Night mode

როგორ შევხვდეთ სირთულეებს უფრო ეფექტურად?

როგორ შევხვდეთ სირთულეებს უფრო ეფექტურად?
ფონტის ზომა

ნებისმიერი ნეგატიური ცვლილება განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე და მათში უნიკალურ ემოციებსა თუ აზრებს იწვევს. როგორც წესი, რაღაც დროის შემდეგ, ადამიანები ასეთ მოვლენებს უმკლავდებიან და ეს, ნაწილობრივ, რეზილიენსის დამსახურებაა. 

რას ნიშნავს რეზილიენსი?

რეზილიენსი, ანუ მედეგობა, არის  სწრაფი აღდგენის და ადაპტაციის უნარი ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ.

მისი საშუალებით ადამიანი არა მარტო ერგება დაძაბულ და დამთრგუნველ სიტუაციას, არამედ სარგებელსაც იღებს. რეზილიენსი გვეხმარება გამოსავლის ძიებაში, ემოციურ გამოჯანსაღებასა და წინსვლაში.

რეზილიენსი არ არის პიროვნული მახასიათებელი, რომელსაც მხოლოდ ზოგიერთი პიროვნება ფლობს. ამის საპირისპიროდ, რეზილიენსი მოიცავს ქცევებს, ფიქრებსა და ქმედებებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაისწავლოს და გამოიმუშავოს. 

როგორ გამოვიმუშავოთ რეზილიენსი? 

რეზილიენსი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის გამომუშავებასაც, ისევე, როგორც კუნთების გავარჯიშებას, ესაჭიროება დრო და ენერგია. იმისთვის, რომ  გაძლიერდეთ და სირთულეებს უფრო მარტივად შეხვდეთ, დაგეხმარებათ შემდეგი ქცევების გამომუშავება.

დაუპირისპირდით ნეგატიურ ფიქრებს

ჩვენი ტვინი ევოლუციურად არის მეტად მიმართული ნეგატიური ფიქრებისკენ და ჩვენს ირგვლივ ნეგატიურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებისკენ. ეს ჩვევა, ჩვენს წინაპრებს გარემოში საფრთხის იდენტიფიკაციაში ეხმარებოდათ. თუმცა, ამჟამად ჩვენ ყოველდღიურობაში აღარ გვემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიც იყო გარეული ცხოველისგან შეჭმა, შესაბამისად, ეს ჩვევაც აღარ არის ისეთი გამოსადეგი. ამის გამო ხშირად, ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებზე ვამახვილებთ და შედარებით ნაკლებად ვამჩნევთ იმ კარგს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. საბედნიეროდ, ჩვენს ტვინს აქვს ადაპტაციის და შეცვლის უნარი. თუკი სისტემატურად ვეცდებით, ნეგატიურ ფიქრებს დავუპირისპირდეთ და პოზიტიურით ჩავანაცვლოთ, დროთა განმავლობაში შევძლებთ ჩვენი აზროვნების და დამოკიდებულების  შეცვლას.

ამისთვის თქვენს თავს ჰკითხეთ: 

  • რა არის სამი რამ, რისი მადლიერიც ვარ ახლა?
  • სირთულეების მიუხედავად, რა მიდის ახლა კარგად ჩემს ცხოვრებაში?
  • რა მეამაყება საკუთარ თავში?
  • რისი იმედი მაქვს?

სცადეთ იმაზე ფოკუსირდეთ, რისი კონტროლიც შეგიძლიათ

როცა კრიზისს ან პრობლემას ვაწყდებით, ბუნებრივია, რომ  ვკონცენტრირდეთ და დავითრგუნოთ იმაზე ფიქრით, რისი კონტროლიც არ შეგვიძლია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ იოცნებოთ წარსულში დაბრუნებაზე და რაიმეს შეცვლაზე, უფრო გამოგადგებათ ფოკუსირდეთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც ამჟამად შეგიძლიათ. 

ამისთვის თქვენს თავს ჰკითხეთ: 

  • ამჟამად რისი კონტროლი შემიძლია? 
  • როგორ შეიძლება შევამსუბუქო ზიანი, რომელიც პრობლემამ შეიძლება მომიტანოს? 

მიიღეთ სხვებისგან მხარდაჭერა

მენტალური ჯანმრთელობისთვის და პრობლემებთან გამკლავებისთვის უმნიშვნელოვანესია სხვებისთვის განცდების გაზიარება და მხარდაჭერის მიღება.  ახლობელი ადამიანი, რომელიც ემპათიით მოგისმენთ,  ემოციების დარეგულირებაში დაგეხმარებათ და შეიძლება, სირთულეებთან გასამკლავებელი იდეებიც მოგაფიქრებინოთ. 

