუშებად იყენებდნენ. ამის გამო, ბევრს სჯეროდა, რომ მათ გზაზე შავი კატის დანახვა იმის ნიშანია, რომ რაღაც ჯადოქრობა მოხდებოდა მათ ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, ფიქრობენ, რომ სწორედ ეს ცრურწმენაა იმის მიზეზი, რომ ცხოველების თავშესაფრებიდან შავი კატები იშვიათად აჰყავთ. რეალურად კი, ეს იმიტომ ხდება, რომ საუკუნეების წინ ჯადოქრობების სჯეროდათ. 

ხელის გულის ქავილი

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხელის გულის ქავილს მატერიალური სარგებელი მოსდევს. ეს ცრურწმენა სათავეს საქსებისა და კელტების დროს იღებს – მათ სჯეროდათ, რომ თავიანთი სხეულის ნაწილების ვერცხლზე ხახუნით დაავადებებისგან განიკურნებოდნენ. ხშირ შემთხვევაში ისინი სწორედ ხელის გულებს იყენებდნენ საამისოდ. ვერცხლი სიმდიდრესთან და ქონებასთან ასოცირდებოდა, ამიტომაც ხელის ქავილს დღეს ფულის შოვნასთან აკავშირებენ. 

ხეზე დაკაკუნება

ბევრი მიიჩნევს, რომ ხეზე დაკაკუნება კარგ ბედთან ასოცირდება. ადრეულ პერიოდში სჯეროდათ, რომ ღმერთები ხეებში ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ ისინი თხოვნისთვის ხეზე აკაკუნებდნენ, მადლობის ნიშნად კი მეორედაც აკაკუნებდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, დღემდე შემორჩა ცრურწმენა, რომ ეს ქმედება ჩვენს ბედს სასიკეთოდ ცვლის. 

ტანსაცმლის ამობრუნებულად დატოვება

რუსული ცრურწმენის თანახმად, ტანსაცმლის უკუღმა დატოვება ან გარდირობში ამოტრიალებულად შენახვა ცუდი/ამოტრიალებული ბედის ნიშანია. ამიტომაც ბევრი თვლიდა და თვლის, რომ, საჭიროა, საჩვენებელ მხარეს ამოვატრიალოთ სამოსი და ისე შევინახოთ. თუმცა, რასაკვირველია, ესეც სხვა მსგავსი ცრურწმენების მსგავსად უბრალოდ საზოგადოებაში ჩანერგილი და ფესვგამდგარი ალოგიკური რწმენაა და მისი არ უნდა გვჯეროდეს. 

ცხენის ნალი 

ალბათ ხშირად დაგინახავთ სახლის კარებზე მიმაგრებული ნალი – ეს შემთხვევითი არაა. საკმაოდ გავრცელებულია ცრურწმენა ცხენის ნალის შესახებ, რომელიც კარგ ბედს გვიქადის. ჩვეულებრივ ნალს შვიდი ხვრელი აქვს, რიცხვი შვიდი კი თითქმის ყოველთვის წარმატებასთან, ბედნიერებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ კავშირდება ცხენის ნალი კარგთან. თუმცა, შვიდიანთან დაკავშირებული რწმენაც მხოლოდ ადამიანების აღქმებს ეფუძნება და მას რაიმე რეალურთან კავშირი არ აქვს. 

გადაჯვარედინებული თითები

ზურგსუკან გადაჯვარედინებული თითები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი იტყუება. სწორედ ასე იქცეოდნენ ქრისტიანები მრავალი საუკუნის წინ, როდესაც მათ დევნიდნენ. როდესაც მათ რელიგიის უარყოფას სთხოვდნენ, ისინი ამ გზით იცავდნენ თავიანთ რწმენას. ეს ერთგვარი სიმბოლოა იმის, რომ ტყუილი საპატიოდ ჩაითვალოს უფლის წინაშე. თუმცა, მიუხედავად მსგავსი თავდაჯერებისა, ტყუილი ტყუილად რჩება. 

დაცემინების დროს ჯანმრთელობის სურვება

თუკი დაცემინებას “ჯანმრთელობა” ან “დღეგრძელობა” არ მოჰყვება, უცნაურად გვეჩვენება ხოლმე. აღნიშნული ცრურწმენის სათავე რომში უნდა ვეძებოთ. მას საფუძველი პაპმა, გრიგოლი დიდმა ჩაუყარა, რომლის რწმენითაც დაცემინებისას ადამიანის სული სხეულს ტოვებდა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო, რომ ამგვარ მომენტში ადამიანისთვის ჯანმრთელობა გვესურვებინა და სული სხეულს მშვიდობიანად დაბრუნებოდა.

ადამიანებს ინდივიდუალური ცრურწმენები და რიტუალები გვაქვს ხშირად, რომელიც ჩვენს გამოცდილებას უკავშირდება… დაუკვირდით, თქვენ თუ გაქვთ პირადი ცრურწმენები ან რიტუალები, რომლებიც გაფერხებთ ან პირიქით, თავდაჯერებულობას/ძალას გმატებთ რაღაცების გაკეთების პროცესში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე