Night mode

#Op-Ed – 3 რამ, რის ცოდნასაც ვისურვებდი, სანამ დედა გავხდებოდი – ეკა ლოლაშვილი

#Op-Ed – 3 რამ, რის ცოდნასაც ვისურვებდი, სანამ დედა გავხდებოდი – ეკა ლოლაშვილი
ფონტის ზომა
  1. ისწავლე, სწავლის მძებნელო

სანამ ბავშვი გამიჩნდებოდა მწამდა, რომ დედობის უნარი რაღაც ზებუნებრივი მექანიზმით ციდან დამეცემოდა. არ მჯეროდა ამ სფეროში განათლების აუცილებლობის – საუკუნეების მანძილზე ქალები ხომ ყოველგვარი წიგნებისა და ვიდეო ინსტრუქციების გარეშეც ზრდიდნენ ბავშვებს. 

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემს გაბერილ თავდაჯერებულობაზე თანაგრძნობით მეღიმება. იმის გარდა, რომ დედობის სირთულემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩემმა გულუბრყვილობამ ბევრი ისეთი შეცდომა დამაშვებინა, რომელთა გამოსწორებას ბევრი თვე და ნერვი შევწირე. 

ამასობაში, ვაღიარებ თვითნაბადი დედების არსებობას, რომლებსაც თითქოს ყველაფერი სწორად გამოსდით. ადამიანთა მოდგმის ეს სულ უფრო იშვიათი წარმომადგენელი ყველას გვინახავს პარკში, ნეტარი ღიმილით საქანელაში რომ სვამს ამინდთან იდეალურ შესაბამისობაში გამოწყობილ გასხივოსნებულ ბავშვს, რომლისთვისაც კონტეინერით კოხტად დაჭრილი სხვადასხვა ფერის ხილ-ბოსტნეულის ცისარტყელა აქვს წამოღებული. 

ასეთ უკიდურეს (კარგსა თუ ცუდ) შემთხვევებზე არ მაქვს საუბარი. ვგულისხმობ შუაში მოქცეულ უმრავლესობას, რომელიც პერიოდული ჩავარდნებისა თუ წარმატებების მიუხედავად ცდილობს საუკეთესო სიცოცხლის დასაწყისი უზრუნველჰყოს საკუთარი შვილებისთვის. ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური საწყისების ელემენტარული ცოდნა აიოლებს არა მარტო მომავალი თაობის ჯანსაღ აღზრდას, არამედ გვეხმარება ბავშვის მიმართ,  მისი ასაკიდან გამომდინარე სწორი მოლოდინების დაწესებაში. 

და მაინც, სად გაქრა ის დედური ინტუიცია და შინაგანი ხმა, რომელიც ისტორიულად, ბავშთან ურთიერთობაში, მშობლების მთავარი საყრდენი იყო? იქნებ ეს ხმა უსასრულო ნიუს ფიდის სქროლვის დროს მისუსტდა და მოგუდულ ბუტბუტად გადაიქცა, რომელიც ჩვენს პირად ვირტუალურ ინფერნოში სულ უფრო რთულად აღწევს?

რთულია ჯანსაღი ინსტინქტების შენარჩუნება რეალობაში, რომელიც დღითიდღე სცილდება ადამინის ევოლუციურ ნორმას. ისტორიის განმავლობაში საზოგადოებრივი ქსოვილი იყო ბევრად მჭიდრო, ნაკლები დოზით არსებობდა როგორც ფიზიკური (გამონაბოლქვი, მძიმე მეტალები საკვებში, ჰაერში) ასევე მენტალური (სტრესი, დეპრესია, ფსიქოლოგიური აშლილობები) დაბინძურება. თუ ადრე მთავარი ამოცანა საკვების მოპოვება იყო და არავინ ინტერესდებოდა სტაფილოს მოყვანის სპეციფიკითა ან დაკლული ძროხის დიეტით, დღევანდელ ტოქსინებით გაჯერებულ გარემოში მეტი შანსია უხარისხო საჭმელმა მოგკლას, ვიდრე შიმშილმა. თუ ადრე დედის მთავარი ამოცანა იყო შვილები გამოკვებილი და ჩაცმულ-დახურული ჰყოლოდა, დღეს ამ საზრუნავს ემატება გაუთავებელი ომი აიპედებთან, კომპიუტერებთან, ქრონიკულ დროის დეფიციტსა და მრავალ სხვა ფაქტორთან. 

ასეთ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის გარემოს სისტემატური წმენდა. უნდა შეგვეძლოს ბავშვისთვის როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ფაქტების იდენტიფიცირება, უნდა გვესმოდეს რა წარმოადგენს ადამიანის განვითარებისთვის დადებით და ხელის შემშლელ პირობებს. მითუმეტეს დღეს,როდესაც მსგავსი ინფორმაცია, ნებისმიერ ენაზე ძალიან მარტივადაა ხელმისაწვდომი. 

ამ ყოველივეს ფონზე მაინც ჩნდება კითხვა: თუ ბავშვთა აღზრდის ფსიქოლოგია ასეთი განვითარებული და ხელმისაწვდომია, რატომ იზრდება გლობალური მაჩვენებლები მოზარდთა მენტალური ავადობების შესახებ? პასუხს შემდეგ პუნქტამდე მივყავართ.

  1. გჯეროდეს საკუთარი თავის

იშვიათად მოიძებნება ახალბედა დედა, რომელსაც სანათესაო, სამეგობრო და ზოგადად, ფართო საზოგადოება არ ბომბავს გაუთავებელი რჩევებით: ბავშვი ზურგზე არ დააწვინო, ხელში არ აიყვანო, ხშირად გყავდეს ხელში, დასვი, ააყენე, გადააყენე და ასე უსასრულოდ. ეს ხანდახან საჭირო, მაგრამ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაბნეველი ინფორმაცია თავ-გზას აუბნევს ნებისმიერ ადამიანს, აღარ ვლაპარაკობ დასტრესილ დედაზე. 

უძირო საინფორმაციო ოკეანეში გზის გაკვლევა უნდა შევძლოთ და კომპასი, რომელიც სწორ დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანს ყოველთვის ერთია – მშობლის ინტუიცია. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად, ერთი შეხედვით, საიმედო წყაროდან მოდის რჩევა. არც ისე დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ბავშვის აღზრდის ბარბაროსული მიდგომები იყო გაბატონებული. მაშინდელი ფსიქოლოგები დედებს არიგებდნენ ხელში არ აეყვანათ შვილები, მტირალა ჩვილი დაეიგნორირებინათ და თავი შეეკავებინათ მისდამი ყოველგვარი სითბოს გამოხატვისგან. ამგვარად, ბავშვი არ გათამამდებოდა და ძლიერ, დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბდებოდა. ცხადია, რომ ათწლეულების შემდეგ ეს მიდგომა არა მარტო ბათილად, არამედ ბავშვის ფსიქიკისთვის სერიოზული ზიანის მომტანად შეირაცხა.

 ამგვარად, ტრენდები იცვლება, მაგრამ საღი აზრი რჩება. თუ მთელი სხეული გკარნახობს, რომ აღრიალებული ორი თვის ბავშვი უნდა ჩაიხუტო და დაამშვიდო, ასეც უნდა მოიქცე. ინფორმირებულობა და განათლება მაშინაა შედეგიანი და ეფექტური, როცა დედურ ინტუიციასთან მოდის თანხვედრაში. ჰაერში გამოკიდებული თეორეიები ვერ იძლევა სათანადო პასუხებს. 

  1. შეგიძლია თქვა “არა”

ჩემი სათქმელი მინდა პრაქტიკული საკითხით დავასრულო, რომელიც დროის სწორად განაწილებას უკავშირდება. 

ცხოვრება ბავშვამდე და ბავშვის შემეგ იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ხშირად გვიჭირს ერთი ეტაპიდან მეორეში  გადაბიჯება. მცირეწლოვანი ადამიანის მოვლა წარმოუდგენლად დიდ ფიზიკურ რესურსს გვართმევს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პირადი განტვირთვისთვის მოპოვებული წუთები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაქსიმალურად დადებითად გამოვიყენოთ. უნდა შევძლოთ უარის თქმა შხამიან ურთიერთობებზე, რომელიც გვფიტავს და საქმიანობებზე, რომელიც ნაკლებად გვეხმარება ემოციურ ვენტილაციაში. 

ვის რა გვახარებს… საყვარელი საქმიდან დაწყებული, ბუნებაში გასერნებით დამთავრებული, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც თვითრეალიზაციის, სიმშვიდის, ხალისის ან რაიმე სხვა დადებითი განცდით გვტვირთავს.  

ცხადია, უსიამოვნო ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ვერ გავექცევით, მაგრამ სწორად განკარგული პირადი დრო გვაბედნიერებს. ხოლო თავის მხრივ, არაფერი ახარებს ჩვენს შვილებს ისე, როგორც ბედნიერი მშობელი. 

ავტორი : ეკა ლოლაშვილი