ეცადეთ ახალი ნაცნობებიც შეიძინოთ. ამისთვის, შეგიძლიათ რაიმე ჯგუფში გაწევრიანდით და პრობლემები იმ ადამიანებს გაუზიაროთ, რომლებიც თქვენს მსგავს გზას გადიან ან უკვე გაიარეს. 

ზოგჯერ, გვგონია, მარტო ვართ,  სხვებისთვის განცდების გაზიარება კი გვახსენებს, რომ ეს, ასე არ არის. 

ამისთვის თქვენს თავს ჰკითხეთ: 

  • ვის შემიძლია მოვუყვე ჩემი პრობლემის შესახებ და ვინ მომისმენს განსჯის გარეშე?
  • ვისგან შეიძლება გამოცდილება გავიზიარო?
  • მე რას ვურჩევდი ჩემს ახლო მეგობარს იმავე პრობლემით რომ მოსულიყო ჩემთან?

გახადეთ ყოველი დღე მნიშვნელოვანი 

განსაცდელის დროს, ძალაუნებურად იმაზე ვფოკუსირდებით, რაც არ გამოგვდის და უფრო მეტად ვითრგუნებით. ეცადეთ, ყოველდღე პატარა მიზნები დაისახოთ, რომელთა მიღწევაც შეგიძლიათ. დღიურში ჩამოწერეთ რამდენიმე მათგანი, თუნდაც ძალიან მარტივი და ელემენტარული. როცა რომელიმე მიზანს მიაღწევთ, გადახაზეთ და დაუკვირდით პატარა წარმატებას, რომელსაც მიაღწიეთ. 

ასევე, როდესაც პრობლემის წინაშე ვდგავართ, ჩვენი ყურადღება პრობლემასა და საკუთარი თავისკენაა მომართული. თუ ასეთ დროს სხვას დაეხმარებით ან რაიმე კეთილ საქმეს გააკეთებთ, თქვენი განწყობა გაუმჯობესდება და იმედის გრძნობა გაგიღვივდებათ. 

ამისთვის თქვენს თავს ჰკითხეთ: 

  •  დღეს რა შემიძლია გავაკეთო ღირებული? 
  • რისი გაკეთება შემიძლია, რომ დავეხმარო სხვას?
  • რა, თუნდაც მცირედი, მიზნების დასახვა შემიძლია, რომლის განხორციელებას შევძლებ?

ისწავლეთ წარსული გამოცდილებისგან

დაფიქრდით და გააანალიზეთ, რა დაგეხმარათ წარსულში წარმოქმნილ სირთულესთან გამკლავებაში, რა ხერხს მიმართეთ? რა იყო ეფექტური? შესაძლოა დღიურიც აწარმოოთ, სადაც წარსულ გამოცდილებას აღწერთ და განსაზღვრეთ, როგორ მოახერხეთ რთული პერიოდის გადალახვა.

თქვენს თავს ჰკითხეთ:

  • კონკრეტულად, როგორ ვუმკლავდებოდი სირთულეებს აქამდე?
  • რომელმა ხერხმა გაამართლა, რამ არ იმუშავა და რატომ?

იზრუნეთ საკუთარ თავზე

საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ფაქტორია სირთულეების გადასალახად. მოუარეთ საკუთარ სხეულს ჯანსაღი კვების, საკმარისი ძილის და ფიზიკური აქიურობის მეშვეობით. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას, დაკავდეთ თქვენთვის სახალისო და სასარგებლო აქტივობებით, რათა გაიუმჯობესოთ განწყობა და მენტალური ჯანმრთელობა.

თქვენს თავს ჰკითხეთ:

  • რა შეიძლება გააკეთო დღეს ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვისთვის?
  • რა შემიძლია გავაკეთო დღეს ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვისთვის?
  • რა შემიძლია გავაკეთო მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვისთვის?

სასურველია, არ დაველოდოთ ცხოვრებაში პრობლემების გამოჩენას იმისთვის, რომ დავიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

რა თქმა უნდა, რეზილიენსის გამომუშავება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრობლემა არ არის რეალური ან არ იმსახურებს ვალიდაციას. გახსოვდეთ, რომ მძიმე სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას დრო სჭირდება, თუმცა სწორი მიდგომით, ბევრ სიტუაციასთან გამკლავება არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყო მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ, განსაკუთრებით რთულ დროს. არ მოითხოვოთ ზედმეტი და ნუ იქნებით ძალიან მკაცრი. 

ნელ-ნელა, საკუთარ თავზე მუშაობით, შესაძლებელია რეზილიენსის და ფსიქოლოგიური იმუნური სისტემის გაუმჯობესება! 

 

ავტორი: ნინი დარსაძე