Night mode

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა?

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა?
ფონტის ზომა

ისევე, როგორც ზრდასრულები, ბავშვებიც განიცდიან უამრავ ემოციას: შიშს, ფრუსტრაციას, სევდას, ბრაზს, გაღიზიანებას. ემოციების ამოცნობა და პოზიტიური გზით გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ჩვენი ტვინი გადაამუშავებს თითოეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მათ კონკრეტულ ემოციას ანიჭებს. ბუნებრივად და საზოგადოებისთვის მისაღებ ტონად პოზიტიური ემოციების გამოხატვა ითვლება, რის გამოც, ხშირად ვბლოკავთ იმ უსიამოვნო ემოციებს, რომლებსაც მრავლად განვიცდით.

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სიხარულის, არამედ ბრაზის, სევდის და სხვა ნეგატიური ემოციების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციების გამოხატვის სწავლება?

  • ის ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, უფრო თავდაჯერებულად და ეფექტურად უმკლავდებიან სირთულეებს;
  • უფრო ემპათიურები და მხარდამჭერები არიან სხვების მიმართ;
  • უფრო პოზიტიური და სტაბილური ურთიერთობები აქვთ;
  • ქცევასთან დაკავშირებული ნაკლები სირთულე აქვთ;
  • უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სტრესს;
  • უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა უყალიბდებათ.

როგორ ვასწავლოთ ემოციების გამოხატვა?

ასწავლეთ ემოციების ამოცნობა

პირველ რიგში, სასურველია, პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ მარტივი ემოციების ამოცნობა. მაგალითად, სასარგებლოა იმის სწავლება, თუ როგორია ბედნიერი, მოწყენილი ან გაბრაზებული ადამიანი. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო კომპლექსურ ემოციებსაც ავუხსნით, მაგალითად, იმედგაცრუებას და ნერვიულობას.

ისაუბრეთ გრძნობების შესახებ

ყოველი დღის ბოლოს ბავშვს ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს, რა ეწყინა, რა გაუხარდა ან რამ გააბრაზა დღის განმავლობაში. ერთად განიხილეთ და ისაუბრეთ მისი გრძნობების შესახებ.

ანახეთ, როგორ უნდა გამოიყენონ სიტყვები ემოციების გამოსახატად. ეცადეთ, ბავშვებს გააგებინოთ, რა ემოცია დევს თქვენი სიტყვების უკან. მაგალითად: “მე მეწყინა, რომ შენი ტკბილეული დღეს შენს ძამიკოს არ გაუნაწილე. ვფიქრობ, ამის გამო ისიც მოწყენილია”.

ასწავლეთ საკუთარი ემოციების სახელდება

როდესაც რაიმე ემოციას განიცდის, მიეხმარეთ ამ ემოციისთვის შესაბამისი სახელის დარქმევაში. კარგად დაუკვირდით ქცევას, ყურადღება მიაქციეთ მისი სხეულის ენას, მოუსმინეთ რას ამბობს. დიდი ალბათობით, მიხვდებით, რას შეიძლება გძნობდეს. უთხარით: “ვხედავ, რომ შეშინებული ხარ”, “ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ”, “როგორც ჩანს, გიხარია, რომ ახლა ნაყინის საჭმელად მივდივართ” და ა.შ.

ასწავლეთ სხვა ადამიანებში ემოციების ამოცნობა

მიეცით ბავშვს საშუალება, დააკვირდეს და ამოიცნოს მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ემოციები. ემოციების ამოცნობაში დაგეხმარებათ სხადასხვა ზღაპრის პერსონაჟის მდგომარეობის გააზრებაც. მაგალითად, ანიმაციური ფილმის ყურების დროს, ბავშვს ჰკითხეთ: “როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ეს გმირი ახლა?” შემდეგ, ბავშვთან ერთად განიხილეთ, რას შეიძლება გრძნობდეს ესა თუ ის პერსონაჟი და რატომ. სწორედ ასე, ბავშვი ემპათიას სწავლობს.

აუხსენით, რომ ცუდი ემოციების არსებობა დანაშაული არ არის და არ გააუფასუროთ მისი გრძნობები

ნუ გაკიცხავთ ბავშვს ცუდი ემოციების გამო. თუ გაბრაზებულია, საშუალება მიეცით, ბრაზი გამოხატოს, თუმცა, ასწავლეთ ამ ემოციის გამოხატვის კონსტრუქციული გზა;

გოგონებსაც და ბიჭებსაც ზოგჯერ რაღაც უხარიათ, ზოგჯერ ბრაზდებიან და ზოგჯერ – სწყინთ. იყოს ბიჭი, არ ნიშნავს, არ ჰქონდეს გრძნობები და მოწყენის უფლება. ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით გენდერული სტერეოტიპებიც არსებობს. ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ ფრაზა: “კაცი არ ხარ? რა გატირებს!”. თუ მართლა ძლიერი ბავშვები გვინდა გავზარდოთ, პირიქით, მათ ემოციების გაზიარება უნდა ვასწავლოთ.

ვინც არ უნდა იყოს, უფროსი თუ უმცროსი, გოგო თუ ბიჭი, მას სჭირდება ემოციების გამოხატვა. ამიტომ, თუ ბავშვი ტირის, ნუ ეტყვით: “რა გატირებს” ან “არ იტირო”. უთხარით: “მესმის რომ გეწყინა, იტირე თუ გეტირება”; შემდეგ კი, ვცადოთ, რთული ემოციების გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ და პრობლემა აქედან გადავჭრათ.

მოუსმინეთ

ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ და კარგად მოუსმინოთ ბავშვს. საშუალება მიეცით, ბოლომდე დაიცალოს იმაზე საუბრით, რამაც მასში ნეგატიური ემოციები გამოიწვია და, ასევე, საშუალება მიეცით, გამოხატოს პოზიტიური ემოციები.

იყავით მისთვის სამაგალითო

თუ თქვენს შვილს ასწავლით, რომ გაბრაზების გამოსახატად კონსტრუქციული გზა უნდა მოვძებნოთ, მაგრამ მის დასანახად თქვენ არ ითვალისწინებთ იმავე რჩევას, მაშინ თქვენ სიტყვებს არანაირი ძალა არ ექნება.

მნიშვნელოვანია…

ემოციების გამოხატვაზე მთელი ბავშვობის განმავლობაში მუშაობა, მათ შორის, მოზარდობის პერიოდშიც. ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ვუმეოროთ, როგორ შეიძლება ემოციების ჯანსაღად მართვა, რადგან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ისინი განსხვავებულ სირთულეებს აწყდებიან და ამ ემოციებთან გამკლავება უწევთ.

 

სტატია მომზადებულია თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.ge –ს პარტნიორობის ფარგლებში.