Night mode

როგორ მოქმედებს სუნი განწყობაზე და როგორ დავაყენოთ სახლში ახალი წლის სუნი

როგორ მოქმედებს სუნი განწყობაზე და როგორ დავაყენოთ სახლში ახალი წლის სუნი
ფონტის ზომა

ადამიანები სამყაროს სხვა შეგრძნებებთან ერთად ყნოსვითაც აღვიქვამთ. სხვადასხვა სურნელს შეუძლია დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს განწყობაზე, სტრესის შემცირებაზე, თავდაჯერებულობაზე, ძილის გაუმჯობესებაზე, ფიზიკურ და კოგნიტურ მაჩვენებლებზე და სხვა. გაიხსენეთ, რა სასიამოვნო შეგრძნება გვეუფლება, როდესაც მაღაზიაში, კაფეში ან სხვა დაწესებულებაში შევდივართ და შენობაში სასიამოვნო სუნია.

იმისთვის, რომ თქვენს სახლშიც ასეთი სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს საჭირო არ არის ხელოვნური სურნელოვანი სანთლებისა და სხვა საშუალებების შეძენა. შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ისინი და სახლში სასიამოვნო საახალწლო სურნელი დაატრიალოთ.

ვანილის სურნელი

თუ გსურთ სახლში ვანილის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს, შეგიძლიათ ეს მარტივი რეცეპტი გამოიყენოთ.

მასალები:

● 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
● 1 დარიჩინის ჩხირი
● 4 ცალი მიხაკი
● 2 ჭიქა წყალი

დამზადების მეთოდი:

მოათავსეთ ინგრედიენტები ქვაბში და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დატოვეთ ნელ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში. სულ მალე მთელ სახლში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება

ციტრუსის სურნელი

ბევრი ადამიანისათვის საახალწლო დღესასწაულებს, სწორედ ციტრუსის სუნი აქვთ. თუ თქვენც მათ რიგს მიეკუთვნებით, მაშინ შეგიძლიათ ეს რეცეპტი გამოიყენოთ და მთელ სახლში სადღესასწაულო და მყუდრო განწყობა შექმნათ.

მასალები:

● 1/4 დიდ ნაჭრებად დაჭრილი გრეიფრუტი (კანიანად)
● 1 დიდი ზომის ვაშლი, ნაჭრებად დაჭრილი
● 1/2 დაჭრილი ლიმონი (კანიანად)
● 1 ს/კ დაფქვილი ჯინჯერი
● 3 დარიჩინის ჩხირი
● 1 ჭიქა წითელი მოცვი (შეგიძლიათ დაამზადოთ მოცვის გარეშეც)
● ნაძვის პატარა ტოტები
● 4 ჭიქა წყალი

დამზადების მეთოდი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დადგით დაბალ ტემპერატურაზე 4-5 საათის განმავლობაში და თქვენს სახლში ახალი წლის სურნელი გაჩნდება.

სურნელოვანი სანათი

თუ გსურთ საისამოვნო სუნთან ერთად, ლამაზი დეკორატიული ნივთიც შემატოთ თქვენს საახალწლო ინტერიერს, დაამზადეთ სურნელოვანი სანათი.

მასალები:

● სქელი მინის ქილა (ე.წ. მეისონის ქილა)
● ზეითუნის ზეთი
● გამხმარი ფორთოხლის ნაჭრები
● დარიჩინის ჩხირები
● მომცრო ზომის გირჩები
● მოკლე სანთლები (floating wicks)
● როზმარინის, ტკბილი ფორთოხლის ან დარიჩინის ეთერზეთები – სურვილისამებრ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სუნამოს ზეთებიც.

დამზადების მეთოდი:

1. შეავსეთ ქილა დარიჩინის ჯოხებით, გირჩებით, გამხმარი ფორთოხლის ნაჭრებით და სხვა ლამაზი მცენარეებით.
2. გამოიყენეთ ჯოხი ან ფანქარი რომ ქილაში ლამაზად გადაანაწილოთ ჩაყრილი მასალები.
3. აავსეთ ქილა ზეთით და განათავსეთ ზედაპირზე სანთელი.

სანთელი მოათავსეთ ისე, რომ ის არ ედებოდეს სხვა მატერიალებს. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ანთებულ სანთელს, რათა არ გამოიწვიოს ცეცხლი.

წიწვების სურნელოვანი ბალიში

თუ ახალ წელს ცოცხალი ნაძვის ხის მორთვა გირჩევნიათ, ალბათ იცით, თუ რამდენი წიწვები გროვდება ნაძვის ხის ქვეშ. შეგიძლიათ ეს წიწვები მცირე ზომის სურნელოვანი ბალიშების დასამზადებლად გამოიყენოთ, მთელს სახლში დაალაგოთ (მაგალითად კარადებში) და საჩუქრადაც გამოიყენოთ. რაც მთავარია, სახლში დიდხანს დარჩება ნაძვის სასიამოვნო სურნელი.

მასალები:

● ნაძვის ხის წიწვები
● ნებისმიერი ნაჭერი (წიწვების რაოდენობა და ნაჭრის სიგრძე დამოკიდებულია რამდენი ბალიშის გაკეთებას აპირებთ).
● ნემსი და ძაფი

დამზადების მეთოდი:

1. შეკერეთ ნაჭრისაგან მცირე ზომის ოთხკუთხედი ბალიში და დატოვეთ ღია ადგილი ნაჭერში წიწვების მოსათავსებლად.
2. დახვეული ფურცლის მეშვეობით ჩაყარეთ წიწვები ბალიშში და გაკერეთ თავი.
3. გამოიყენეთ ნაჭრისგან დამზადებული ბანტი მოსართავად, თუ ბალიშების გაჩუქებას აპირებთ.

გირჩები დარიჩინის სურნელით

კიდევ ერთი დეკორატიული და სურნელოვანი ნივთია გირჩები დარიჩინის სურნელით. ისინი თქვენს ინტერიერს გაალამაზებენ და სახლში სასიამოვნო სურნელიც დატრიალდება.

მასალები:

● გირჩები
● ყუთი, კალათი ან ნებისმიერი ჯამი რაშიც გირჩებს მოათავსებთ.
● სურნელოვანი ეთერზეთები
● დარიჩინის ჩხირები

დამზადების მეთოდი:

1. ჩადეთ გირჩები საპნიან წყალში და გარეცხეთ, რომ მტვერი და ჭუჭყი მოშორდეს. გარეცხვის შემდეგ კარგად გააშრეთ.
2. მოძებნეთ სპრეის ბოთლი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ბოთლი დაჩხვლეტილი სახურავით, თუმცა სპრეის ბოთლით უკეთ გადაანაწილებთ სითხეს).
3. ჩაასხით დაახლოებით 3/4 ჭიქა თბილი წყალი და 1/4 ჩაის კოვზი სურნელოვანი ეთერზეთი. კარგად შეანჯღრიეთ და შეასხით გირჩებს სანამ არ გათავდება, ისე, რომ წყალი ყველა გირჩს მოხვდეს.
4. დამატებით აპკურეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
5. დაუმატეთ დარიჩინის ჩხირი, გამშრალი სურნელოვანი ხილის ნაჭრები და კარგად აურიეთ.
6. ჩადეთ გირჩები სხვა მატერიალებთან ერთად თასში და გადაანაწილეთ მთელს სახლში.

ცოტა ხანში გირჩები გაშრება, მაგრამ ნამდვილად ზეციური სუნი ექნება. დაახლოებით კვირაში ერთხელ ხელახლა შეასხით ეთერზეთებისა და წყლის ნარევი, რომ სუნი არ გაუვიდეს.

საახალწლო სურნელს შეუძლია თქვენი სახლი გაახალისოს და თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედოს. სუნთან ადამიანს ემოციური კავშირი აქვს. სხვადასხვა სურნელს შეუძლია სხვადასხვანაირად იმოქმედოს თქვენზე. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სურნელი და შეიქმენით სახლში სასიამოვნო გარემო.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი