Night mode

რის ცოდნას ვისურვებდი, სანამ მამა გავხდებოდი

რის ცოდნას ვისურვებდი, სანამ მამა გავხდებოდი
ფონტის ზომა

ახალბედა მშობლებს ერთი რამ აქვთ საერთო: მათ არ იციან ის, თუ რა არ იციან. ამას მხოლოდ გამოცდილება და შვილთან გატარებული დრო ხდის ცხადს. სწორედ ამ გამოცდილების ფონზე გროვდება შემდგომ ის ინფორმაცია, რომელზეც ბევრი მშობელი იტყვის ხოლმე: “ნეტავ მცოდნოდა..” 

იმისთვის, რომ ახალბედა მამებს მამობის მომავალი გზა გაგიმარტივოთ და გაგამხნევოთ, ჩვენ რამდენიმე გამოცდილ მამას გავესაუბრეთ, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს, მოგვიყვნენ, თუ რა ხდის ზოგადად, მამაშვილობის პროცესს მაგიურს, რა რჩევებს მისცემდნენ ახალბედა მამებს და გაგვიზიარეს თავიანთი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მამა

მირიან ჯუღელი

ძალიან ჯადოსნური რამეა მამობაამ პროცესში ყველაზე საოცარი ის მომენტია, როდესაც საკუთარ თავს ეკითხები: ჩვენ ორში მამა რომელიამე თუ ჩემი შვილი ? ასეთ დროს ადამიანი ხვდება, რომ ის ნამდვილად გაიზარდა, თუმცა ამ გაზრდასთან ერთად, ის ასევე აცნობიერებს, რომ სინამდვილეში არც გაზრდილა, ისევ ის ბავშვია, რომელსაც თავის თანატოლისგან, სხვა ბავშვისგან ბევრი შეუძლია ისწავლოს; მამობა ძალიან ჯადოსნური გამოცდილებაა, ამ დროს გგონია, რომ ყველაფერს მიაღწიე, იმ წესის თანახმად ხეც დარგე, სახლიც ააშენე და ბავშვიც გყავს, მაგრამ უეცრად შენ თვითონ ხდები ბავშვი, ისევ გინდა, იატაკზე დაწვე და მანქანებით ითამაშო, ისევ გინდა, ვიღაცამ გითხრას ქუდი დაიხურე, ისევ გინდა, კარტის თამაშისას ვინმეს მოატყუო, რამე წესი დაარღვიო, გვიანობამდე არ დაიძინო, ბავშვობის მულტფილმებს მიუბრუნდე შენს შვილთან ერთად და აჩვენო, რაზე გაიზარდე.

მგონია, რომ ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც მამას შეუძლიამაქსიმალური დროის დათმობაა მისთვის, რადგან თითოეული მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია; ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, იცვლებიან.. ისეთები, როგორებიც გუშინ იყვნენ, ხვალ აღარ იქნებიან და ეს თითოეული წუთი ძალიან ფასეულია. ასევე, ყველა მამას ვთხოვდი, არასდროს დაავიწყდეს, რომ თავად იყო ბავშვი და თავადაც ძალიან ადრეული ასაკიდან ჰქონდა თავის მოსაზრება ცხოვრებაზე, ამიტომაც, ამ მოსაზრებებს ნუ შეუზღუდავენ შვილებს. ალბათ, ყველაზე დიდი რამ, რაც მშობელს შეუძლია, შვილს მისცეს, სწორედ ეს თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობაა, აზროვნების, როდესაც ბავშვი ხშირად კითხულობსრატომდა ჩვენ, როგორც მშობლები, ყოველთვის ვპასუხობთ არაიმიტომ“, არამედ დასაბუთებულად, ისე, როგორც ზრდასრულს ავუხსნიდით რამეს

ბედნიერი ვიქნები და ვიტყვი, რომ კარგი მამა ვიყავი, თუკი ჩემი შვილი იქნება თავისუფალი, მოაზროვნე, მას არ მოერიდება კითხვების დასმა, მას ეყვარება ადამიანები, მუდმივად შეეძლება უფრო მეტი გასცეს, ვიდრე მიიღოს და უბრალოდ იქნება ბედნიერი იმით, რაც ექნება.

