Night mode

როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ორგანიზმზე ?

როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ორგანიზმზე ?
ფონტის ზომა

სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ბუნებრივი ფიზიკური და მენტალური რეაქცია ცხოვრებისეულ მოვლენებზე. ყოველდღიურმა პასუხისმგებლობებმა, ოჯახთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა საკითხებმა, ომმა ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. 

ორგანიზმი სტრესს პასუხობს ისეთი ჰორმონების (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, კორტიზოლი) გამოყოფით, რომლებიც გულის რითმს აჩქარებს, სუნთქვის სიხშირეს ზრდის და კუნთებს პასუხისთვის ამზადებს. პასუხისთვის, რომელიც ადამიანს თავდაცვისთვის სჭირდება და რომელიც გვეხმარება, სწრაფად ვიმოქმედოთ საგანგაშო სიტუაციაში. 

ჩვენ ორგანიზმს აქვს რესურსი, გაუმკლავდეს გარკვეული რაოდენობის სტრესს. მეტიც, მცირე დოზით მისი არსებობა, საჭირო და აუცილებელია. მაგრამ, როდესაც სტრესი ქრონიკულ ხასიათს იღებს და დროში ხანგრძლივდება, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სფეროს:

იმუნური სისტემა

ქრონიკული და დროში გახანგრძლივებული სტრესი, ზოგადად, აქვეითებს იმუნიტეტს, რაც ზრდის ინფექციების გაჩენისა და ავად გახდომის რისკს. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

სტრესი აჩქარებს გულის ფეთქვას, რის შედეგადაც, კუნთებსა და სხეულის ორგანოებს ნორმალურზე მეტი სისხლი მიეწოდება. როგორც აღვნიშნეთ, მცირე დოზით სტრესი სასარგებლოც არის და ეფექტურად მოქმედებაში გვეხმარება, მაგრამ სისტემატიურად ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, მომატებულ წნევას და აჩქარებულ პულსს, შეუძლია არტერიები დააზიანოს და გაზარდოს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სტრესი ადამიანებზე მრავალნაირად მოქმედებს. ზოგმა შეიძლება წონაში დაიკლოს, ზოგმა კი პირიქით – მოიმატოს. ეპინეფრინიც და კორტიზოლიც, ნაწილობრივ ამ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. კორტიზოლი აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს, მაგრამ ამავდროულად, შიმშილის გრძნობას აღვივებს. ის ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის ჭამის მოტივაციისაც. როგორც წესი, სტრესული ეპიზოდის დასრულების შემდეგ, კორტიზოლის დონე რეგულირდება, მაგრამ ქრონიკული სტრესის შედეგი შეიძლება იყოს ჭარბი წონა. 

ნაწლავში ასობით მილიონი ნეირონია, რომლებსაც ფაქტობრივად დამოუკიდებლად შეუძლიათ ფუნქციონირება, თუმცა მუდმივ ურთიერთქმედებაში არიან ტვინთან – ეს ხსნის კუჭში “პეპლების” შეგრძნების შესაძლებლობას.  სტრესს შეუძლია გავლენა იქონიოს ტვინისა და ნაწლავის კომუნიკაციაზე და გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება ან ნაწლავებთან დაკავშირებული სხვა დისკომფორტი. ნაწლავები, საკვებთან დაკავშირებული ბაქტერიისგან იცავენ სხეულს და მათი შესუსტებით, ბაქტერიები უფრო მარტივად აღწევენ ორგანიზმში. 

ზოგჯერ, სტრესის შედეგია გულისრევა, ღებინება და სხვა სახის ტკივილები მუცლის არეში. 

ძვლოვან-კუნთოვანი სისტემა

სტრესზე ბუნებრივი რეაქციაა კუნთების დაძაბვა. როგორც კი სტრესი გადაივლის, ჩვენც ვდუნდებით. თუმცა, როდესაც სტრესს სისტემატიური ხასიათი აქვს, შესაძლოა კუნთებს რელაქსაციის საშუალება არ მიეცეთ, რაც რიგ შემთხვევაში გამოიწვევს თავის დაძაბვის ტკივილის, შაკიკს, ზურგისა თუ მხრების ტკივილს. 

სასუნთქი სისტემა

რესპირატორული სიტემა უჯრედებს ჟანგბადს აწვდის და ნახშირორჟანგის ნარჩენები სხეულიდან გამოაქვს. ჰაერი ცხვირიდან შემოდის და ხორხის საშუალებით ყელში გადადის; შემდეგ, სასულედან ბრონქების გავლით ფილტვებში ხვდება. 

სტრესმა და ძლიერმა ემოციებმა შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი სუნთქვა ან მისი გაძნელება, რადგან ცხვირსა და ფილტვებს შორის სასუნთქი გზები იკუმშება. ჯანრმთელი ადამიანისთვის, ეს პრობლემას არ წამოადგენს, მაგრამ სუნთქვის პრობლემები შეიძლება გაუმწვავდეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ისეთი დაავადებები, როგორიც არის ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი და სხვ. 

რეპროდუქციული სისტემა

სტრესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. 

ხანმოკლე სტრესმა, მამაკაცებში შეიძლება ხელი შეუწყოს მეტი ტესტოსტერონის (მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი) გამოყოფას. თუმცა, თუ სტრესი ქრონიკული ან დროში გახანგრძლივებულია, ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში იკლებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სპერმის პროდუქციას და გამოიწვიოს იმპოტენცია. 

ასევე, გადამეტებული რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფა, გავლენას ახდენს კაცის რეპროდუქტიული სისტემის ნორმალურ ბიოქიმიურ ფუნქციონირებას. 

ქალების შემთხვეაში, ძლიერი ან ხანგრძლივი სტრესი დაკავშირებულია არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლთან და მომატებულ ტკივილთან პერიოდის დროს. 

მენოპაუზის შემთხვევაში, ჰორმონების დონე სწრაფად იმატებს. ეს ცვლილებები დაკავშირებულია შფოთვასთან და გუნება-განწყობილების მუდმივ ცვლილებასთან. თუ, ამას ემატება სტრესი, ფიზიკური სიმპტომები უარესდება. 

კანი და თმა

როდესაც სხეული სტრესის ჰორმონს გამოყოფს, სხეული გამოყოფს მეტ ცხიმს. შედეგად, კანი ხდება უფრო ცხიმიანი და მგრძნობიარე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკნე. 

თმის ცვენა, ასევე დაკავშირებულის სტრესის დონესთან. 

ავტორი : ნინი დარსაძე