Night mode

როდის უნდა დავფიქრდეთ სამსახურის შეცვლაზე

როდის უნდა დავფიქრდეთ სამსახურის შეცვლაზე
ფონტის ზომა

 

ადამიანის კარიერაში დგება მომენტი, როდესაც ძველ სამსახურს უნდა დაემშვიდობოს და ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს. თუმცა, ბევრი ვერ ახერხებს კომფორტის ზონიდან გამოსვლას ან ვერ აცნობიერებს ცვლილებების აუცილებლობას.

ბევრი შფოთავს ახალი სამსახურის დაწყების წინ, თუმცა, ზოგიერთისთვის ძველიდან წამოსვლაც ნერვიულობის საბაბია. ნებისმიერი ცვლილება სტრესთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, რომ სამსახურიდან წამოსვლა მომავლის მიმართ გაურკვევლობის გრძნობას იწვევს. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც გრძელვადიანი პერსპექტივით, სამსახურის შეცვლა ნაკლებ ზიანს მიაყენებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ვიდრე ცვლილებებზე უარის თქმა.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, როდესაც სამსახურის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ:

ახალს არაფერს აღარ სწავლობთ

გრძნობთ, რომ თქვენი თავი ამოწურეთ და აღარ ვითარდებით. მარტივად გეფანტებათ ყურადღება ყველაფერზე, რაც რუტინული სამუშაოსგან მოგწყვეტთ.

არასაკმარის კომპენსაციას გიხდიან

ხვდებით, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ახალი უნარი ან ცოდნა შეიძინეთ, მაგრამ ამის გამო არ გახდით უფრო დაფასებული ან არ გაგეზარდათ ანაზღაურება. წლებია, ერთ ადგილას ხართ და არაფერი იცვლება.

სამსახური ან უფროსი ემოციურად ცუდად გხდით

სამსახური მუდმივი სტრესის წყაროა და ქრონიკულად დაძაბული ხართ. ასეთი სამუშაო გარემო აისახება არა მარტო თქვენს პროდუქტიულობაზე, არამედ ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობაზე და ცხოვრებაზე.

დარღვეულია პირადი ცხოვრებისა და მუშაობის ბალანსი

როცა ყველა ხერხი სცადეთ სამსახურის და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად, მაგრამ თქვენი დამსაქმებელი მაინც ვერ გაძლევთ ამ ორი სფეროს დარეგულირების საშუალებას.

უბედური ხართ ახლანდელი სამსახურით

არ იცით რატომ ხართ იქ, სადაც მუშაობთ. არაფერი არ მოგწონთ, საქმისგანაც ვერ იღებ სიამოვნებას, სასოწარკვეთილი ხართ.

სამსახურის ორგანიზაციული კულტურა და თქვენი ღირებულებები ძალიან განსხვავდება

შეიძლება, კომპანიასთან კარგად გაცნობის შემდეგ მიხვდეთ, რომ თქვენი ღირებულებები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ შეხედულებებისგან, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს და სხვა თანამშრომლებს აქვთ.

აუცილებლად დაფიქრდით და თქვენს თავს გულწრფელად უპასუხეთ, ხომ არ არის რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი თქვენთვის კარგად ნაცნობი. შეიძლება მიხვდეთ, რომ განვითარებისა და უფრო ბედნიერი გარემოს შექმნისთვის არ არის აუცილებელი სამსახურიდან წამოსვლა, მაგრამ აუცილებელია მოქმედება და ცვლილებები.

 

ავტორი: ნინი დარსაძე