Night mode

როგორ ყალიბდება ჩვენი ფინანსური ჩვევები

როგორ ყალიბდება ჩვენი ფინანსური ჩვევები
ფონტის ზომა

ყველას სურს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც არა მხოლოდ მეტ შემოსავალს, არამედ უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და ჩვევებს უკავშირდება.

ჩვენ, ყველას, განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ხარჯვით ჩვევებს.  ხარჯვითი ჩვევები გავლენას ახდენს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობასა და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხზე. ხოლო თავად ამ ჩვევებს ჩვენი ცხოვრების ბევრი ფაქტორი განსაზვრავს

ასეთი ჩვევაა ხელფასის დიდი ნაწილის დახარჯვა მისი აღებისთანავე – მაგალითად, ოჯახის რესტორანში წაყვანა ხელფასის აღების დღეს, საყიდლებზე წასვლა და სხვა; ხარჯვითი ჩვევაა თვითმფრინავის ბილეთების დიდი ხნით ადრე, უფრო იაფად შეძენა; ტანისამოსის ყიდვა არა ახალი კოლექციის გამოსვლისას, არამედ ფასდაკლების დროს. ფინანსური ჩვევაა ბიუჯეტირება და თანხის დაზოგვაც.

ოჯახი

კვლევები აჩვენებს, რომ 7 წლის ასაკში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული ფინანსური ჩვევები და წარმოდგენები ფულის შესახებ. ამ ინფორმაციას ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებზე დაკვირვებით ადრეული ასაკიდან ვიღებთ. თუ ისინი ფულს მეტი სიფრთხილით ხარჯავდნენ და დანაზოგს აკეთებდნენ, თქვენთვის ფულის დაზოგვის მნიშვნელობა და პრაქტიკა უფრო ნაცნობი იქნება, ვიდრე მისთვის, ვის ოჯახშიც ხარჯების მიზნობრიობას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ასეთ ჩვევებსა და დამოკიდებულებებს ბავშვობაში გაუცნობიერებლად ვითვისებთ. მაგალითად, თუ დედას ნათესავთან სტუმრობისას მუდმივად ყვავილები მიჰქონდა, შესაძლოა, დიდობაში თქვენც იმავეს აკეთებდეთ ისე, რომ ამაზე არც ფიქრობდეთ.

კულტურა და საზოგადოება

სხვადასხვა კულტურა და საზოგადოება განსხვავებულად უყურებს ფულის შოვნას, მართვასა და ხარჯვას. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში შემოსავლის საუკეთესო წყაროდ სტაბილური სამსახური მიიჩნევა, სხვაგან კი, ადამიანს საზოგადოება მუდმივად მოუწოდებს მეწარმეობისკენ, საკუთარი ბიზნესის შექმნისა და ინდივიდუალური წარმატებისაკენ.

ზოგიერთ კულტურაში მეტი დრო ეთმობა ბიუჯეტირებას და მასში თანაბრად არიან ჩართული ოჯახის წევრები. ამასთანავე, განსხვავებულია დამოკიდებულება ხარჯვის მიმართაც. შეიძლება, ერთ კულტურაში ყველასგან მოსალოდნელი იყოს ქორწილსა თუ სხვა დღესასწაულებზე დიდი თანხის დახარჯვა, მეორეში კი – არა.

ასევე, ერთ საზოგადოებაში შეიძლება მიჩნეული იყოს, რომ ვახშამზე თანხა მამაკაცმა უნდა გადაიხადოს,  სხვა საზოგადოებაში კი, მიღებული იყოს თანხის თანაბრად გაყოფა.

ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს გარემო, რომელშიც ვიზრდებით და ვყალიბდებით. მათ, ვინც შეძლებულ ან მდიდარ ოჯახსა და გარემოში გაიზარდა, ფულის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება და ჩვევები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც სიღარიბეში ცხოვრობდა.

