Night mode

როგორ შევინარჩუნოთ კავშირი საკუთარ თავთან?

როგორ შევინარჩუნოთ კავშირი საკუთარ თავთან?
ფონტის ზომა

ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად იმის გააზრება, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დაკვირვება და ზრუნვა.

ჩვენზე კარგად არავინ იცის რა გვჭირდება, რა გვწყინს ან რა გვიხარია. იმისთვის, რომ საკუთარ თავთან კავშირი არ გაწყდეს, საკმარისია, დღეში ერთხელ მაინც, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დავუსვათ და მათ გულწრფელად ვუპასუხოთ.

დაუკვირდით, რა ხდება თქვენს სხეულში

  • როგორია თქვენი გულისცემა, შენელებული ხომ არ არის?
  • ყბა დაძაბული ხომ არ გაქვთ?
  • გულ-მკერდის არეში დაჭიმულობას ხომ არ გრძნობთ?
  • მხრები მოდუნებული გაქვთ?

სხეული იმაზე მეტს გვეუბნება ჩვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ, ვიდრე გვგონია. ფიზიკურ მდგომარეობაზე დაკვირვებით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ სტრესს განვიცდით, თუნდაც, ამას არ ვაცნობიერებდეთ.

დაფიქრდით, რა გჭირდებათ

დღეს იმდენად დატვირთულები ვართ და ცხოვრების იმდენად აქტიურ რიტმს მივყვებით, რომ გვავიწყდება, ჩვენ თავს ვკითხოთ, რა გვაკლია ან რა გვჭირდება ბედნიერებისთვის. ამიტომ, თქვენ თავს ჰკითხეთ:

  • რა გჭირდებათ ამ კონკრეტულ მომენტში?
  • რა სჭირდება თქვენს სხეულს?
  • რა ემოციური საჭიროებები გაქვთ?
  • თავს უსაფრთხოდ გრძნობთ?
  • ყველაზე მეტს რაზე ფიქრობთ?

იმის გააზრება, თუ რა გვჭირდება და რა გვაკლია, არა მარტო რთული პერიოდის დაძლევისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ნებისმიერი ემოციურად ნაკლებად დატვირთული დღის გაუმჯობესებისთვისაც.

შეიძლება, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ზოგჯერ საყვარელ დესერტს რომ სამზარეულოში მიაგნებთ, მერე ხვდებით: “აი, თურმე რა მაკლდა და რა მჭირდებოდა ამ დღის გახალისებისათვის.”

დაუკვირდით, რა მუშაობს და გაიაზრეთ, რა არ მუშაობს

ზოგჯერ, ვგრძნობთ ან ვამჩნევთ, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც გაგვიხარდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. ან ყველაფერი ნორმალურად არის და ჩვენი შესაძლებლობების პოტენციალს მაქსიმალურად ვერ ვამჟღავნებთ.

ხშირად, ასე იმიტომ ხდება, რომ არასაკმარისად ვუკვირდებით და ვაანალიზებთ, რა ხდება ჩვენს თავს. ამიტომ, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ, მაგალითად:

  • მომთხოვნი რომ იყავით, ამან გაამართლა სხვებთან ურთიერთობაში?
  • როცა საქმეს გულს ვერ უდებდით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ არ შეეშვით? თუ უფრო ეფექტური იყო, როცა ასეთ დროს დაისვენეთ და შემდეგ ისევ განაგრძეთ?
  • უხასიათოდ როდესაც იყავით, რამ გამოგიკეთათ განწყობა ან რამ შეგიშალათ ხელი?

დაფიქრდით, რისი შეცვლა შეგიძლიათ

რამდენად ხშირად ფიქრობთ იმაზე, თუ რისი შეცვლა გინდათ და შეგიძლიათ? შეიძლება, სამსახურის შეცვლა გინდოდეთ და ეს ძალიან რეალური იყოს, მაგრამ ამ აზრის გაელვებისთვის დროც კი არ გქონდეთ. ან თუნდაც, ვინმეს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგეძლოთ, მაგრამ ვერც კი აცნობიერებდეთ თქვენს შესაძლებლობებს, რადგან არც კი ფიქრობთ ამაზე.

დაუკვირდით ნებისმიერ პრობლემას, რომელიც შესაძლოა უკეთ ყოფნაში ხელს გიშლიდეთ

  • თქვენი ქცევები და რწმენა-შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია?
  • რამე ხომ არ მოხდა, რაც თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც ახლა ხართ?
  • რისგან ხართ დაღლილი?
  • რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ?
  • რამე ისეთს ხომ არ ეჭიდებით, რაც თქვენს მენტალურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს?

პრობლემის გადაჭრის ნახევარი გზა მისი გაცნობიერებაა. ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება მეტი კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს, რაც მის გააზრებაში მოგეხმარებათ.

დაარქვით სახელი იმას, რასაც გრძნობთ

მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ემოციებსა და გრძნობებს შესაბამისი სახელი დაარქვათ და თავს უფლება მისცეთ, იყოთ ისე, როგორც ხართ.

  • დაარქვით ემოციას სახელი (გაბრაზებული ხართ, ნაწყენი ხართ, გაღიზიანებული ხართ და ა.შ.)
  • ამოიცანით, სხეულის რა ნაწილში გრძნობთ ამ ემოციას
  • ხელი სხეულის იმ ნაწილს დაადეთ, სადაც აღნიშულ ემოციას გრძნობთ
  • ღრმად ამოისუნთქეთ
  • ეცადეთ, გაიგოთ ამ ემოციის მიზეზი (“იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ…)
  • მოახდინეთ ამ ემოციის ნორმალიზება ანუ გაამართლეთ ის, რომ ასე გრძნობთ თავს (“მისაღებია გაბრაზებული ვიყო, რადგან…”)
  • მიეცით თავს საშუალება, რომ ეს ემოცია განიცადოთ (“ძალიან უსიამოვნო და შემაწუხებელია თავის ასე გრძნობა”)
  • გამოძრავდით, რომ ენერგიაზე მოხვიდეთ.

გამოიჩინეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ

ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ ისეთივე ემპათია გამოიჩინოთ, როგორც ამას საყვარელი ადამიანის მიმართ იზამდით. გულით მოუსმინეთ თქვენს თავს და იყავით უფრო ლმობიერი.

ზემოთ აღნიშული კითხვების დასმა თქვენი მდგომარეობის განსაზღვრაში და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ამ კითხვებზე პასუხების საშუალებით, უკეთ გაიაზრებთ რისკენ უნდა მიმართოთ დრო და ენერგია და შეინარჩუნებთ კავშირს საკუთარ თავთან.

 

სტატია მომზადებულია TBC Concept -ისა და Bloomin.ge -ის პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: ნინი დარსაძე