Night mode

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს ?

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს ?
ფონტის ზომა

როდესმე გიგრძვნიათ, რომ ძალიან დაიღალეთ პრობლემებთან გამკლავებით? თუ კი, უნდა გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.

ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი განიცდის დეპრესიას, შფოთვასა თუ სხვა ტიპის მენტალურ პრობლემებს. ნაცნობებთან გულწრფელი და გულიანი საუბრის დროს, დიდი ალბათობით აღმოაჩენთ, რამდენი მათგანი ებრძვის სერიოზულ დაავადებას, რამდენი ცდილობს წონის დარეგულირებას, თამბაქოსთვის თავის დანებებას. ზოგი სამსახურის დაკარგვით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებას ცდილობს, ზოგიც ურთიერთობაში არსებული სირთულეების გადალახვას. ამ პრობლემებმა, ნებისმიერი შეიძლება დააღონოს და დაასუსტოს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ფსიქოთერაპევტს მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა რაიმე  განსაკუთრებულად სერიოზული ან უცნაური ფსიქიკური პრობლემა გვაქვს. ეს შეხედულება – მცდარია. ფსიქოთერაპია არის ყველასთვის, რადგან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყოველი ჩვენგანი შეიძლება იყოს დაბნეული, ყველა შეიძლება ვშფოთავდეთ, გვქონდეს პრობლემები ოჯახში ან გვიჭირდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ფსიქოთერაპიის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო, ბევრი ადამიანი თერაპევტთან ვიზიტს თავს არიდებს. რა საჭიროა ფსიქოლოგთან მისვლა, როცა არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც შეიძლება პრობლემაზე ვესაუბრო? მაგალითად, მეგობარი, მეუღლე ან თუნდაც, საეკლესიო პირი.

საბედნიეროდ, ჩვენს ცხოვრებაში, ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარონ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი ყოველთვის შეძლებენ განსჯის გარეშე მოგისმინონ? იქნებ, ზოგჯერ უფრო მარტივია გულახდილად ვესაუბროთ უცნობ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ჩვენ მიმართ არანაირი მოლოდინი და არც ემოციურად უყურებს იმას, რაც ჩვენს თავს ხდება?

ფსიქოთერაპია, ინდივიდისა და ფსიქოლოგის ურთიერთობაზე დაფუძნებული ერთობლივი მკურნალობის კურსია. ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ ღიად ესაუბროთ, ის კი ნეიტრალურად, ობიექტურად და მიკერძოების გარეშე, აქტიურად მოგისმენთ.

ფსიქოლოგებმა იციან, რამდენად უჩვეულოები, განსაკუთრებულები და ინდივიდუალურები ვართ. ჩვენი განსხვავებულობა მათ არ აშინებთ და არ აოცებთ. მეტიც, მათ აქვთ ინტერესი და მოტივაცია, უკეთ გაგვიცნონ და აღმოაჩინონ ჩვენში საუკეთესო და დაგვანახონ სირთულეების დაძლევისთვის საჭირო გზები.

ფსიქოთერაპევტის მიზანია, ჩვენთან ერთად ამოიცნოს აზრები და ქცევები, რომლებიც კარგად ყოფნაში გვიშლის ხელს. თერაპიის შედეგად, ადამიანი გადალახავს პრობლემას, რომელმაც ფსიქოთერაპევტთან მიიყვანა.

მეტიც, შეიძენს უნარებს, რომლებიც მომავალი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, არ არის ინსტინქტი, რომელიც დაბადებიდან მოგვყვება. ეს არის უნარი, რომელსაც დროსთან ერთად ვიძენთ და არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ამ ცოდნის მიღებაში გვეხმარებიან.

ფსიქოთერაპიის კურსის გავლა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ვართ ან როგორი სოციალური სტატუსი გვაქვს. ყველანი ვაწყდებით სირთულეებს და პრობლემების ხასიათი ადამიანებივით მრავალფეროვანია.

თუ:

  • თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობთ, უიმედობამ მოგიცვათ და დასევდიანებული ხართ;
  • დაბნეული ხართ და გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება;
  • მეგობრები, ოჯახის წევრებიც გეხმარებიან, მაგრამ პრობლემები მაინც არ ხდება უფრო მსუბუქი;
  • თვლით, რომ გჭირდებათ ისეთ ქცევებსა თუ აზრებზე მუშაობა, რომლებიც მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით ან სხვებთან კომუნიკაციის ართულებს.
  • გიჭირთ კონცენტრირება, იქნება ეს სამსახურის საქმეები თუ სხვა ყოველდღიური აქტივობები;
  • გადამეტებულად ნერვიულობთ, მუდმივად უარესის მოლოდინში ხართ ან გრძნობთ, რომ გაბრაზებისგან შეიძლება აფეთქდეთ;
  • თქვენი ქცევები, მაგალითად ალკოჰოლის მიღება, წამლის მოხმარება ან აგრესია, გაზიანებთ თქვენ ან თქვენს გარშემომყოფებს

არ დააყოვნოთ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს, რადგან ფსიქოთერაპიული კურსის გავლა – ბუნებრივი და ნორმალურია.

ავტორი : ნინი დარსაძე