Night mode

როგორ დავისახოთ მიზნები ისე, რომ მათი განხორციელება რეალური გახდეს?

როგორ დავისახოთ მიზნები ისე, რომ მათი განხორციელება რეალური გახდეს?
ფონტის ზომა

წარმოიდგინეთ, რომ ყოველი თქვენი დღე გადის რაიმე მიზნის გარეშე, სწავლობთ იმიტომ, რომ ასეა საჭირო და არ გაქვთ არანაირი მისწრაფება, უმიზნოდ ესაუბრებით ადამიანებს, ყოველგვარი ინტერესის თუ ხალისის გარეშე. როგორ იგრძნობდით თავს? 

მიზნების არსებობა აუცილებელია ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის. ყველას უნდა რაღაც, ზოგს კარიერული წინსვლა უნდა, ზოგს უნდა რომ უკეთესი გახდეს, ცხოვრება გაიუმჯობესოს და ა.შ. თუმცა, ხშირად ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა სურთ ადამიანებს, ძალიან ორაზროვანია და არც ფიქრობენ ამის შესახებ. მაგალითად, “მინდა ვიყო წარმატებული” ძალიან ზოგადი სურვილია. რას ნიშნავს წარმატებული? კონკრეტულად რაში გამოიხატება წარმატება? ეს სურვილი ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს, ისევე როგორც სურვილი, მისდიო ცხოვრების ჯანსაღ წესს. გასაგები მიზნების განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ზოგადი სურვილები, კონკრეტულ, მიღწევად მიზნებად გადააქციოთ.  

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) თანახმად, მიზნის დასახვა არის პროცესი, რომლის დროსაც,  დროში განსაზღვრული, მიღწევადი და რეალური ქცევების ჩამოყალიბება ხდება და რისი გაზომვაც შესაძლებელია.  

მიზანი ეფექტურად არის დასახული მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდი აღიარებს მათ, აცნობიერებს რა უნდა გააკეთოს და სჯერა მათი მიღწევის შესაძლებლობის. 

მიზნების დასახვის ერთ-ერთი საუკეთესო და ფართოდ გამოყენებული ხერხი არის ე.წ. SMART მეთოდი. ამ მეთოდს იყენებენ როგორც ბიზნესში და საქმეში, ასევე პირადი განვითარებისთვის დასახული გეგმების განხორციელებისთვის.

SMART არის აბრევიატურა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: 

S – (Specific) სპეციფიკური 

თქვენი მიზანი აუცილებლად უნდა იყოს სპეციფიკური და გასაგები. მიზნის დასახვის დროს, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:

  • რისი მიღწევა მინდა?
  • რატომ არის ეს მიზანი მნიშვნელოვანი? 
  • ვინ არის ამ მიზნის მიღწევის პროცესში ჩართული?
  • სად მიიღწევა ეს მიზანი?
  • რა რესურსები გამაჩნია ან რა წინაღობები შეიძლება შემხვდეს მიზნის მიღწევის გზაზე? 

M – (Measurable) გაზომვადი

მნიშვნელოვანია, მიზნები გაზომვადი იყოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დააკვირდეთ პროგრესს და მოტივაცია შეინარჩუნოთ. გაზომვადი მიზანი უნდა პასუხობდეს ისეთ კითხვებს, როგორიც არის მაგალითად, რამდენი? როგორ გავიგებ, როდესაც ეს მიზანი მიღწეულია? რა არის პროგრესის ინდიკატორი? 

A – (Achievable) მიღწევადი 

მიზანი, თქვენს შესაძლებლობებს უნდა აფართოებდეს, მაგრამ ამავე დროს, მიღწევადი იყოს. ამ შემთხვევაში, მთავარი კითხვა არის: “როგორ უნდა მივაღწიო, მაქვს მიზნის მიღწევისთვის საჭირო უნარები და რესურსები? თუ არა, რა მაკლია? ხომ არ არსებობს გარემო ფაქტორები, რომლებიც ფიზიკურად შეუძლებელს ხდიან ჩემ მიერ დასახული მიზნის მიღწევას?  