რობი გეთიაშვილი

მამად და ზოგადად მშობლად ყოფნის მთავარი საოცრება ცხოვრების ახლებურად დანახვაა, როგორადაც მანამდე ვერ წარმოიდგენ; მამობის დროს პრაქტიკულად ყველაფერი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. სახლში საერთოდ სხვა აურა დგება და ცელქობისგან მშვიდად ჩაძინებულ შვილს რომ უყურებ, ხვდები, რომ შეგიძლია არ დაიღალო, არ მოიწყინო, არ გტკიოდეს, არ გეშინოდეს შვილის გამო

გადამწყვეტი არ არის, რამდენ დროს ატარებ შვილთან, მთავარია ეს გატარებული დრო იყოს ხარისხიანი და არამოვალეობის მოხდა. კარგი მაგალითები უნდა ვიყოთ შვილებისთვისისინი პირდაპირი კომუნიკაციის გარეშეც სწავლობენ ჩვენგან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი მუდმივად სამყაროს შემეცნების პროცესშია და გადამეტებული ცელქობა იქნება ეს, თუ რამის გაფუჭება, ასეთ შემთხვევებში ჩვენთვის გამოსავალი არ უნდა იყოს დასჯა. ყველაფრის ახსნა შეიძლება მშვიდად და ეს ერთერთი ყველაზე საინტერესო და გასართობი მომენტი ხდება, ვინაიდან ბავშვებს არასოდეს ელევათჩამჭრელიშეკითხვები.

ყველა ადამიანი ინდივიდია და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ეს თანდაყოლილი ინდივიდუალიზმი შევანარჩუნებინოთ; შემდგომში ეს თავად გვიბიძგებს იმ უნიკალური კომუნიკაციის გზებისკენ, რაც ყველაზე მეტ ბედნიერებას მოიტანს მამაშვილის ურთიერთობაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ თვითონ ვართ ბავშვები, რაც სხვადასხვა პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი ცხოვრების გამო გვავიწყდება. თუ ბავშვს თავზე არ მოვახვევთ ჩვენს წესებს და მის ფანტაზიას მივენდობით, ის აუცილებლად იპოვის შეხების წერტილებს ჩვენს ბავშვურ ბუნებასთან და შემდეგ ყველაფერი თავისით დალაგდება.

ირაკლი ბაკურიძე

უყურო ახალი ადამიანის გაზრდაჩამოყალიბებას და ამ პროცესში მიიღო მონაწილეობავფიქრობ, ესაა მამობაში ყველაზე საინტერესო. გაიცნო საინტერესო პიროვნება, გადასცე მას ყველა იდეა, რომელსაც ფასეულად და მნიშვნელოვნად მიიჩნევ, იცხოვრო მის გვერდით და როგორც სელინჯერის რომანშია, კლდის პირას, უფსკრულთან, ხელი შეაშველო. დააკვირდე, როგორ განსხვავდება შენგან, ზოგჯერ როგორ გიჯანყდება, თავისი გზით სვლას ცდილობს, და მისცე ამ სვლის საშუალება

თავიდანვე ყველას უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ მამობა რთული, შრომატევადი, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი საქმეა. თუ კარგი მშობლობა გინდა, იოლად ვერ გამოძვრები. ვფიქრობ, საჭიროა, პირველივე დღიდან ჩაერთონ მამები ყველაფერშიდაესწრონ ბავშვის დაბადებას, აკეთონ ყველა რუტინული საქმე, მხოლოდ კი არ უკითხონ და ეთამაშონ, პამპერსიც უცვალონ, ჩაბანონ კიდეც, ნარწყევიც მოუწმინდონ და ტანსაცმელიც დაურეცხონ. როცა ამ არსებას შენ არ აჩენ, ძნელია მაშინვე როლში შესვლა, ბავშვის რეგულარულად მოვლა და მასზე ზრუნვა კი ძალიან ეხმარება მშობლობის როლის, პასუხისმგებლობის გათავისებაში. როცა მაშინვე იწყებ ზრუნვას, უფრო ადვილად უახლოვდები შენს შვილს, უფრო იოლად ირგებ მამობას

და მაინც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია: იზრუნო შვილზე ისე, რომ მას შენი მოლოდინები არ მოახვიო თავს, გიყვარდეს და იღებდე ზუსტად ისეთს, როგორიც არის და არა ისეთს, როგორიც შენ გსურს, რომ იყოს; უსმენდე მუდამ და ურჩევდე კიცხვის, განსჯისა და დაყვედრების გარეშე, იყო მისი მეგობარი და მესაიდუმლე. კარგი მამობა ნიშნავს კარგ, უკეთეს ადამიანობას. იყო მამა, უკვე ძალიან დიდი პატივია და სიყვარულით და მზრუნველობით გატარებული ყოველი დღე უკეთეს ადამიანებად გვაქცევსასე მჯერა!

ლუკა ღუღუნიშვილი

სანამ ბავში არ გაჩნდება და მასთან არ დაამყარებ სულიერ კონტაქტს, ვერ მიხვდები რაზე აწერ ხელს. ამიტომაც, ემოციურად ვერანაირად მოემზადები მამობისთვის.

ისე კი, მამობა ერთი დიდი ჯადოსნური თავგადასავალია. მგონი რაღაცნაირად კოსმოსში მოგზაურობას ჰგავს. ხომალდს, სადაც მშობლები პილოტები არიან და თავის შვილთან ერთად მიემგზავრებიან ახალი პლანეტების აღმოსაჩენად. ეს მთელი თავგადასავალი საინტერესო აღმოჩენებით არის სავსე, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლებისთვის.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, მივცე ჩემს შვილს თავისუფლება და მასთან ერთად სწორი ბიძგები; საინტერესო კუთხით დავანახო მოვლენები, მთლიანად ჩვენი სამყარო და პოზიტიური როლი ვითამაშო მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რაც მომავალში უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ სწორად წარმართოს თავისი ცხოვრება.

გიორგი ლიპარიშვილი

მეც ახალბედა მამა ვარ. მისი სიცოცხლის ჩასახვიდან ჯერ სულ სულ 9 წელია გასული.

ძალიან ბევრ კარგ გრძნობას, ამბავს აერთიანებს ეს მამობა. ოჯახიცაა, მეგობრობაც, პროფესიაც, თავდავიწყებაც, საკუთარი თავის აღმოჩენაც, სამყაროს სხვა თვალით დანახვაც, რომელსაც, სიხარულთან ერთად, სირთულეებიც ახლავს. მუდმივი გამოცდილებაა. თითქოს თავიდან იბადები, შვილთან ერთად მეორედ გადიხარ ბავშვობის დავიწყებულ წლებს. თუ სარკეში არ ჩაიხედავ, შენც ბავშვი ხდები. ეს შვილმამობაა. ბავშვობაში დაბრუნება, დროის გადახვევა, საკუთარი ბავშვობის გახსენებაც და ახალი, დამოუკიდებელი სიცოცხლის აღიარებაც.

დროსთან ერთად, გამოცდილებაც სხვდასხვაგვარია, იზრდება ასაკთან, ქცევასთან ერთად. რაღაცებს უკან ვეღარ ახვევ, რაღაცები უნდა მოვასწროთ, იმ ჭკვიანი კაცის ნათქვამივით: „დავიჭიროთ წამი“. ხელში სულ ვერ ავიყვანთ შვილს, მალე გადიდდება. თამაშების სწავლაც. სამყაროს აღმოჩენების შესწრებაც ძალიან მაგარია, ცაზე რომ პირველად მთვარეს აღმოაჩენს და ამბავს იკითხავს. თავისი ენა რომ აქვთ, თავისებურ პირდაპირ, გულწრფელ კითხვებს რომ სვამენ, პირველ წიგნს რომ კითხულობენ, როგორ მიდიან წიგნის სიყვარულამდე, ამას გავუფრთხილდეთ, ამ ამბების მონაწილეები გავხდეთ, პირველი სიხარულის გამნაწილებლები.

კარგი მამა ხარო რომ მეუბნებიან, სულ ვიბნევი. სულ უკმარისობის გრძნობა მაქვს, როგორც ბავშვს უნდა გაზრდააღზრდა, ისე გვინდა მამებსაც. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, გასათვალისწინებელი, ერთმანეთისთვის გასაზიარებელი, მოსაყოლი. რომ მართლა გავკარგდეთ. მხოლოდ სხვების დასანახად კი არა, შვილებთან საურთიერთოდ. შვილებთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. ბავშვებისთვის დრო არ არსებობს და მათ უდროობაში უნდა გამოვნახოთ ჩვენი დრო რომ გავახაროთ, მოვუსმინოთ, თავი მნიშვნელოვან ადამიანებად ვაგრძნობინოთ, ვეთამაშოთ, მოვუაროთ, ვიზრუნოთ და საოჯახო საქმეებიც გადავინაწილოთაი მერე, გავხდებით კარგი მამები, მაგრამ თვალის მოხუჭვის დრო მაინც არ გვექნება. მუდმივი სიფხიზლე, შვილთან ურთიერთობაში ჩართულობაა აუცილებელი, რომ შვილები დამოუკიდებლობას, ღირსებას, ცხოვრებაში გამოსაყენებელ სწორ უნარჩვევებსა და ცოდნასთან დავაკავშიროთ . გრძელვადიანი პროფესიაა, ბედნიერების მაძიებელი და მომპოვებელი პროფესიაშვილმამობა.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე