Night mode

როგორ განვახორციელოთ ახალი წლისთვის დასახული მიზნები და სურვილები?

როგორ განვახორციელოთ ახალი წლისთვის დასახული მიზნები და სურვილები?
ფონტის ზომა

ახალი წელი ადამიანების უმრავლესობისთვის ცხოვრების სუფთა გვერდის გადაფურცვლას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, ახალი ჩვევების დანერგვა ჩვენი ცხოვრების წესში ყოველთვის შეგვიძლია, წელიწადის ეს პერიოდი ხშირად სიახლეების დაგეგმვისთვის ყველაზე შესაფერის დროდ მიიჩნევა, ამიტომაც ბევრი ადამიანი საახალწლოდ მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს და ახალ წელს მავნე ჩვევების დადებითით ჩანაცვლების იმედით ხვდება.

თუმცა, მიზნებამდე მისვლა ისეთივე მარტივი არაა, როგორც მათი დასახვა და ამიტომაც, ხშირად ისე ხდება, რომ მარტის ბოლოსთვის მიზნების დიდ ნაწილზე უკვე საბოლოოდ ვიქნევთ ხელს. ასე რომ არ მოხდეს, ფსიქოლოგები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ, რომლებიც მიზნების სწორად დასახვაში და მათ შესრულებაში დაგვეხმარება.

მიზნების პოზიტიური ფორმულირება ის, თუ როგორ ვაყალიბებთ ჩვენს სურვილებს და მიზნებს, მათ მიღწევაში დიდ როლს თამაშობს. სტოკჰოლმისა და ლინკოფინგის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევის ფარგლებში, რომელიც მიზნების მიღწევის მასტიმულირებელ ფაქტორებს განსაზღვრავდა, 1,066 ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევაებმა ისინი 3 ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები მიზნების მიღწევის პროცესში გარეშე დახმარებას და მხარდაჭერას არ იღებდნენ, მეორე ჯგუფის წევრები ლიმიტირებული მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მესამე ჯგუფის წევრები კი – ზედმეტი ყურადღებითა და დახმარებით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიზნების მიღწევისთვის გარეშე პირების მხარდაჭერას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორიც მათ ფორმულირებას. კვლევის ავტორი პერ კარლბრინგი კი გვირჩევს, რომ ფრაზა „ახალი წლიდან არ შევჭამ ბევრ ტკბილეულს“ ჩავანაცვლოთ ფრაზით „ახალი წლიდან ტკბილეულს მეტი ბოსტნეულით ჩავანაცვლებ“.

აირჩიეთ კონკრეტული მიზნები „მომავალ წელს უკეთ ვისწავლი“ ისეთი მიზანია, რომელიც თავშივე, დიდი ალბათობით, მარცხისთვის განწირულია. რას ნიშნავს „უკეთ“? ერთ საგანს ვისწავლით უკეთ თუ ყველას? თუ ყველა საგანში უფრო მაღალი ნიშანი მივიღეთ, მაგრამ რეალურად, გააზრების ნაცვლად, მასალა გავიზეპირეთ, ჩავთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ? ამგვარად ფორმულირებული მიზანი მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მიზნების შესრულების ისედაც რთულ გზაზე დანებების ცდუნებას გვმატებს. ამიტომ აჯობებს, თუ მაქსიმალურად დავაკონკრეტებთ ჩვენს სურვილებს და მათგან გადახვევის შესაძლებლობაც ნაკლებად დავუტოვოთ საკუთარ თავს.

გონივრულად განსაზღვრეთ მიზნების რაოდენობა გასაგებია, რომ ახალ წელს ახალი მიზნების დასახვის და შესრულების დიდი მოტივაციით ვივსებით და ხშირად გვგონია, რომ 1 იანვრიდან მთებსაც გადავდგამთ, მაგრამ რეალობაში ასე თითქმის არასდროს ხდება და ახალი წლის დადგომასთან ერთად, თავს იჩენს ათასი ყოფითი საზრუნავი თუ მოულოდნელი გარემოება, რომელიც ჩვენი მიზნების გრძელი სიის შესრულებაში ხელს გვიშლის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, შევჯერდეთ მაქსიმუმ 2-3 ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე და შეძლებისდაგვარად, გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ 3 მიზანზე ჩამოვყალიბდით, კარგი იქნება, თუ ერთდროულად კი არ დავიწყებთ მათ განხორციელებას, არამედ ეტაპობრივად და მეორე მიზანზე მას შემდეგ გადავალთ, როცა პირველს უკვე მიღწეულად ჩავთვლით.

 

გააჟღერეთ თქვენი მიზნები მიუხედავად იმისა, რომ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევამ მიზნების მიღწევასა და სოციალურ მხარდაჭერას შორის აშკარა კავშირი სტატისტიკურად ვერ დაადასტურა, პროფესორ ჯონ ნორკროსის აზრით, სოციუმის ჩართულობას, მიზნის მიღწევის ხარისხის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ნორკროსი გვირჩევს, რომ ჩვენი მიზნების საჯაროდ დეკლარირებას არ მოვერიდოთ – ეს, ერთი მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას გვაგრძნობინებს საკუთარი თავისადმი და, მეორე მხრივ, ჩვენში მიზნამდე წარმატებით მისვლის სტიმულს გააძლიერებს.

გაითვალისწინეთ ხელშემშლელი ფაქტორები არ აქვს მნიშვნელობა, ახალი წლის მიზნებს ვისახავთ თუ მეორე დღის სამოქმედო გეგმას ვწერთ, კარგი იქნება, თუ ყოველთვის გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რომლებმაც, შესაძლოა, მათ განხორციელებაში ხელი შეგვიშალონ. მიზნების დასახვის მომენტშივე გაიაზრეთ და შეეგუეთ, რომ ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც თქვენს სამოქმედო გეგმაშია გაწერილი – მთელი წლის განმავლობაში მრავალი ფაქტორი გამოჩნდება, რომელიც მიზნის მიღწევის პროცესში დაგვაბრკოლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზანზე ხელი ჩავიქნიოთ. თუ რისკ-ფაქტორები წინასწარ გვექნება გათვალისწინებული, მათ გაცილებით მოკლე დროში და მარტივად დავძლევთ, თუმცა, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი და გაუთვალისწინებელი გარემოება იჩენს თავს, არ შეშინდეთ, დაუთმეთ საკმარისი დრო პრობლემის აღმოფხვრას და სტრესის დაძლევის შემდეგ განაახლეთ მუშაობა თქვენს მიზნებზე.

არ უგულებელყოთ დრო საახალწლო მიზნების დასახვის ერთ-ერთ „სისუსტეს“ დროის ფაქტორი წარმოადგენს. ხშირად გვგონია, რომ წინ მთელი წელი გვაქვს და დიდი დროითი რესურსის გამო, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ, ამიტომ წლის პირველ ნახევარში ხშირად ეს მიზნები არც ისე მნიშვნელოვნად გვესახება, როგორც მომდევნო წლის მოახლოებისას. შემდეგ კი ვხვდებით, რომ თვეები ფუჭად გავატარეთ და ჩვენს მიზნებამდე მისაღწევად არც ისე საკმარისი დრო გვაქვს დარჩენილი. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, მიზნების დასახვის და სამოქმედო გეგმის გაწერის პროცესში, დროის ფაქტორიც ჩართოთ და, მაგალითად, ნაცვლად „ამ წელს 5 ახალ წიგნს წავიკითხავ“-ის ნაცვლად დაისახოთ „1 მარტამდე 1 ახალ წიგნს წავიკითხავ, 1 მაისამდე – მეორე წიგნს და ა.შ.“

პერიოდულად გააძლიერეთ მოტივაცია წლის დასაწყისში მიზნების მიღწევის გაცილებით მეტი მოტივაცია გვაქვს, ვიდრე მომდევნო თვეებში. ეს ბუნებრივი და ნორმალურია – მიზნებამდე მისასვლელი გზა, როგორც წესი, მარტივი არასდროსაა. ხშირად ვიღლებით, წარუმატებელი ნაბიჯების გამო ვითრგუნებით და ამიტომ, ზოგჯერ, მიზნის მიღწევაზე ხელსაც ვიქნევთ. ასე რომ არ მოხდეს, კარგი იქნება, თუ პერიოდულად ჩვენს თავს შევახსენებთ, რატომ და როგორ ავირჩიეთ ეს მიზნები და რას ვიგრძნობთ თუ მათ შევასრულებთ ან, პირიქით – არ შევასრულებთ.

გახსოვდეთ, რომ მიზნების მიღწევა სასიამოვნო და სასურველი პროცესია. თუ ის თქვენში დიდ სტრესს, მღელვარებას და უსიამოვნო განცდებს იწვევს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რატომ ისახავთ ამ მიზანს, ვის სურვილს ემსახურება მათი მიღწევა და რა შედეგებს მოგვიტანს მათი შესრულება.

 

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge –ს პარტნიორობის ფარგლებში.