R – (Realistic) რეალისტური 

ერთია, რამდენად მიღწევადია მიზანი და სულ სხვაა, რამდენად რეალისტურია ის. მიზნები პრაქტიკული და ისე დაგეგმილი უნდა იყოს, რომ მარტივად შეასრულოთ რეალურ ცხოვრებაში. 

  • რეალურია მიზანი?
  • მოცემულ დროში, არსებული რესურსებით, შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა ?
  • მზად ვარ ამ მიზნისკენ სწრაფვისთვის? 

T – (Timely) დროული

მიზნის მისაღწევად, დროის რა ჩარჩოები გაქვთ განსაზღვრული? ეფექტური მიზანი დროში შეზღუდული უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს როგორც დასაწყისის, ისე დასასრულის დრო. თუ არ იქნება რაღაცის დროულად გაკეთების შეგრძნება, არ იქნება საკმარისი მოტივაცია. თქვენ თავს დაუსვით კითხვები:

  • როდის არის მიზნის მიღწევის საბოლოო ვადა? 
  • როდისთვის მინდა მიზნის მიღწევა?

მაგალითად, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასავლას განიხილავთ, SMART მიზნების მიხედვით, რამდენიმე კომპონენტები უნდა განსაზღვროთ:

  1. S: ჯანსაღი წესით ცხოვრება კარგი აზრია, მაგრამ რას ნიშნავს ეს? უფრო კონკრეტულად განსაზღვრეთ. ნაკლები გაზიანი სასმლის მიღებას? რაფინირებული შაქრის რაოდენობის შემცირებას? მჯდომარე მდგომარეობაში ნაკლები დროის ტარებას? 
  2. M: დაისახეთ ისეთი მიზანი, რომლის გაზომვაც შესაძლებელია. მაგალითად, კვირაში სამჯერ სასეირნოდ გასვლა – გაზომვადია. ზოგადად  სეირნობა – მეტნაკლებად გაზომვადი. 
  3. A: ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს ისეთ ცვლილებას, რომელიც მიუღწეველია. მაგალითად, ისეთი ძვირფასი ჯანსაღი საკვების მირთმევას, რომელიც ადგილობრივ მაღაზიებში არ არის ხელმისაწვდომი. 
  4. R: თქვენთვის ძალიან საყვარელ, მაგრამ ამავე დროს ძალიან არაჯანსაღ ქცევებზე უარის თქმა შესაძლებელია. მაგრამ, ნელ-ნელა. არარეალურია საკუთარ თავს მოსთხოვოთ, რომ ერთ კვირაში დაიწყოთ ჯანსაღად კვებაც, ვარჯიშიც, დაანებოთ თამბაქოს თავი, უარი თქვათ ყველანაირ ტკბილეულზე. არარეალური მიზნების დასახვამ, შეიძლება დაგთრგუნოთ და საერთოდ უარი გათქმევინოთ მათ მიღწევაზე. რეალური მიზნების მიღწევა დაგეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებასა და წინსვლაში. 
  5. T: განსაზღვრეთ, მაგალითად, როდისთვის უნდა გქონდეთ თამბაქოსთვის თავი დანებებული ან როდისთვის უნდა დაცალოთ მაცივარი მავნე პროდუქტებისგან. 

ოგორც მიხვდით, SMART აერთიანებს კრიტერიუმებს, რომლებიც გვეხმარება ჩვენს ძალისხმევაზე ფოკუსირებაში და ზრდის მიზნის მიღწევის ალბათობას.

ჩვენი მიზნების ამ პრინციპით გაწერა გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზნის მიღწევაში. მაგალითად, თუ ყოველთვის გიოცნებიათ ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე და ვერასდროს ვერ ახერხებთ, მომავალი წლისთვის SMART მიზნები გაწერეთ. მოგზაურობის გეგმები უფრო სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალური და დროში განსაზღვრული გახადეთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ აქამდე, თქვენი მოგზაურობის მიზანი იყო ზედმეტად ბუნდოვანი და არარეალური. ვინ იცის, იქნებ ასე აიხდინოთ ოცნებები.

ავტორი : ნინი დარსაძე