ახლო მეგობრები

ამერიკელი ენტრეპრენუერის, ჯიმ რონის თქმით, “ადამიანი არის იმ ხუთი ადამიანის საშუალო, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს”.

ის ადამიანები, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გვაქვს, ნამდვილად ახდენენ გავლენას ჩვენს ფინანსურ ჩვევებზე და არა მხოლოდ. მაგალითად, თუ ისეთ ადამიანთან მეგობრობთ, ვინც ფულის ყადრი არ იცის და უპასუხისმგებლოდ ხარჯავს, დიდია იმის ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში თქვენც ასეთი ქცევისკენ გახდეთ მიდრეკილი. მისი ეს ქცევა თქვენთვის ბუნებრივი ხდება. ამასთანავე, მოქმედებს სარკისებური ნეირონების ეფექტი. სარკისებური ნეირონები აირეკლავენ სხვა ადამიანის ქცევას და “გვაიძულებენ” ჩვენც გავიმეოროთ ის.

დაფიქრდით, რამდენ თქვენს ქცევასა თუ ჩვევაზე იქონია გავლენა თქვენმა ახლო მეგობარმა? ოდესმე დაგიწყიათ იმ ფრაზის გამოყენება, რომელიც თქვენს მეგობარს ჰქონდა აკვიატებული? შეიძლება შეუმჩნევლად მისი სიარულის ან საუბრის მანერაც აგითვისებიათ.

ინდივიდუალური თვისებები და უნიკალური გამოცდილებები

ჩვენს ფინანსურ ჩვევებზე ჩვენს პიროვნებასა და გამოცდილებასაც უდიდესი გავლენა აქვს. ბოლოსდაბოლოს, შესაძლოა, ორი ერთსა და იმავე გარემოსა და ოჯახში გაზრდილი ტყუპებიდან ერთი მფლანგველი იყოს, მეორე კი – ხელმომჭირნე. ჩვენი მსოფლმხედველობა, შეხედულებები და უნიკალური გამოცდილებები ქმნის და ცვლის ჩვენს ფინანსურ ჩვევებს.

მედია

ის, თუ როგორ პერსონაჟებს ვუყურებთ ყოველდღიურად, ასევე მოქმედებს ჩვენზე, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში. როდესაც ვიზრდებით და ვუყურებთ, როგორ ხარჯავენ ფულს პერსონაჟები, გვიყალიბდება წარმოდგენა ოპტიმალური, სასურველი ხარჯვითი პატერნების შესახებ. გაიხსენეთ, რას აკეთებდნენ თქვენი საყვარელი სერიალისა თუ შოუების პერსონაჟები, მუდმივად კაფესა თუ რესტორანში ვახშმობდნენ? ხშირად დადიოდნენ საყიდლებზე? ბევრ ფულს ხარჯავდნენ გართობაში ?

ამას გარდა, დღის განმავლობაში ათასობით რეკლამას ვნახულობთ, რომლებიც გვაჯერებენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გვჭირდება, რითაც ზღვარიმინდასა” დამჭირდებას” შორის ფერმკრთალდება.

როგორც ხედავთ, ჩვენი ფინანსური ჩვევები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ჩვევები შეუცვლელია, კარგის დასწავლა კი – შეუძლებელი. პირიქით, ფინანსური ჩვევები ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, დილით კბილების გახეხვის ან ღამით ჭამის ჩვევა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ უარყოფითი ფინანსური ჩვევები და შევიძინოთ უკეთესი.

ფინანსური ჩვევების შეცვლის პირველი ნაბიჯი უარყოფითი ჩვევების გაცნობიერებაა.

დაფიქრდით, როგორ ხარჯავთ ფულს? რა განაპირობებს თქვენს ამა თუ იმ ქცევას?

ფულის მიმართ თქვენი დამოკიდებულებისა და თქვენი ხარჯვითი ქცევის გაანალიზება დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ თქვენი ფინანსური ჩვევები და იმუშაოთ მათ გაუმჯობესებაზე.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი